კნუდ V მაგნუსსენი (დან. Knud 5. Magnussen; დ. 1129 — გ. 9 აგვისტო, 1157) — ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ნილსის შვილიშვილი და შვედეთის მეფე მაგნუს I-ის ვაჟი. დანიის მეფე 1146-57 წლებში სვენ III-სა და ვალდემარ I-თან ერთად. 1157 წლის 9 აგვისტოს როსკილეში სვენმა იგი მოაკვლევინა და სცადა ვალდემარის მოკვლაც თუმცა არ გამოუვიდა. ამის გამო, ორ თვეში ვალდემარმა შური იძია და სვენი მოკლა.

კნუდ V
დანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 27 აგვისტო, 1146
მმართ. დასასრული: 9 აგვისტო, 1157
წინამორბედი: ერიკ III
მემკვიდრე: სვენ III
თანამმართველი: სვენ III და ვალდემარ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1129
გარდ. თარიღი: 9 აგვისტო, 1157, (27-28 წლის)
გარდ. ადგილი: როსკილე, დანია
მეუღლე: ელენა შვედი
შვილები: არალეგიტიმურები:
წმინდა ნილსი
ვალდემარი, შლეზვიგის ეპისკოპოსი
ბრიჯიტი, ანჰალტის გრაფინია
ჰილდეგარდა, რიუგენის პრინცესა
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: მაგნუს I, შვედეთის მეფე
დედა: რიჩეზა პოლონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კნუდი დაიბადა 1129 წელს. იგი იყო შვედეთის მეფე მაგნუს I ძლიერისა და მისი მეუღლის, დედოფალ რიჩეზა პოლონელის ვაჟი. მამის მხრიდან მას პაპად დანიის მეფე ნილსი, ხოლო დედის მხრიდან პოლონეთის მეფე ბოლესლავ III ერგებოდა. 1134 წელს ნილსიცა და მაგნუსიც ბრძოლაში დახოცა მეფე ერიკ II-მ, რომელიც 1137 წელს ჩამოაგდო და მოკლა მისმა დისწულმა ერიკ III-მ. 1146 წელს, იუტლანდიელმა მაგნატებმა მეფედ კნუდი გამოაცხადეს, ხოლო ზელანდიელმა და სკონელმა მაგნატებმა ერიკ II-ის ვაჟი, სვენი. ამრიგად, ერიკ III ტახტიდან გადადგა, რითაც იწყება კნუდ V-ისა და სვენ III-ის თანამმართველობა.

ტახტზე ასვლისთანავე, კნუდი და სვენი გამუდმებით ცდილობდნენ ერთმანეთის ჩამოშორებასა და ტახტის ბოლომდე დაპატრონებას. 1147 წელს მათ ერთობლივად სცადეს მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში ჩაბმა, მაგრამ ამაოდ. სულ მალე, ტახტს მესამე კანდიდატიც გამოუჩნდა ერიკ II-ის შვილიშვილის, ვალდემარის სახით, რომელსაც იუტლანდიელი დიდებულები მიემხრნენ. კნუდმა დახმარებისათვის შვედეთის მეფე შვერკერ I-ს მიმართა, სვენმა კი საქმეში საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ I ჩარია. სულ მალე, ფრიდრიხმა სვენი „პირველ მეფედ“ გამოაცხადა, კნუდი კი მის თანა-რეგენტად აქცია.

ამის საპასუხოდ, კნუდმა შვედეთთან ალიანის შექმნა განიზრახა და ცოლად შვედეთის მეფე შვერკერ I-ის ასული, ელენა შეირთო. მალევე, 1154 წელს, სვენმა თანამმართველად ვალდემარ I დაინიშნა. ამას მოჰყვა სამოქალაქო ომის განახლება, რის გამოც სვენ III-მ „შერიგების მიზნით“ ვალდემარი და კნუდი როსკილეს სასახლეში გამართულ ბანკეტზე დაიბარა, სადაც 9 აგვისტოს, მისი ბრძანებით მოკლეს კნუდი და სცადეს ვალდემარის მოკვლაც. ვალდემარმა გაქცევა მოახერხა და უკან დიდი ჯარებით დაბრუნდა, რის შემდეგაც, ამავე წლის 23 ოქტომბერს მოკლა სვენ III და დანიის ერთპიროვნული მონარქი გახდა.

თავის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე კნუდი დაქორწინდა ელენა შვედზე, რომელთანაც შვილების გაჩენა ვერ მოასწრო, თუმცა უცნობი საყვარლებისაგან მას ოთხი არალეგიტიმური შვილი ჰყავდა:

  1. ნილსი, კათოლიკური ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად;
  2. ვალდემარი, იყო ბრემენის პრინც-არქიეპისკოპოსი და შლეზვიგის ეპისკოპოსი;
  3. ბრიჯიტი, ცოლად გაჰყვა ანჰალტის გრაფ ბერნჰარდს, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;
  4. ჰილდეგარდა, ცოლად გაჰყვა რიუგენის პრინც იორომარ I-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Monarkiet i Danmark – Kongerækken Archived 2009-11-18 at the Wayback Machine at The Danish Monarchy
  • Bricka, Carl Frederik (ed.), Dansk Biografisk Lexikon, vol. IX [Jyde – Køtschau], 1895. "Knud (Magnussen)", Hans Olrik, pp.263–264.
  • Skt. Niels af Århus (11??-1180) Archived July 16, 2011, at the Wayback Machine by Aarhus Municipal Library