კომეტა

(გადამისამართდა გვერდიდან კომეტები)

კომეტა (ძვ. ბერძნ. κομήτης [komḗtēs] — „გრძელთმიანი“, „კუდიანი“) — ყინულოვანი, მზის სისტემის მცირე სხეული, „კუდიანი ვარსკვლავი“, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს ძალიან წაგრძელებულ ორბიტაზე. თითოეულ მათგანს აქვს „თავი“ და ერთი ან რამდენიმე გრძელი „კუდი“. თავი შედგება მკვრივი ბირთვისა და მის ირგვლივ არსებული ატმოსფერული გარსისაგან — კომასაგან. კომეტის გამოჩენას განაპირობებს მცირე ზომის გაყინული სხეულების მიახლოება მზესთან 4 ა. ე.-ზე უფრო ნაკლები მანძილით. მზის სხივებით გახურების შედეგად ეს სხეულები გამოყოფენ აიროვან და მტვრის ნაწილაკებს, რომელთაგანაც იქმნება კომეტის ატმოსფერო (უკანასკნელი კომეტის ბირთვთან ერთად ქმნის თავს). კომეტის ბირთვიდან უწყვეტად გამომდინარე მნათი აირი და მტვერი სინათლის წნევის ზეგავლენისა და მზისიერ ქართან ურთიერთქმედების შედეგად აიტყორცნება მზის საწინააღმდეგო მიმართულებით, რაც ერთ ან რამდენიმე კუდს წარმოქმნის.

1) კომეტა 9P/ტემპელი; გადაღებული დიიპ იმფაქთ ზონდით 67 წამის შემდეგ ამ მოწყობილობის მიერ გამოშვებულ იმპულსორთან შეჯახებიდან;
2) კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკო; გადაღებული როზეტას ზონდით;
3) კომეტა 17P/ჰოლმსი და მისი ლურჯი იონის კუდი; სამოყვარულო ფოტო, ხედი ტელესკოპით;
4) კომეტა 81P/ვილდ; გადაღებული სტარდასთის ზონდით;
5) კომეტა C/1995 O1 (ჰეილ-ბოპი); სამოყვარულო ფოტო;
6) კომეტა C/2011 W3 (ლავჯოი); გადაღებულია სკს-დან.

2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, აღმოჩენილია 6996 კომეტა, რომლებიც ხვდებიან მზის სისტემის შიდა ან პლანეტების რეგიონში.[1]

ხილული ნათების მიხედვით განარჩევენ კაშკაშა და მკრთალ კომეტებს. კაშკაშა კომეტები კარგად ჩანს შეუარაღებელი თვალით. მათი გრძელი კუდებით ზოგჯერ მთელი ცაა გადაკვეთილი. მკრთალი კომეტების დანახვა შეიძლება მხოლოდ ტელესკოპით. კომეტების თავები და კუდები სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის წარმონაქმნებია. ბირთვის დიამეტრი არ აღემატება რამდენიმე ათეულ კმ-ს, ზოგიერთი კომეტისთვის კი — რამდენიმე კმ-ს. თავის სიდიდე ზოგჯერ აღწევს 1 მლნ. კმ-ს, კუდისა — რამდენიმე ასეულ მლნ. კმ-ს. კომეტის მასა უმნიშვნელოა და თითქმის მთლიანად ბირთვშია თავმოყრილი. ყველაზე დიდი კომეტის მასა მილიარდჯერ მაინცაა ნაკლები დედამიწის მასაზე. მასის მიხედვით კომეტებს შუალედური მდგომარეობა უკავია მცირე ცთომილებსა (ასტეროიდებს) და მეტეორიტებს შორის.

ნომენკლატურა

რედაქტირება

საერთაშორისო შეთანხმებით თავდაპირველად კომეტები აღინიშნებიან აღმოჩენის შესახებ რიგის მიხედვით (მაგალიტად, 1915a, 1976c და ა. შ.). კომეტების ორბიტების საიმედო განსაზღვრის შემდეგ წინასწარი დროებითი აღნიშვნა იცვლება სიმბოლოთი, რომელიც შეიცავს წელს, პერიჰელიუმში კომეტის გავლის რიგით ნომერს (რომალური ციფრით) და აღმომჩენი (ან დამკვირვებლების) გვარს (მაგალითად, 1910 II ჰალეი).

კომეტის აგებულება

რედაქტირება

კომეტის აგებულება შესწავლილია ფოტომეტრიის, პოლარიმეტრიისა და სპექტრული ანალიზის მეთოდებით. ახლო კოსმოსურ სივრცეში ახდენენ შესაბამის ნივთიერებათა ინჟექციას ან სათანადო ექსპერიმენტებს ლაბორატორიებში. დადგენილია, რომ კომეტების ბირთვები შედგება წყლის ორთქლისა და გაყინულ მდგომარეობაში მყოფი ზოგიერთი სხვა ნაერთის ( ,   და სხვა), აგრეთვე მტვრისა და ქვის მსგავსი ნივთიერების ნარევისაგან. კომეტა შეიცავს, როგორც ნეიტრალურ ( ,  ,  ,  ,  ,  ,  ), ისე იონიზებულ ( ,  ,  ) მოლეკულებს, აგრეთვე ატომებს  ,   და  .

შესწავლის ისტორია

რედაქტირება

XVII საუკუნემდე არისტოტელეს მოძღვრების შესაბამისად, მიჩნეული იყო, რომ კომეტის წარმოქმნა და მოძრაობა დედამიწის ატმოსფეროში ხდებოდა. ფიქრობდნენ, რომ დედამიწის ზედაპირიდან დიდ სიმაღლეზე ადის სხვადასხვა აირი, ეს აირები შემდეგ ინთება და იწვის. პირველი სწორი მეცნიერული დასკვნა კომეტების შესახებ გააკეთა ტ. ბრაჰემ. მან დაამტკიცა, რომ კომეტა მთვარეზე შორსაა და ისეთივე ციური მნათობებია, როგორც მზე, მთვარე, პლანეტები და ა. შ.

კომეტის კუდების წარმოქმნის საკითხი XIX საუკუნის ბოლოს შეისწავლა თ. ბრედიხინმა, რომელმაც შექმნა კომეტის ფორმების მექანიკური თეორია. მზის უკუმგდები ძალის სიდიდის მიხედვით (ეს სიდიდე დამოკიდებულია ნაწილაკთა ზომაზე, სიმკვრივესა და ფორმაზე) თ. ბრედიხინმა კუდი დაყო 3 ტიპად. I ტიპის კუდებში უკუმგდები ძალა 10—100-ჯერ აღემატება მიზიდულობის ძალას. ასეთი კუდები თითქმის მზის საწინააღმდეგო მხარეს არიან მიმართული. ისინი ოდნავ იხრებიან იმ მხარეს, საიდანაც კომეტები მოძრაობენ. I ტიპის კუდები შედგება იონიზებული მოლეკულებისაგან და წარმოადგენს პლაზმას. II ტიპის კუდები წარმოიქმნება ისეთი უკუმგდები ძალის მოქმედებით, რომელიც რამდენჯერმე აღემატება მიზიდულობის ძალას. ასეთი კუდები უფრო ფართოა და მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მეტად არიან გადახრილნი. II ტიპის კუდები შედგება სხვადასხვა სიდიდის მტვრის ნაწილაკებისაგან. III ტიპის კუდებში უკუმგდები ძალა რამდენჯერმე ნაკლებია მიზიდულობის ძალაზე. ისინი მზე-კომეტის ბირთვის მიმართულებისადმი თითქმის პერპენდიკულარულად არიან განლაგებული. III ტიპის კუდები ბირთვიდან ერთდროულად გამოტყორცნილი მთლიანი ღრუბლებია; შედგება სხვადასხვა სიდიდის მტვრის ნაწილაკებისაგან. კომეტების ფორმათა წარმოქმნის თეორია განავითარა ს. ორლოვმა.

ზოგჯერ კომეტების ბირთვებიდან ამოიტყორცნება ისეთი ნაწილაკები, რომლებისთვისაც მზის მიზიდულობის ძალა ბევრად აღემატება უკუმგდებ ძალას. ამ დროს კომეტებს უჩნდება ე. წ. ანომალური კუდი, რომელიც მზისკენაა მიმართული. ზოგჯერაც დედამიწის, კომეტისა და მზის განსაკუთრებული ურთიერთგანლაგების გამო II ან III ტიპის კუდი ისე მოჩანს, თითქოს იგი მზისკენ იყოს მიმართული. ასეთ კუდს ფსევდოანომალური ეწოდება.

1939 წელს კომეტების მოძრაობა გამოიკვლია ი. ტარასაშვილმა. მან შეისწავლა კომეტების მოძრაობა მზის სისტემის განაპირა უბნებში და უჩვენა, რომ მზესთან კომეტის მიახლოებისას დიდი პლანეტების მიზიდულობის ძალის მოქმედებით ხდება მათი მოძრაობის შეშფოთება და უმრავლეს შემთხვევაში ელიფსური ორბიტების ჰიპერბოლურ ორბიტებად გარდაქმნა. მაშასადამე კომეტები თავდაპირველად მზის სისტემის წევრები უნდა ყოფილიყვნენ. საბჭოთა ასტრონომის ს. ვსეხსვიატსკის ჰიპოთეზის მიხედვით, კომეტები დიდ პლანეტებზე და მათ თანამგზავრებზე მძლავრ ვულკანურ ამოფრქვევათა შედეგია. ჰოლანდიელ ასტრონომ ი. ოორტს მიაჩნდა, რომ არსებული დამზერილი კომეტები მზის მახლობლობაშ შემოიჭრებიან გიგანტური კომეტური ღრუბლიდან, რომელიც გარს არტყია მზის სისტემას და ვრცელდება 150 ათას ა. ე.-ზე.

1942 წელს აბასთუმნის ასტრონომიულ ობსერვატორიაში გ. თევზაძემ აღმოაჩინა ორი კომეტა: უიპლ-ფედტკე და თევზაძის კომეტა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Wm. Robert Johnston. (2021-09-01) Known populations of solar system objects. ციტირების თარიღი: 2022-02-02.