კლიმენტი ცომაია
კლიმენტი ბესარიონის ძე ცომაია (დ. 8 ოქტომბერი, 1894, კაპანა, სენაკის რაიონი — გ. 25 სექტემბერი, 1937) — ქართველი თერაპევტი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი და რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1935). სკკპ წევრი 1920 წლიდან.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკლიმენტი ცომაია დაიბადა 1894 წლის 8 ოქტომბერს სენაკის მაზრის სოფელ კაპანაში. 1924 წელს დაამთავარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1916 წლიდან, იყო ფარმაცევტთა გაფიცვების ხელმძღვანელი თბილისში. 1919 წელს მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებში, რის გამოც რეპრესირებული იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1921 წელს, მუშაობდა თბილისის რევკომში, მედსანშრომის მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალური გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად, 1923 წლიდან საქართველოს სსრ სოცდაზღვევის კომიტეტის თავმჯდომარედ; 1927-1929 წლებში სამეცნიერო მივლინებით იყო ბერლინის, ვენისა და ჰამბურგის შინაგან სნეულებათა კლინიკებში, 1934-1935 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის კომისრის პირველ მოადგილედ, 1936-1937 წლებში სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგე. სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა 1936 წელს თემაზე: „ხანგრძლივი ხელოვნური პნევმოთორაქსის გავლენა სისხლის ცირკულაციაზე“. 1937 წელს დააპატიმრეს „კონტტრევოლუციური მავნებლური საქმიანობის“ ბრალდებით. საქმე შეწყდა მისი გარდაცვალების გამო შინსახკომის საავადმყოფოში. რეაბილიტირებულია 1955 წელს.
თხზულება
რედაქტირება- ხანგრძლივი ხელოვნური პნევმოთორაქსის გავლენა სისხლის ცირკულაციაზე, ტფ., 1936.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩირაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 241.