კიბოჭამია სელაპი

ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა

კიბოჭამია სელაპი (ლათ. Lobodon carcinophagus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ნამდვილი სელაპების ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 2,2–2,6 მეტრი, მასა 300 კილოგრამამდე, დედალი მამალს მცირედ აღემატება. სხეული და დინგი ზომიერად წაგრძელებულია. ზედა და ქვედა ყბის მრავალწვერიანი კბილები მჭიდროდაა მიჯრილი ერთმანეთზე, რაც წარმოქმნის ე. წ. „ცხაურას“, რომელიც საკვების გაფილტვრის საშუალებას იძლევა. ყოველწლიური ბეწვის ცვენის შემდეგ (იანვარ-მარტში) მოზარდი კიბოჭამიების ბეწვი ზურგზე რუხ-ყავისფერია, გვერდებზე, მხრებსა და ფარფლებზე ლაქებითა და რგოლებით, მუცელზე — ღია რუხი; ზაფხულისთვის ბეწვი ფერს იცვლის და კრემისფერ-თეთრი ხდება. ასაკთან ერთად ბეწვი ფერმკრთალდება, მუცელსა და ზურგს შორის კონტრასტი ქრება. ცირკუმპოლარულადაა გავრცელებული ანტარქტიკის წყლებში; მიჰყვება პაკის ყინულის საზღვარს და მიგრირებს მის სეზონურ ცვლილებასთან ერთად. ჩვეულებრივ, იკვებება ღამე, უმთავრესად კრილით, იშვიათად თევზითა და ფსკერის კიბოსნაირებით, რომელთა მოსაპოვებლადაც შეუძლია 400 მეტრზე მეტ სიღრმეზე ჩაყვინთვა და წყალქვეშ 11 წუთამდე გაჩერება. ხმელეთზე სწრაფად გადაადგილდება (25 კმ/სთ სიჩქარემდე), შეუძლია წყლიდან მაღალ ხორგებზე ან კლდეებზე ახტომა. ყინულზე (იშვიათად სანაპიროზე) გროვდებიან 3 ათასზე მეტი სულისაგან შემდგარ ჯგუფებად. კიბოჭამია სელაპის ბუნებრივი მტერია ზღვის ლეოპარდი და ცელნამგალა ვეშაპი. სარეწაო მნიშვნელობა არ გააჩნია. მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სელაპის სახეობაა.

კიბოჭამია სელაპი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lobodon carcinophagus
(Hombron & Jacquinot, 1842)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 12246
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება