კლენკეს ატლასი (ინგლ. Klencke Atlas; 1660 წ.) — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატლასი.[1] სიმაღლე 1,75 მ, ხოლო სიგანე გაშლილ მდგომარეობაში 1,9 მ აღწევს.[2] ბრიტანეთის ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ატლასის გადატანისთვის 6 ადამიანის ძალისხმევაა საჭირო. წარმოადგენს მსოფლიო ატლასს, რომელიც შედგება 37 რუკისგან და 39 გვერდისგან.[3] რუკებზე გამოსახულია კონტინენტები და სისტემატიზებული ევროპული სახელმწიფოები, გარდა ამისა, მასში ჩადებულია იმ დროისათვის არსებული მთელი გეოგრაფიული ცოდნა. კლენკეს ატლასის შექმნა მიეწერება ჰოლანდიელი პრინცის — იოჰან მორიც ნასაუ-ზიგენელის სახელს და შეიცავს ჰოლანდიელი ხელოვანების — ბლაუს, ჰონდიუსისა და სხვათა გრავიურებს. [3] ატლასი წარდგენილი იყო ფილოსოფიის მასწავლებლის იოჰანეს კლენკეს მიერ ინგლისის მეფის ჩარლზ II-ს სამეფო ტახტზე დაბრუნებასთან დაკავშირებით 1660 წელს. იოჰანეს კლენკე იყო ჰოლანდიელი ვაჭარის შვილი. 1828 წელს ჯორჯ III-მ ატლასი როგორც რუკების მნიშვნელოვანი კრებული გადასცა ბრიტანეთის ბიბლიოთეკას.[3] 1950-იან წლებში კლენკეს ატლასი აღდგენილი იქნა.[3] ამჟამად იგი იმყოფება ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ანტიკვარული რუკების განყოფილებაში ქალაქ ლონდონში.[1] 1998 წლიდან დაწყებული კლენკეს ატლასის დემონსტირება ხდება ვესტიბიულში.[4] 2010 წლის აპრილში ბრიტანეთის ბიბლიოთეკის გამოფენაზე[1][5] იგი პირველად იქნა საჯაროდ წარდგენილი გადაშლილი გვერდებით.[2] 2012 წლამდე კლენკეს ატლასი ფართოდ იყო ცნობილი როგორც მსოფლიოს უდიდესი ატლასი, თუმცა ამავე წლის თებერვალში ავსტრიელმა გამომცემელმა გორდონ ჩირსმა გამოაქვეყნა ახალი ატლასი, სახელწოდებით Earth Platinum, რომელიც კლენკეს ატლასზე უფრო დიდი აღმოჩნდა.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 "The World Actually Fits In The World's Largest Book", Liane Hansen, NPR, January 31, 2010
  2. 2.0 2.1 "Largest book in the world goes on show for the first time", The Guardian, 26 January 2010
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 "And You Think Your Kids’ Books Are Heavy", Vic Brand, Art Info, January 28, 2010
  4. Peter Barber. The Map Book, Bloomsbury Publishing USA, 2005. pg. 164
  5. Magnificent Maps: Power, Propaganda and Art დაარქივებული 2012-10-13 საიტზე Wayback Machine. , exhibition at British Library, 30 Apr 2010 - Sun 19 Sep 2010