ჰალეის კომეტა
ჰალეის კომეტა (ოფიციალურად დასახელება — 1P/Halley[1]) — ყველაზე ცნობილი პერიოდული კომეტა, რომელიც 74-79 წელიწადში ერთხელ შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწიურად არაერთი უფრო ხანგრძლივად მნათი კომეტა ჩნდება ზეცაში, ჰალეის კომეტა ყველაზე ხილვადია შეუიარაღებელი თვალით. მზის შიდა სისტემაში მისი ბრუნვადობის გამო კომეტა ძვ. წ. 240 წლიდან ფიქსირდება, მაგრამ ამ კომეტას პერიოდულად არ აღიარებდნენ მანამ, სანამ მეთვრამეტე საუკუნეში ედმუნდ ჰალეიმ მისი ორბიტა არ გამოიანგარიშა. სწორედ მისი სახელის მიხედვით ეწოდა ჰალეის კომეტა. ჰალეის კომეტა უკანასკნელად 1986 წელს გამოჩნდა მზის შიდა სისტემაში და მის ხელახალ გამოჩენას 2061 წლის შუა პერიოდში უნდა ველოდოთ.
ისტორია
რედაქტირებაინგლისელი ასტრონომი, დაუცხრომელი მოგზაური და ფართო ინტერესების მკვლევარი ე. ჰალეი ორი წლის განმავლობაში (1680-1682) აკვირდებოდა კომეტებს და დაინტერესდა მათი შემდგომი ბედით. 1704 წელს გამოქვეყნდა მისი შრომა „კომეტური ასტრონომიის მიმოხილვა“, რომელსაც ავტორმა მოკლე ისტორიული ნარკვევი წაუმძღვარა.
ე. ჰალეის მიზანი იყო შეემოწმებინა 1680 წლის კომეტის მაგალითზე ნიუტონის მიერ დადგენილი მოსაზრება, რომ კომეტები მოძრაობენ ძალზედ გაწელილ ელიფსებზე, მათზეც ვრცელდება მსოფლიო მიზიდულობის კანონი და ისინიც ცთომილების მსგავსად მოძრაობენ კეპლერის კანონების შესაბამისად. ამისთვის ე. ჰალეიმ შეაგროვა მისთვის ხელმისაწვდომი 24 კომეტის დაკვირვებანი, რაც მოიცავდა 1337-1698 წლების პერიოდს. მკვლევარი თვლიდა, რომ კომეტები პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე.
ე. ჰალეიმ კომეტებისთვის შეადგინა ორბიტების ელემენტთა ცხრილები. ამ ღონისძიებას, მისი აზრით, დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა კომეტების პერიოდულობის საბოლოოდ დასადგენად. რაკი შთამომავლობას ხელთ ექნებოდა აღნიშნული ცხრილები, ყოველი ახალი კომეტის ორბიტის ელემენტების ცხრილთან შეჯერება ძნელი არ იქნებოდა, ხოლო მსგავსების მიგნების შემთხვევაში პერიოდის გამოთვლა და მისი შემდეგი გამოჩენის წინასწარმეტყველების სიზუსტეც გარანტირებული იქნებოდა.
1682 წელს კომეტაზე დაკვირვებით მიღებული ორბიტის ელემენტების შედარებამ მის მიერვე შედგენილი ცხრილის მონაცემებთან მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ 1531 და 1607 წლებში ცრილში ფიქსირებული ორი კომეტის ორბიტის ელემენტები თითქმის იდენტური იყო ახლად გამოჩენილი კომეტის ორბიტის ელემენტებისა. პერიოდში უმნიშვნელო განსხვავებამ (პირველად უდრიდა 76 წელს და 2 თვეს, ხოლო მეორე — 72 წელსა და 10 თვეს), რაც მკვლევარმა სრულიად სამართლიანად დიდ ცთომილთა შემაშფოთებელ მოქმედებას მიაწერა, ვერ შეარყია მისი რწმენა, რომ აქ სამივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ერთსა და იმავე კომეტასთან. ე. ჰალეიმ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ამ კომეტის შემდგომი გამოჩენა უნდა მომხდარიყო 1758 წელს. თუ ეს წინასწარმეტყველება ახდება, მაშინ ეჭვი აღარ იქნება, რომ სხვა კომეტებიც დაბრუნდება და აქ ასტრონომებისათვის გადაიშლება კვლევის უფრო დიდი ასპარეზიო.
კომეტა მართლაც „დაბრუნდა“. იგი ასტრონომიის მოყვარულმა გერმანელმა პალიჩმა პირველმა შენიშნა 1758 წლის დეკემბერში, მაგრამ ამ დროისთვის ჰალეი უკვე ცოცხალი აღარ იყო. ე. ჰალეის პატივსაცემად კომეტას ჰალეის სახელი ეწოდა.
ჰალეის კომეტის მზის ირგვლივ მიმოქცევის პერიოდი მერყეობს 74-79 წლებს შორის. XIX საუკუნესის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ისტორიული ქრონიკების გადასინჯვამ გამოავლინა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხს მოეპოვება დაკვირვება აღნიშნულ კომეტაზე.
როგორც ჩანს, სწორედ ამ „კუდიანი ვარსკვლავის“ გამოჩენასა და დაკვირვებაზე მოგვითხრობდა ლიხნის ტაძრის ასომთავრულით შესრულებული წარწერა. ეს წარწერა ახლა უკვე წაშლილია, თუმცა შემორჩა როგორც მისი ამსახველი ფოტო, ასევე ის თავის დროზე წაკითხულ იქნა მარი ბროსეს მიერ[2], რომელზეც კიევის სამთავროს მატიანე და ერთ-ერთი ჩინური ქრონიკაც გვაწვდის ინფორმაციას.
რუსული ასტრონომიის ისტორიის მკვლევარი დ. სვიატსკი კომენტარს უკეთებს ამ ცნობას და აღნიშნავს, რომ ჰალეის კომეტამ 1066 წელს პერიჰელიუმი გაიარა 27 მარტს, 24 აპრილს კვლავ გამოჩნდა საღამოს, ვარსკვლავის სახით. ინგლისში იგი პირველად აღდგომას 16 აპრილს განთიადისას დაინახეს, რადგან ბზობის კვირა 2 აპრილს იწყებოდა, სავსე მთვარეობა კი 13 აპრილის სარამოს მოდიოდა. აფხაზეთში კომეტა დაუნახავთ 2-13 აპრილს შორის.
ს. ვსეხსვიატსკი აღნიშნავს, რომ 1066 წელს ჰალეის კომეტაზე დაკვირვების შესახებ შემონახულია ცნობები, როგორც ევროპაში, ისე ჩინეთში. ნ. სუბოტინა ვრცლად აღწერს ჰალეის კომეტის დაკვირვებას ჩინეთში: „2 აპრილს პეგასის თანავარსკვლავედში გამოჩნდა კომეტა, მას ხედავდნენ დილაობით აღმოსავლეთით 7 გრადუსზე მეტი სიგრძისას. იგი ნელა უახლოვდებოდა მზეს და შთაინთქა მის სხივებში. 24 აპრილს კომეტა კვლავ გამოჩნდა საღამოს ცაზე, ჩრდილო-დასავლეთით ჰგავდა ვარსკვლავს და არ ჰქონდა დამახასიათებელი მნათი (ბრწინვალე) გარსი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 594-595.
- გიორგობიანი გ. წარწერა ლიხნის ტაძრის კედელზე //ჟ. „მეცნიერება და ტექნიკა“.- 1976.- N2. -გვ. 25-29. სოფ. ლიხნის ტაძრის კედლის ასომთავრული წარწერა და ცნობა 1006 წელს ჰალეის კომეტის გამოჩენის შესახებ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1P/Halley
- ↑ Brosset, Marie-Félicité (1851). Rapports sur un voyage archeologique dans la Georgie et dans l'Armenie, execute en 1847-1848. (in French). St.-Petersbourg: Impr. del'Acad. des sciences. p. 116.