კონსტანსია არაგონელი

კონსტანსია არაგონელი (ესპ. Constanza de Aragón, უნგრ. Aragóniai Konstancia, გერმ. Konstanze von Aragón, იტალ. Constanza d'Aragona; დ. 1179— გ. 23 ივნისი, 1222) — ბარსელონას დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე ალფონსო II-ისა და დედოფალ სანჩა კასტილიელის ქალიშვილი. უნგრეთის დედოფალი 1198-1204 წლებში როგორც იმრე I-ის მეუღლე. სიცილიისა და გერმანიის დედოფალი, ასევე საღვთო რომის იმპერატრიცა როგორც ფრიდრიხ II-ის პირველი ცოლი.

კონსტანსია არაგონელი
უნგრეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1198
მმართ. დასასრული: 30 ნოემბერი, 1204
წინამორბედი: მარგარიტა ფრანგი
მემკვიდრე: გერტრუდა მერანიელი
სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 15 აგვისტო, 1209
მმართ. დასასრული: 23 ივნისი, 1222
წინამორბედი: სიბილა მედანიელი
მემკვიდრე: იზაბელა II იერუსალიმელი
გერმანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 5 ივლისი, 1215
მმართ. დასასრული: 23 აპრილი, 1220
წინამორბედი: მარია ბრაბანტელი
მემკვიდრე: მარგარეტ ავსტრიელი
საღვთო რომის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 22 ნოემბერი, 1220
მმართ. დასასრული: 23 ივნისი, 1222
წინამორბედი: მარია ბრაბანტელი
მემკვიდრე: იზაბელა II იერუსალიმელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1179
გარდ. თარიღი: 23 ივნისი, 1222, (42-43 წლის)
მეუღლე: იმრე, უნგრეთის მეფე
ფრიდრიხ II, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: ლასლო III, უნგრეთის მეფე
ჰაინრიხი, გერმანიის მეფე
დინასტია: ბარსელონელები
მამა: ალფონსო II, არაგონის მეფე
დედა: სანჩა კასტილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული წლები და უნგრეთის დედოფლობა

რედაქტირება

კონსტანსია დაიბადა 1179 წელს. იგი იყო არაგონის მეფე ალფონსო II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ სანჩა კასტილიელის ქალიშვილი. მამამისი 1196 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი უფროსი ძმა, პედრო II ავიდა, რომელმაც მალევე მისი გათხოვება გადაწყვიტა. მომდევნო წელს მან კონსტანსია უნგრეთის მეფე იმრეზე დანიშნა, რის გამოც მას არაგონის დატოვება მოუწია. იმრესა და კონსტანსიას ქორწინება 1198 წელს შედგა ბუდას სამეფო სასახლეში, რის შემდეგაც იგი უნგრეთის დედოფალი გახდა. 1200 წელს კონსტანსიამ პირველი შვილი გააჩინა, რომელიც ვაჟი აღმოჩნდა და ლასლო დაარქვეს (შემდგომში მეფე ლასლო III).

1204 წლის 26 აგვისტოს იმრემ ლასლო თავის თანამმართველად დაინიშნა. იმავდროულად, იმრემ თავის ძმას, ანდრაშს ერთგულების ფიცი დაადებინა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მის ვაჟზე იზრუნებდა. ამავე წლის 30 ნოემბერს იმრე გარდაიცვალა და ტახტზე მცირეწლოვანი ლასლო III ავიდა, რომლის რეგენტიც ანდრაშ უნგრელი გახდა.

ანდრაშმა დაარღვია დადებული პირობა და ტახტის ხელში ჩაგდება მოისურვა, რა დროსაც ლასლო და კონსტანსია ფაქტობრივად მისი ტყვეები გახდნენ. ტყვეობიდან თავის დასაღწევად კონსტანსიამ ვენაში გაქცევა მოისურვა.

დედა-შვილი წარმატებით ჩავიდა ვენაში, სადაც ისინი ავსტრიის ჰერცოგმა ლეოპოლდ VI-მ დიდი პატივით მიიღო, მაგრამ ჩასვლიდან მალევე, 1205 წლის 7 მაისს ლასლო გარდაიცვალა. ამის გამო უნგრეთის მეფე ანდრაშ II გახდა, რომელიც ძმისწულის გადმოსვენებამდე სასწრაფოდ ეკურთხა მეფედ სეკეშფეჰერვარში. ჰერცოგ ლეოპოლდის დახმარებით, დედოფალმა კონსტანსიამ მოახერხა უკან, არაგონში დაბრუნება.

საღვთო რომის იმპერატრიცა

რედაქტირება
 
კონსტანსია არაგონელის გვირგვინი, ინახება პალერმოს კათედრალში, იტალიაში

არაგონში დაბრუნებული კონსტანსია დედასთან, დედოფალ სანჩა არაგონელთან ერთად ცხოვრობდა ნუესტრა-სენიორას სააბატოში, ქალაქ სიხენაში, სამეფო კარიდან შორს. დაქვრივების შემდეგ სანჩამ ეს სააბატო თავისი ქმრის ხსოვნის უკვდავსაყოფად დააარსა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. კონსტანსიამ შემდგომი ხუთი წელი დედასთან ერთად სწორედ ამ სააბატოში განვლო, სანამ მისმა ძმამ მისი მეორედ გათხოვება არ მოისურვა.

პედრო II-ს რომის პაპ ინოკენტი III-სთან კარგი ურთიერთობა სჭირდებოდა, რადგან თავის ცოლთან, დედოფალ მარია მონპელიერთან განქორწინება სურდა, რისთვისაც პაპის ნებართვა იყო საჭირო. პაპმა განქორწინების სანაცვლოდ პედროს მისი დაქვრივებული დის, კონსტანსიას დაქორწინება მოსთხოვა საღვთო რომის ახალგაზრდა, უცოლ-შვილო იმპერატორ ფრიდრიხ II-ზე. პედრო ამ შეთავაზებას სიხარულით დასთანხმდა და 1208 წელს თავისი და სააბატოდან სამეფო კარზე გადაიყვანა. ამავე წელს, იგი სიცილიაში გადასახლდა, რის შემდეგაც იგი აღარასდროს დაბრუნებულა არაგონში და აღარც დედა უნახავს. მისი გამგზავრებიდან სულ მალე გარდაიცვალა სანჩა კასტილიელიც.

კონსტანსიასა და ფრიდრიხის ქორწინება 1209 წლის 15 აგვისტოს შედგა სიცილიის სამეფოს ქალაქ მესინაში. იმავე ცერემონიალზე შედგა კონსტანსიას სიცილიის დედოფლად კურთხევა. ამ დროს კონსტანსია უკვე 30 წლის იყო, ხოლო მისი ახალი ქმარი მხოლოდ 14-ის. ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ, 1211 წელს მან ვაჟი გააჩინა, რომელსაც ჰაინრიხი დაარქვეს.

1212 წლის 9 ოქტომბერს, ფრიდრიხი და კონსტანსია საღვთო რომის იმპერატორ ოტო IV-ის ხელშეწყობით ეკურთხნენ გერმანიის მეფე-დედოფლად. ამის შემდეგ ფრიდრიხი გერმანიაში გადასახლდა, მაგრამ დედოფალი კონსტანსია სიცილიაში დარჩა, რომელსაც რეგენტის სტატუსით მართავდა 1220 წლამდე.

1220 წლის 22 ნოემბერს, ოტოს გარდაცვალების შემდეგ, რომის პაპმა ჰონორიუს III-მ რომში ფრიდრიხი და კონსტანსია საღვთო რომის იმპერატორად და იმპერატრიცად აკურთხა. ამის შემდეგ კონსტანსია კვლავ სიცილიაზე დაბრუნდა, სადაც გარდაიცვალა 1222 წლის 23 ივნისს მალარიით. ამის შემდეგ ფრიდრიხი კიდევ სამჯერ დაქორწინდა იზაბელა II იერუსალიმელზე, იზაბელა ინგლისელსა და ბიანკა ლანჩიაზე, რომლებთანაც შეეძინა შვილები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Kamp, Norbert (1984). "Costanza d'Aragona, imperatrice, regina d'Ungheria e di Sicilia". Dizionario Biografico degli Italiani, Volume 30: Cosattini–Crispolto (in Italian). Rome: Istituto dell'Enciclopedia Italiana.
  • Jacqueline Alio: Queens of Sicily 1061-1266, Trinacria, New York 2018.
  • Uwe A. Oster: Die Frauen Kaiser Friedrichs II, Piper Verlag, Munich 2008.
  • Ingo Runde: Konstanze von Aragón, in: Die Kaiserinnen des Mittelalters, hrsg. von Amalie Fößel, Pustet, Regensburg 2011, pp. 232–248.
  • Austin Lane Poole: Filippo di Svevia e Ottone IV, in: Storia del mondo medievale, vol. V, 1999, pp. 54–93.
  • E.F. Jacob: Innocenzo III, in: Storia del mondo medievale, vol. V, 1999, pp. 5–53.
  • Michelangelo Schipa: L'Italia e la Sicilia sotto Federico II, in: Storia del mondo medievale, vol. V, 1999, pp. 153–197.
  • Maria Amalia Mastelloni: Il sarcofago antico di Costanza d'Aragona, in Federico e la Sicilia, dalla terra alla corona. Arti figurative e arti suntuarie, a cura di M. Andaloro, Palermo 1995, pp. 46–52.