კირილე მოსეს ძე ვეკუა (დ. 4 მაისი, 1891, სოფ. ახუთი, ახლანდ. ჩხოროწყუს რაიონი, — გ. 28 ივნისი, 1968, ბერლინი) — ქართველი ქიმიკოსი.

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების (1915) შემდეგ სწავლა გააგრძელა ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლისას რევოლუციურ სტუდენტობას მიემხრო, იყო სოციალ-დემოკრატი. ოქტომბრის გადატრიალების (1917) შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. 1918-1921 წლებში იყო სამეგრელოს ერთ-ერთი რაიონის მიწის რეფორმის კომისიის ხელმძღვანელი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დააპატიმრეს და 1922 წელს ქვეყნიდან გააძევეს.

ემიგრაციაში დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, 1931 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ქიმიის დარგში. 1935-1952 წლებში მუშაობდა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა საღებრების ლაბორატორია. სიცოცხლის ბოლო წლებში ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა რამდენიმე ათეული სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომი. აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1967 წელს საქართველოში იმყოფებოდა. გარდაიცვალა ბერლინში 1968 წელს. მისი არქივი 1989 წელს ჩამოიტანა გურამ შარაძემ და გადასცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შარაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 238.
  • შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 3, თბ., 1993. — გვ. 290–303.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება