მარია ბრაბანტელი (1190-1260)
მარია ბრაბანტელი (ფრანგ. Marie de Brabant, გერმ. Maria von Brabant; დ. 1190 — გ. 1260) — რეჯინართა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის უკანასკნელი იმპერატრიცა ველფების დინასტიიდან 1214-1215 წლებში როგორც იმპერატორ ოტო IV-ის მეორე ცოლი.
მარია ბრაბანტელი | |
---|---|
საღვთო რომის იმპერატრიცა | |
მმართ. დასაწყისი: | 19 მაისი, 1214 |
მმართ. დასასრული: | 5 ივლისი, 1215 |
წინამორბედი: | ბეატრიქს შვაბიელი |
მემკვიდრე: | კონსტანსია არაგონელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1190 |
გარდ. ადგილი: | მაისი/ივნისი, 1260, (69-70 წლის) |
მეუღლე: |
ოტო IV, საღვთო რომის იმპერატორი ვილემ I, ჰოლანდიის გრაფი |
დინასტია: | რეჯინარები |
მამა: | ანრი I, ბრაბანტის ჰერცოგი |
დედა: | მაუდ ბულონელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია დაიბადა 1190 წელს ნიდერლანდებში. იგი იყო ბრაბანტის ჰერცოგ ანრი I-ისა და მისი ცოლის, მაუდ ბულონელის ქალიშვილი.
1198 წელს მარია საღვთო რომის იმპერატორ ოტო IV ბრაუნშვაიგელზე დაინიშნა, მაგრამ მამამისმა ტახტისათვის მიმდინარე ბრძოლის გამო ქორწინება გააჭიანურა. ხანგრძლივმა შესვენებამ გააღიზიანა ოტო და 1204 წელს მარიასთან არსებული ნიშნობა გააუქმა.
1212 წელს ოტო IV-მ ცოლად ბეატრიქს შვაბიელი შეირთო, რომელიც ქორწილიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მარიას მამამ სასწრაფოდ სცადა ოტოსთან მოლაპარაკებების განახლება, მაგრამ იგი ნაწყენი იყო, რადგან 1208 წელს ანრიმ მისი სიმამრი, ფილიპე შვაბიელი მოკლა და მისი მკვლელობაც სცადა. მიუხედავად ამისა, ოტომ ბრაბანტელებთან მოლაპარაკებები განაახლდა და 1214 წლის 19 მაისს, მაასტრიხტში იქორწინა მარიაზე.
მარია ცნობილი იყო თავისი დამოკიდებულებით აზარტულ თამაშებზე, რომლებშიც უმეტესწილად მარცხდებოდა. ამან დიდი დარტყმა მიაყენა იმპერატორის ხაზინას, რომელიც იმპერატრიცას ვალების გასტუმრებას ვერ აუდიოდა.
1215 წელს ოტო უშვილოდ გარდაიცვალა. 1220 წელს მარია მეორედ გათხოვდა ჰოლანდიის გრაფ ვილემ I-ზე. მარია ბრაბანტელისათვის მეორე ქორწინებაც ისეთივე უნაყოფო და ხანმოკლე აღმოჩნდა, როგორც პირველი. 1222 წელს ვილემი უშვილოდ გარდაიცვალა.
მეორე დაქვრივების შემდეგ იგი მშობლიურ ბრაბანტში დაბრუნდა, სადაც ცნობილი გახდა იმით, რომ დააარსა ცისტერციანელთა მონასტერი. იგი გარდაიცვალა 1260 წელს, ბრაბანტში, დაკრძალულია ქალაქ ლუვენის წმინდა პეტრეს სახელობის კათედრალში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Monika Escher, Frank G. Hirschmann: Maria von Brabant – die vergessene Kaiserin. Reichspolitik, Kulturtransfer und Urbanisierung. In: Blätter für deutsche Landesgeschichte, Bd. 137 (2001), S. 161–197. Online-Ausgabe bei der BSB
- Amalie Fößel: Beatrix von Schwaben und Maria von Brabant – die Frauen Ottos IV. In: Bernd Ulrich Hucker/ Stefanie Hahn/ Hans-Jürgen Derda (Hrsg.) Otto IV. Traum vom welfischen Kaisertum. Landesausstellung Niedersachsen 2009. Petersberg 2009, S. 229–236, ISBN 978-3-86568500-1