კისტანის კოშკი
კისტანის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არღუნის ხეობაში ნასოფლარ ლებაისკართან, სამანქანო გზიდან 300 მეტრზე.
განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით კვადრატულია (4,2 x 4,2 მეტრი), ხუთსართულიანი (სიმაღლე 15,5 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, II სართულზე, მიწიდან 2,2 მეტრ სიმაღლეზე. კარი გადახურულია ნახევარწრიული თაღით. წირთხლებში საურდულე ხვრელებია. I სართული სამალავია, II, III და IV — საცხოვრებელი. მათ კედლებში ერთმაგი, ორმაგი და სამმაგი სათოფურებია (აღმოსავლეთის ფასადზე სათოფურების ხვრელები სამკუთხაა). III და IV სართულებზე თითო სარკმელია აღმოსავლეთით. IV სართული სათავდაცვოა და ოთხივე მხარეს თითო სალოდე აქვს. სალოდეებს კედლებში სათოფე ხვრელებია დატანებული. II სართული გუმბათოვანი კამარითაა გადახურული, რომელსაც ზედა ნაწილი წაკვეთილი აქვს. სხვა სართულების გადახურვა გამართულია ხის კოჭებზე. კოშკს საფეხურებიანი, პირამიდისებრი სახურავი ხურავს. ფასადებზე ქვის წყობა თანაბარია. ზოგან შელესილობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. აღმოსავლეთით, შესასვლელის ზღურბლის ქვაზე, ამოკვეთილია წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარი, რომლის მკლავებს შორის წერტილებია. ჯვრის გვერდზე გამოსახულია მამაკაცი, მას ხელში ფარ-ხმალი უჭირავს. მამაკაცის მარცხნივაც ტოლმკლავა ჯვარია. სახურავის ქვეშ, შელესილ ზოლზე, მოწითალო საღებავით დახატულია ადამიანისა და ცხოველების გამოსახულებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 265-266.