მეტეორიტი
მეტეორი (ძვ. ბერძნ. μετέωρος [meteoros] — „ატმოსფერული და ციური მოვლენები“) — პლანეტათშორისი სივრციდან დედამიწაზე დავარდნილი ქვის ან რკინის სხეულები, რომლებიც მეტეორულ სხეულთა ნაშთებია.
მეტეორიტი სამ მთავარ კლასად იყოფა: რკინის, რკინაქვისა და ქვის მეტეორიტები. მათთვის დამახასიათებელია გლუვშვერილებიანი კუთხოვანი ფორმა, გამდნარი ქერქი, ალაგ-ალაგ ორმოები. ქვის მეტეორიტი რუხი, შავი ან თეთრი ფერისაა. ზოგჯერ ცვივა კონუსური ფორმის მეტეორიტი. ამ ფორმას მეტეორიტები ატმოსფეროშ მოძრაობისას იძენენ. მეტეორიტებს სახელს არქმევენ მათი ცვენის და აღმოჩენის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მეტეორიტების ზომა რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე მეტრამდე აღწევს, ხოლო მასა — გის ნაწილებიდან რამოდენიმე ათეოლ ტონამდე. ყველაზე მეტი (60 ტ) მასა აქვს მეტეორიტ გობას, რომელიც 1920 წელს იპოვეს სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში.
მეტეორულ სხეულთა მსხვრევის გამო ხშირად ერთდროულად ცვივა მეტეორიტების გროვა (ე. წ. მეტეორიტების წვიმა), რომელიც ერთ მეტეორიტად ითვლება. მაგალითად, 1947 წლის 12 თებერვალს სიხოტე-ალინის მეტეორიტული წვიმის დროს 70 ტ ნივთიერება ჩამოცვივდა. ყოველწლიურად დედამიწაზე 1000-მე მეტეორიტი ვარდება, მაგრამ მათგან 12-15 პოულობენ.
მეტეორიტების ცვენას თან სდევს ბოლიდის გაქროლება. იგი ცაზე ტოვებს კვამლიან ზოლს. ღამით გარემო ასეულობით კმ-ზე ნათდება. რამდენიმე ათეული წამის შემდეგ ისმის აფეთქების ხმა, შემდეგ გრიალი, ირყევა ნიადაგი. ამ მოვლენას იწვევს 10 კმ/წმ-ზე მეტი სიჩქარით მოძრავი მეტეორული სხეულის შემოჭრა ატმოსფეროში. ხახუნის გამო იგი ანელებს მოძრაობას, ათბობს ჰაერს და თვითონაც ხურდება რამდენიმე ათას გრადუსამდე. ნივთიერების ნაწილი სცილდება მას და ქმნის მტვრის კვალს. მეტეორიტის ნათება იწყება 130-80 კმ სიმაღლეზე, ხოლო 20-10 კმ სიმაღლეზე ხდება მათი თითქმის მთლიანი დამუხრუჭება. ამ ეტაპზე წყდება მეტეორიტის გათბობა და აორთქლება, ბოლიდი ქრება, ნამსხვრევები კი თითქმის შვეულად ეცემა დედამიწაზე.
მეტეორიტებში შედის დედამიწაზე ცნობილი თითქმის ყველა ქიმიური ელემენტი. მათ შორის ყველაზე უფრო გავრცელებულია: , , , , , , , . ცალკეული მეტეორიტების შემადგენლობა ძლიერ მერყეობს. ელემენტთა იზოტოპთა შედგენილობა მეტეორიტებში და დედამიწაზე ხშირად ერთნაირია. მეტეორიტების ნივთიერების ასაკი 4.5 მლრდ წელია. კოსმოსურ სივრცეში მეტეორიტების დამოუკიდებლად არსებობის პერიოდი ათეულ და ასეულ მლნ წელს აღწევს, ხოლო ზოგი მეტეორიტის დედამიწაზე ჩამოვარდნის შემდეგ გასული პერიოდი — ათეულ და ასეულ ათას წელს. მეტეორიტების საშუალებით სწავლობენ კოსმოსურ სხივთა დროისმიერ და სივრცით ვარიაციებს (ეს სხივები ე. წ. კოსმოგენურ იზოტოპებს წარმოქმნის).
მეტეორიტების მინერალური შემადგენლობა თავისებურია. მათში აღმოჩენილია დედამიწაზე მცირედ გავრცელებული მინერალები (მშრალი იბერზიტი, ლორენსიტი და სხვა), აგრეთვე უცნობი მინერალები, მაგალითად ფრინგტონიტი, იურიიტი და სხვა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მეტეორიტებისა და ქანების წარმოქმნის პირობები სხვადასხვაგვარია.
რკინის მეტეორიტების გაპრიალებული და აზოტის ან სხვა რომელიმე მჟავათი დამუშავებული ზედაპირი რთულ ნახატს უჩვენებს, რომელსაც ვინდმანშტეტენის ფიგურები ეწოდება. ამ ფიგურების წარმოშობა იმით იხსნება, რომ ნიკელიანი რკინა შედგება ორი ფაზ-მინერალისგან — კამასიტისა და ტენიტისგან, რომლებზეც მომწამვლელი მჟავა სხვადასხვანაირად მოქმედებს. კამასიტის ზოლები რვაწახნაგა ფიგურას ქმნის, ამიტომ ამ მეტეორიტებს ექტაედრიტები ეწოდება. იშვიათია რკინის მეტეორიტები, რომელთა შიგა კრისტალური სტრუქტურა კუბსა ჰგავს. მათ პესაედიტრებს უწოდებენ. ასევე იშვიათია რკინის მეტეორიტები, რომლებსაც არავითარი ნახატი არა აქვთ (ატაქსიტები). რკინაქვის მეტეორიტების სახეობანია პალასიტები და მეზოსიდერიტები, ქვის მეტეორიტებისა კი — ქონდრიტები და აქონდრიტები.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მეტეორიტები წარმოიშობა მცირე ცთომილების მსხვრევით მათი ურთიერთშეჯახებისას. მართლაც, მეტეორული სხეულები ელიფსურ ორბიტებზე მოძრაობენ მცირე პლანეტების მსგავსად. მეტეორიტები საინტერესო ცნობებს გვაწვდიან პლანეტათშორისი სივრცის შემადგენელ კოსმოსურ სხეულთა ევოლუციის შესახებ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 611-612.