ინეს დე კასტრო
ინეს დე კასტრო (ესპ. Inés de Castro, პორტ. Inês de Castro; დ. 1325 — გ. 7 იანვარი, 1355) — წარმოშობით გალისიელი დიდგვაროვანი, რომელიც ისტორიაში შევიდა თავისი მეტად სკანდალური რომანითა და ქორწინებით პორტუგალიის მეფე პედრუ I-თან. მართალია პედრუ და ინესი დაქორწინდნენ და სამი შვილიც შეეძინათ, თუმცა პედრუს არ ყოფნისას მათი ქორწინების მოწინააღმდეგე მამამისმა, მეფე აფონსუ IV-მ ინესი მოკლა, უკან დაბრუნების და გამეფების შემდეგ, პედრუმ იგი სასახლიდან ამოასვენებინათ, ტახტზე დააბრძანა, დედოფლად გამოაცხადა და აიძულა ყველა მისთვის თაყვანი ეცათ. ამგვარმა ტრაგედიამ მას სახელი გაუთქვა, რამაც ზენიტს რომანტიზმის ხანაში მიაღწია, როდესაც პორტუგალიის მკვდარ დედოფალზე უამრავი ნაწარმოები შეიქმნა.
ინეს დე კასტრო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1325 გალისია, ესპანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
7 იანვარი, 1355, (29-30 წლის) კოიმბრა, პორტუგალია |
დაკრძალულია | ალკობასის მონასტერი, ალკობასა, პორტუგალია |
ეროვნება | ესპანელები |
წოდება | პორტუგალიის დედოფალი (გარდაცვალების შემდეგ) |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | პედრუ I, პორტუგალიის მეფე |
შვილ(ებ)ი |
ჟუანი, ვალენსიის ჰერცოგი დინიში, სიფუენტეს სენიორი ბეატრიზი, ალბუკერკეს ჰერცოგინია |
მშობლები |
მამა: პედრო ფერნანდეს დე კასტრო დედა: ალდონკა ლურენსო დე ვალადარესი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაინესი დაიბადა 1325 წელს გალისიაში, კასტილიის სამეფოს დასავლეთში. იგი იყო ლემოსისა და სარიის ძლევამოსილი ბატონის, პედრო ფერნანდეს დე კასტროსა და მისი ცნობილი პორტუგალიელი საყვარლის, ალდონკა ლურენსო დე ვალადარესის უკანონი ქალიშვილი. შესაძლოა ითქვას, რომ იგი კასტილიური და პორტუგალიური ნაღები საზოგადოების შთამომავალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ შობილი იყო, ფუფუნებაში იზრდებოდა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მისი დედინაცვალი თვით პორტუგალიის მეფე აფონსუ III-ის შვილიშვილი ბეატრიზ პორტუგალიელი იყო. მამის მხრიდან იგი კასტილიისა და ლეონის მეფე სანჩო IV-ის უკანონო ქალიშვილის, უსეროს გრაფინია ვიოლანტ კასტილიელის შთამომავალი იყო. მისი დიდი ბაბუა ლეონის მეფე ალფონსო IX-ის ვაჟი იყო.
ინეს დე კასტრო პორტუგალიაში 1340 წლიდან გადასახლდა, როდესაც იგი სეფექალად გააყოლეს პორტუგალიის მომავალ დედოფალ კონსტანსია კასტილიელს, რომელიც მომავალ მეფე პედრუ I-ზე დასაქორწინებლად მიდიოდა. პრინც პედრუს დანახვისთანავე შეუყვარდა ინესი, თუმცა კასტილიასთან უკვე დაწყებულ საქორწინო მოლაპარაკებებს ვეღარ ჩაშლიდა. მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა კონსტანსიაზე ქორწინება, თუმცა ინესის საყვარლად გახდომა მოისურვა. თავად მამამისს, პორტუგალიის მეფე აფონსუ IV-ს არ მოსწონდა ინესი, მას უწესო ქალს უწოდებდა და შვილს მისგან თავის შორს დაჭერას ურჩევდა, თუმცა იგი მას არ უჯერებდა.
კონსტანსია კასტილიელი 1345 წელს ისე გარდაიცვალა, რომ ტახტზე ასვლა ვერ მოასწრო. აფონსუ IV-მ თავისი ვაჟისათვის ხელმეორედ დასაქორწინებლად ახალი მოლაპარაკებები წამოიწყო უცხოელ მონარქებთან, თუმცა თავად პედრუს, პორტუგალიის დედოფლად მხოლოდ ინესი წარმოედგინა. პედრუს ამ დროისათვის პირველი ცოლისგან უკვე ჰყავდა შვილები და მემკვიდრეები, მაგრამ შვილების გაჩენას ინესთანაც გეგმავდა. ყოველივე ეს ცხადია მეფე აფონსუმ შესანიშნავად იცოდა, რის გამოც კონსტანსიას გარდაცვალების თანავე მან ინესი სამეფო კარიდან გააძევა, თუმცა პედრუ თავის ნამდვილ სიყვარულად მაინც ინესს ასახელებდა. ამას ცხადია პორტუგალიელი დიდებულების შეშფოთებაც ახლდა თან, რაც კასტილიასთან ჩაშლილი ალიანსით იყო გამოწვეული. 1346 წელს ინესმა და პედრუმ მალულად დაიწერეს ჯვარი და პრინცმა თავისი ახალი ცოლი სამეფო კარზე გადაიყვანა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების დროს, წყვილს ოთხი შვილი გაუჩნდა, რომელთაც ყველა უკანონოდ ნათლავდა და ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრეებად მაინც კონსტანსიას ვაჟს ასახელებდნენ. უკვე 1354 წლის 1 იანვარს, ქალაქ ბრაგანსაში შედგა ინესისა და პედრუს ნამდვილი და ოფიციალური ქორწინება.
აფონსუ IV ყველანაირად ცდილობდა ახალი რძლის თავიდან მოშორებას, რის გამოც მან მისი მკვლელობა რამდენჯერმე დაუკვეთა, თუმცა ყველა მცდელობა კრახით სრულდებოდა. ამის გამო, მეფე მიხვდა, რომ ფარული ინტრიგებით არაფერი გამოდიოდა და პირდაპირ საქმეზე უნდა გადასულიყო. 1354 წლის ბოლოს, აფონსუმ ქალაქ კოიმბრას სანტა კლარა-ა-ველას ტაძარში გააგზავნა პერო კოელო, ალვარო გონსალესი და დიეგო ლოპეს პაჩერო, რომლებმაც ინესი აქ დააპატიმრეს და მეფეს მიჰგვარეს. ალფონსო IV-ის ბრძანებით, 1355 წლის 7 იანვარს, ინეს დე კასტრო პირდაპირ მისი მცირეწლოვანი ვაჟის თვალ წინ გამოასალმეს სიცოცხლეს. ამ ამბიდან ორ წელიწადში, 1357 წელს აფონსუ IV გარდაიცვალა და ტახტზე პედრუ I ავიდა (რომელიც ამის შემდეგ აღარ დაქორწინებულა). მან 1361 წელს სიკვდილით დაასჯევინა ინესის მკვლელები და „მისი გულის განადგურების სანაცვლოდ“ მეფემ მკვლელებს გულები ამოაცალა.
ამის შემდეგ, პედრუმ განაცხადა, რომ იგი ინესზე იყო დაქორწინებული და მაშასადამე ინესი პორტუგალიის ლეგიტიმური დედოფალი იყო. ამ ყოველივეს შემდგომში დიდი არეულობა მოჰყვა. როდესაც პედრუსა და კონსტანსიას ვაჟი, მეფე ფერნანდუ I უშვილოდ დაიღუპა, ტახტზე პრეტენზია განაცხადეს ინესის ვაჟებმაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი პედრუს ლეგიტიმური მემკვიდრეები იყვნენ, რის გამოც ინესის უფროსი ვაჟი, ჟუანი 1383-85 წლებში პორტუგალიას მართავდა, თუმცა იგი საბოლოოდ მაინც დამარცხდა და ტახტზე პედრუ I-ის მეორე ვაჟი, ჟუან I ავისი ავიდა, რომელიც მას კიდევ ერთი სხვა ქალისგან ჰყავდა.
ზოგიერთი ისტორიული წყარო ამბობს, რომ პორტუგალიის ტახტზე ასვლის შემდეგ, პედრუ I-მა ინესის სხეული სასახლიდან ამოასვენებინათ, დედოფალივით გამოაწყო, სადედოფლო ტახტზე დასვა, გვირგვინი დაადგა და აიძულა სრულიად არისტოკრატია იგი თავიანთ დედოფლად ეღიარებინათ და თაყვანი ეცათ მისთვის. ამ დროის მატიანე ამ ფაქტზე ასეთ რამეს წერს:
„მეფემ თავის საყვარელ ინესის სხეული ამოათხრევინათ, ტახტზე დასვა, გვირგვინითა და სამეფო სამოსელით შეამკო და სამეფო არისტოკრატიას, მისი დედოფლად ცნობა აიძულა, რაც მას ცხოვრებაში არ ღირსებია...“
|
ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი აცხადებს, რომ გარდაცვლილი ინესის დედოფლად კურთხევის ამბავი უბრალოდ მითია და იგი მხოლოდ 1577 წელს გაჩნდა. ასე იყო თუ ისე, ინესი კოიმბრადან მაინც გადაასვენეს და იგი დღეისათვის ალკობასის მონასტერში განისვენებს. იგი პედრუს აკლდამის პირდაპირაა დაკრძალული, მარმარილოს კუბოში. მათი საფლავების თავზე მათივე გამოსახულების ქანდაკებებია აღმართული, რაც პედრუს უკანასკნელი სურვილი იყო, რომელსაც სურდა, რომ მას და ინესს სამუდამოდ ეყურებინათ ერთმანეთისთვის.
ინესის სახე ლიტერატურასა და მუსიკაში
რედაქტირებაინეს დე კასტროს მეტად ტრაგიკულმა ისტორიამ დიდი გავლენა იქონია უამრავი პორტუგალიელი თუ ესპანელი ხელოვანის შემოქმედებაზე. პორტუგალიელმმა მწერალმა ლუიშ დე კამოესმა, ამ თემაზე დაწერას პოემა ლუზიადასი. გარდა ამისა, 1577 წელს ესპანელმა მწერალმა ხერონიმო ბერმუდესმა დაწერა თავისი ლეგენდარული დრამა „კარგი ბედის საბრალო ლაურიატი“. ესპანელმა დრამატურგმა ლუის ვალეს დე გევარამ ამ თემაზე დაწერა პიესა „გარდაცვლილი დედოფალი“, რომელიც 1826 წელს დიდი წარმატებით დაიდგა პარიზის სამეფო თეატრში, სადაც ინესის როლი გენლის გრაფინია სტეფანია დიუ კრეზმა ითამაშა. ამის შემდეგ, ამ სპექტაკლით მონუსხულმა ფრანგმა მხატვარმა ანრი დე მონერლანმა შექმნა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ტილო, სახელად „მკვდარი დედოფალი“. ინგლისელმა ფემინისტმა მწერალმა მერი რუსელ მიტფორდმა დაწერა დრამა „ინეს დე კასტრო“. იმავე სახელწოდების ნოველა აქვს შექმნილი ესპანელ ნოველისტ მარია პილარ დელ იეროს.
1828 წელს, ნიუ-იორკის თეატრში პირველად დაიდგა ფელიცია ჰემანის პოემა „ინეს დე კასტროს კორონაცია“.
იგი ასევე მთავარი გმირია ეზრა პონდის წიგნ „კასტროებში“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მასზე და მის ტრაგიკულ ბედზე 20 ოპერა და ბალეტია შექმნილი. მხოლოდ XVIII-XIX საუკუნეებში, მასზე ხუთი ოპერა დაიწერა:
- 1790 წელს, ჰანოვერში, ბერნჰარდ ვებერმა დაწერა ოპერა „ინეს დი კასტრო“;
- 1798 წელს, ნიკოლო ანტონიო ცინგარელმა დაწერა ოპერა „ინეს დი კასტრო“;
- 1831 წელს, უოლტერ ლანდონმა დაწერა ოპერა „ინეს დე კასტრო“;
- 1835 წელს, ჯუზეპე პერსიანმა და სალვადორე კამარანომ ერთობლივად შექმნეს ოპერა, სახელად „ინეს დე კასტრო“;
- 1842 წელს, ლისაბონში, პიეტრო ანტონიო კოპოლამ დაწერა ოპერა, სახელად „ინეს დი კასტრო“;
უახლეს დროშიც კი, ინეს დე კასტროზე ოპერული ნაწარმოებების შექმნა კვლავ გრძელდება, როგორებიცაა:
- ოპერა „ინეს დე კასტრო“, რომელიც შოტლანდიელმა კომპოზიტორმა ჯეიმზ მაკმილანმა დაწერა და რომელიც დიდი წარმატებით დაიდგა 1996 წელს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე;
- ოპერა „ბრაზი“, რომელიც შვეიცარიელმა კომპოზიტორმა ანდრეა ლორენცო სკარტაზინმა. იგი 2006 წლის 9 სექტემბერს დაიდგა გერმანიის ქალაქ ერფურში, რისთვისაც მან მსოფლიო პრემია მიიღო;
- ოპერა „ინეს დე კასტრო“, რომელიც ამერიკელმა კომპოზიტორმა თომას პასატიერმა დაწერა და რომლის პრემიერაც 1976 წელს შედგა ბალტიმორის ოპერაში;
- ოპერა „ინესი“, რომელიც კანადელმა კომპოზიტორმა ჯეიმზ როლფმა დაწერა, რომლის პრემიერაც 2009 წელს შედგა ტორონტოს სადედოფლო ოპერაში;
ამ ყველაფრის გარდა, პორტუგალიელმა კომპოზიტორმა პედრუ კამაჩომ (დაბადებული 1976 წელს) ინესის ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწერა რეკვიემი, რომლის პრემიერად 2012 წლის 28 ოქტომბერს შედგა ქალაქ კოიმბრას ახალ კათედრალში. ასევე პორტუგალიელმა კომპოზიტორმა კრისტოფერ ბოშმანმა მისი გარდაცვალებიდან 650 წლის იუბილის აღსანიშნავად დაწერა ოპერა „სხეული და სული“, რომელიც ინესის საფლავთან შესრულდა.
შვილები
რედაქტირებაინეს დე კასტროსა და პედრუ I-ს ოთხი შვილი შეეძინათ, რომელთა ლეგიტიმაციაც 1361 წლის 19 მარტს მოხდა:
- ალფონსო, გარდაიცვალა დაბადებიდან მალევე;
- ბეატრიზი, ცოლად გაჰყვა ალბუკერკეს ჰერცოგ სანჩო ალფონსოს, რომელთანაც შეეძინა არაგონის დედოფალი ელეანორ ალბუკერკე, შემდგომში ესპანეთის გამაერთიანებელ ფერდინანდ II არაგონელის ბებია;
- ჟუანი, კამპოსა და ვალენსიის ჰერცოგი, 1383-85 წლებში, დიდი კრიზისის დროს მართავდა პორტუგალიას;
- დინიში, სიფუენტესის სენიორი;
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Suzanna Cornil, Inés de Castro, coll. Mémoires de la Classe des Lettres et des Sciences Morales et Politiques, tome 47, fasc. 2, Bruxelles, Académie royale de Belgique, 1952.
- Daniel Aranjo, « Inês de Castro, la Reine morte : mythe et réalité », Babel, no 27, 2013, p. 115–144 ISSN 1277-7897.
- Edgar Prestage, Il Portogallo nel medioevo, in Cambridge University Press - Storia del mondo medievale, vol. VII, pp. 576–610, Garzanti, 1999.