კოლაგის მთვარანგელოზთა ეკლესია
კოლაგის მთვარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის დასავლეთით, სასაფლაოზე. განეკუტვნება XIX საუკუნეს.
ეკლესია დარბაზულია (14,7 x 7,1 მეტრზე), ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. გარეთა კედლებში რიყის ქვის რიგები მოქცეულია ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაცილებულ ორრიგად ნაწყობ აგურის ჰორიზონტალურ შრეებს შორის, რომლებიც რიტმულად ანაწევრებენ კედლების ვრცელ ზედაპირს. შენობის გარეთა კუთხეები, კარ-სარკმელთა ღიობები, პილასტრები, ფრონტონის გვერდები და ლავგარდანი აგურისაა. კედლები გარედან შეთეთრებულია. შიგნით პილასტრები, საბჯენი თაღები, კონქი კამარა მთლიანად აგურითაა გამოყვანილი. აგურითვეა მოგებული იატაკიც. ინტერიერი შელესილია,
შესასვლელი ორია - დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე კარი თაღოვანია.
ეკლესიის შიდა სივრცე შემაღლებული და აღმოსავლეთით დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ორივე მხარეს მოწყობილია თითო პატარა (ფართობი დაახლოებით 5 კვადრატული მეტრი) სწორკუთხა სათავსი-სამკვეთლო და სადიაკვნე. ორივეს მნიშვნელოვანი ნაწილი ეკლესიის კორპუსის გარეთაა გასული, რის გამოც ეკლესიის გეგმას გარედან ჯვრის მოხაზულობა აქვს, საკმაოდ წაგრძელებული დასავლეთ მკლავით.
საკურთხევლის აფსიდში ერთი მოზრდილი თაღოვანი სარკმელი და მის ორივე მხარეს განლაგებული ორი თაღოვანი ნიშაა.ორივე ნიშის ზურგის კედელში თითო თაღოვანი ხვრელებია, რომლითაც ნიშები მათ უკან, კედლის სისქეში მოწყობილ წრიული გეგმის სამალავს უკავშირდება. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდობილი შეისრული თაღით.
სამკვეთლო და სადიაკვნე საკურთხეველს თითო თაღოვანი კარით უკაშირდება. სამკვეთლოს მეორე კარიც აქვს — დასავლეთით, რომელიც დარბაზში გადის. ორივე სათავსო ვიწროა და საკმაოდ მაღალი; შიგნით და გარედან გადახურულია ცალფერდა და სახურავით. ორივე სათავისი განატებულია თითო თაღოვანი სარკმლებით, რომლებიც სამხრეთ და ჩრდილოეთით კედლებშია გაჭრილი. სამკვეთლოს დასავლეთ კედელში პატარა ნიშაა მოწყობილი.
დარბაზის გრძივი კედლები ორი წყვილი მძლავრი ორსაფეხურიანი პილასტრით სამ-სამ თითქმის თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი — შუა გვერდებზე ოდნავ უფრო განიერია. პლასტრების პირველ საფეხურზე კედლის თაღებია დაყრდნობილი. მეორე საფეხურზე კი — კამარის საბჯენი თაღები. ყველა თაღი შეისრულია. შეისრულია კამარაც. დასავლეთით იგი ეყრდნობა კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს. თაღი — კუთხის პილასტრებს. კამრის საბჯენი თაღების ქუსლებთნ გამოყოფილია დაბალი თაროსებრი იმპოსტები.
შიდა სივრცე, გარდა საკურთხევლის სარკმლისა, კიდევ 6 თაღოვანი სარკმელი აშუქებს: სამი სამხრეთ კედელშია გაჭრილი, ორი — ჩრდილოეთით და ერთი დასავლეთ კედელში კარის ზემოთ.
ეკლესიის დასავლეთ ნაწილში მოწყობილი ყოფილა ხის პატრონიკე (შემორჩენილი იყო ძელების საყრდენი ბუდეები).
გარედნ ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადს ბაზილიკის მოხაზულობა აქვს — ორქანობიანი სახურავით დასრულებულ ძირითად კორპუსს. გვერდებიდან სამკვეთლოს და სადიაკვნის ცალფერდასახურავიანი მაღალი ყრუ კედლები ეკვრის, რომლებიც ძირითადი კორპუსის კედელთან ერთ სიბრტყეში არ მდებარეობს და ოდავ დასავლეთით არის გადადებული. აღმოსავლეთი ფასადის გლუვ სიბრტყეზე მხოლოდ საკურთხევლის სარკმლის ღიობია. დასავლეთით ფსადის კედლებთან, მთელ სიმაღლეზე. პილასტრებია გამოყოფილი, ფასადის ღერძზე თაღოვანი შემოსასვლელია. მის ზემოთ კი — დიდი სარკმლები, რომლის გვერდებზე თითო მაღალი საფეხუროვან კვარლცხბეკზე დაყრდნობილი შეღრმავებული ჯვარია გამოსახული.
დასავლეთ ფასადის ფრონტონას წვერზე დადგმულია ვიწრო და მაღალი სამრეკვლოს ექვსწახნაგი. შეისრული თაღებით გახსნილი ფანჩატური, რომელიც პირამიდული სახურავითაა დასრულებული.
ეკლესიის კედლები დასრულებულია ორსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც დასავლეთ ფასადზე სამრეკლოს ოთხწახნაგა ბაზას ეკვრის.
2005-2006 წლებში ადგილილობრივი მოსახლეობის მიერ ძეგლს ჩაუტარდა საერემონტო სამუშაოები. შიგნით ეკლესია შეილესა გაჯით, მოიხსნა კრამიტის საბურავი და გადაიხურა თუნუქით. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით აიგო ორსართულიანი სამრეკვლო.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 181-183.