კვიპროსელი ქალები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კვიპროსელ ქალებზე დიდი გავლენა იქონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარმა ცვლილებებმა, რადგან მათ მოიპოვეს წვდომა განათლების მისაღებაზე და უფრო მეტად ჩაერთვნენ ეროვნულ სამუშაო ძალაში. კვიპროსელმა ქალებმა დიდ წინსვლას მიაღწიეს თავიანთ საზოგადოებაში, როგორც განათლების, ისე დასაქმების, ასევე პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის კუთხით.

მოსახლეობა

რედაქტირება

World Population Review-ის მიხედვით, 2014 წელს კვიპროსის მოსახლეობა იყო 1,153,058, მათ შორის ქალები შეადგენენ კვიპროსის მთლიანი მოსახლეობის 48,944%-ს.[1]

ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში კვიპროსელ ქალებს კვლავ ავიწროვებდნენ ოჯახის ღირსების დაცვის მოთხოვნებით. ტრადიციულად, ქალის მოვალეობა იყო, თავი დაეცვა სექსუალური ქმედების შესახებ ყოველგვარი ბრალდებებისგან.[2] 1970-იანი წლების შუა პერიოდში ფერმერთა საზოგადოებაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები მაინც უნდა მორიდებოდნენ მამაკაცებთან სოციალურ კონტაქტს, რომელიც შეიძლება განმარტებულიყო, როგორც სექსუალური კონტექსტი. მიიჩნეოდა,რომ მამაკაცის მიმართ გამოვლენილი სურვილი ცუდად აისახებოდა ქალის ღირსებაზე და ქალიშვილობა, ბევრმა სოფლის მცხოვრებმა, როგორც ქალმა, ისე მამაკაცმა, ქორწინების შესაძლებლობის წინაპირობად მიიჩნია. ოჯახის პატივი, ანუ მისი მამრობითი სქესის წევრების თვითშეფასება, დამოკიდებული იყო მისი ოჯახის წევრი ქალების სექსუალურ მოკრძალებასა და სათნოებაზე. ეს ტრადიციული შეხედულებები გარკვეულწილად შესუსტდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით ქალაქებში, მაგრამ ჯერ კიდევ იყო გავრცელებული 1990-იანი წლების დასაწყისში. 1990-იანი წლების დასაწყისში კვიპროსის ბერძნული საზოგადოების კონსერვატიული ბუნების კიდევ ერთი მაჩვენებელი იყო ის, რომ ფემინისტური მოძრაობა კვიპროსში ხშირად ხდებოდა ორივე სქესის დაცინვის სამიზნე. თუმცა, ქალთა მზარდი ეკონომიკური დამოუკიდებლობა, გახდა ძალა მოსახლეობის ყველა სეგმენტის განთავისუფლებისთვის.[2] კვიპროსში ქალების როლები წლების განმავლობაში შეიცვალა. წარსულში კვიპროსელი ქალების მთავარი მოლოდინი იყო დაქორწინება და შვილების გაჩენა. მათი განათლება პრაქტიკულად იყო ნულოვანი და ქალების უმეტესობა დიასახლისი იყო. თუ კვიპროსელ ქალს ჰკითხავთ, განსხვავდება თუ არა მისი სოციალური როლი მამაკაცის როლისგან, ბევრი არ დაგეთანხმებათ. დღეს ბევრი კვიპროსელი ქალი მუშაობს სახლის გარეთ და იღებს უმაღლეს განათლებას. მიუხედავად ამისა, ქალები კვლავ აგრძელებენ საშინაო საქმიანობას, რასაც მათი ოჯახური ცხოვრება მოითხოვს. იდეა, რომ ქალებმა უნდა უყურონ და მოუსმინონ, ვიდრე ისაუბრონ, კვლავაც გავრცელებულია. გენდერული სოციალიზაციის გამო, კვიპროსში ქალები თავიანთ მიზნებსა და წარმატებებს საკუთარ თავთან ინახავენ.[3]

განათლება

რედაქტირება

1859 წელს დაარსდა ლიმასოლის გოგონათა სკოლა, პირველი სკოლა გოგონებისთვის და მისმა დირექტორმა, პოლიქსენია ლოიზიასმა, დაიწყო ქალთა განათლების ხელშეწყობის სესახებ ბრძოლა საჯარო დებატებში, ასევე მასწავლებლებისთვის კურსების დაარსება და ქალებისთვის შესაძლებლობის მოპოვება, რათა მიეღოთ საუნივერსიტეტო განათლება საზღვარგარეთ, სანამ ეს შესაძლებელი გახდებოდა კვიპროსზე.[4] 1895 წელს, ქალებს გარანტირებული ჰქონდათ სწავლისა და მუშაობის უფლება საჯარო განათლების სისტემაში 1923 წელს მიღებული განათლების კანონის საფუძველზე, ხოლო უმაღლესი საშუალო განათლება საჯარო გახდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში გოგონებისა და ვაჟების თანაფარდობა, რომლებიც დაწყებით სკოლაში სწავლობდნენ, იყო ერთი სამზე.[2] 1943 წლისთვის კვიპროსელი გოგონების დაახლოებით 80% სწავლობდა დაწყებით სკოლაში,[2] ხოლო როდესაც 1960 წელს დაწყებითი განათლება სავალდებულო გახდა, სკოლებში ორივე სქესი თანაბარი რაოდენობით ირიცხებოდა.[2] 1980-იანი წლებისთვის გოგონები საშუალო განათლების დამთავრებულთა 45%-ს შეადგენდნენ. მხოლოდ 1960-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ქალების მიერ კვიპროსის დატოვება უმაღლესი განათლების მისაღებად.[2] 1980-იან წლებში ქალები შეადგენდნენ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების დაახლოებით 32%-ს.[2]

ქალთა დასაქმება

რედაქტირება

კვიპროსელი ქალების მონაწილეობა, როგორც სამუშაო ძალა, სტაბილურად იზრდებოდა. 1976 წელს ქალთა მონაწილეობა სამუშაო ძალაში 30%-ს შეადგენდა, 1985 წელს კი 37%-მდე გაიზარდა. 2012 წლის მონაცემებით, ქალთა წილი სამუშაო ძალაში 44%-ია, ხოლო 15-დან 64 წლამდე ქალების 62,1% მუშაობს ან ეძებს სამუშაოს.[5] 1960-1985 წლებში ქალთა მონაწილეობა სამუშაო ძალაში მხოლოდ ოდნავ გაიზარდა, 40,8%-დან 42,2%-მდე. თუმცა, ქალების სამუშაო ადგილი, მკვეთრად შეიცვალა. ქალაქებში ქალთა წილი 22%-დან 41%-მდე გაიზარდა, ხოლო სოფლის სამუშაო ძალაში მათი წილი 51%-დან 44.4%-მდე დაეცა. სოფლად კლება გამოწვეული იყო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიდან, სადაც ქალების წვლილი ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ურბანულ პროფესიებზე დასაქმებაზე გადასვლამ.[2]

1990-იანი წლების დასაწყისში კვიპროსში კვლავ არსებობდა პროფესიული გენდერული სეგრეგაცია. მიუხედავად იმისა, რომ 1970-იანი წლების ბოლოდან, ქალების დასაქმება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში გაორმაგდა, 1985 წელს თხუთმეტიდან მხოლოდ ერთ ქალს ეკავა ადმინისტრაციული ან მმართველი თანამდებობა. 1980-იანი წლების შუა პერიოდისთვის, ქალთა წილი პროფესიულ სამუშაოებზე გაიზარდა 39%-მდე, მაგრამ ეს სამუშაოები კონცენტრირებული იყო მედიცინასა და სწავლებაზე (მაგ. მასწავლებლად), სადაც ქალებს ტრადიციულად შეეძლოთ სამუშაოს შოვნა. მამაკაცების მიერ დომინირებულ სფეროებში პროფესიულ თანამდებობებზე, ქალების წილი მხოლოდ 11% იყო. იმ სფეროებში, სადაც ქალები დომინირებენ, მამაკაცებს ეკავათ პროფესიული თანამდებობების ნახევარზე ოდნავ ნაკლები.[2] ქალებს არა მხოლოდ მაღალი თანამდებობების 14.4% ეკავათ, არამედ ისინი ასევე იღებდნენ საშუალოდ 24%-ით ნაკლებ ანაზღაურებას საათში, ვიდრე მათი მამაკაცი კოლეგები.[5]

კეთილდღეობა

რედაქტირება

კვიპროსელი ქალები სარგებლობენ ისეთივე სოციალური დაცვის უფლებებით, როგორც მამაკაცები ისეთ საკითხებში, როგორიცაა სოციალური უზრუნველყოფის გადასახადები, უმუშევრობის შეღავათები, შვებულება და სხვა ზოგადი სოციალური პირობები. გარდა ამისა, 1985 წლის შემდეგ ქალები სარგებლობდნენ სპეციალური კანონმდებლობით, რომელიც ითვალისწინებდა შეღავათებს ქორწინების, ორსულობისა და მშობიარობისთვის, რაც შეადგენს დაზღვეული შემოსავლის 75%-ს. თუმცა ქალების დიდი ნაწილი, მათ შორის თვითდასაქმებული და საოჯახო მეურნეობის მუშაკები, რომლებიც არ სარგებლობდნენ დაზღვევით, შეადგენდნენ ეკონომიკურად აქტიური ქალი მოსახლეობის 28%-ს.[2] 1985 წელს კვიპროსის რესპუბლიკამ რატიფიცირება მოახდინა გაეროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე „კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. მიუხედავად ამ შეთანხმების რატიფიცირებისა, 1990 წლის ბოლოსთვის კვიპროსის რესპუბლიკაში არ არსებობდა კანონმდებლობა, რომელიც იქნებოდა გარანტია თანაბარი ანაზღაურების უფლების თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის და არც ქალთა უფლების შესახებ დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებზე.[2]

პოლიტიკა

რედაქტირება

ბრიტანეთის კოლონიალურმა ხელისუფლებამ ქალებს 1906 წლის „განათლების შესწორების აქტის“ თანახმად, საგადასახადო საკითხებზე განათლების კომიტეტებში ხმის მიცემის უფლება მიანიჭა. ამას წინ არ უძღოდა მოსახლეობის მხრიდან რაიმე აქტივობა და რეფორმა გაუქმდა მამრობითი სქესის მოსახლეობის დიდი პროტესტის შემდეგ.[6]

1931 წლის მაისში პოლიტიკოსმა კირიაკოს როსიდესმა შესთავაზა ქალთა საარჩევნო უფლების შემოღება საკანონმდებლო საბჭოში, ამტკიცებდა, რომ ქალები იხდიან გადასახადებს, და ქვეყნების (დასავლური) უმეტესობამ უკვე გაატარა ასეთი რეფორმა, მაგრამ მამაკაცმა პოლიტიკოსებმა მის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ამტკიცებდნენ, რომ იმ დროისთვის ყველა მამაკაცსაც კი არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება. მომდევნო წელს ბრიტანელებმა დაშალეს კვიპროსის საკანონმდებლო საბჭო და საკითხი შეჩერდა.[6]

1961 წელს ქალთა ხმის მიცემის უფლება კვიპროსში შემოღებულ იქნა დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ დაწერილ კონსტიტუციაში, გამომდინარე იქიდან, რომ ქალთა ხმის უფლება, იმ დროს გახდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტის შემადგენელი ნაწილი.

ქალთა მიმართ ძალადობა კვიპროსში

რედაქტირება

კვლევა აჩვენებს, რომ სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები დიდ როლს თამაშობს კვიპროსში ქალთა მიმართ ძალადობაზე, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობაზე. ქალები, რომლებსაც აქვთ მცირე განათლება ან საერთოდ არ აქვთ განათლება, ისინი, ვინც ცხოვრობენ ქალაქებში, ხანდაზმულები და ფინანსური სირთულეების მქონე ქალები, როგორც ამბობენ, უფრო მგრძნობიარეები არიან ოჯახში ძალადობის მიმართ. ვინაიდან კვიპროსში არ ჩატარებულა ეროვნული კვლევა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ, სტატისტიკისა და შედეგების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პოლიციის ან ოჯახში ძალადობის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლის ასოციაციის მეშვეობით. პოლიციაში გამოძახებების რაოდენობა ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება. 2002 წელს დაფიქსირდა 538 შემთხვევა, 2008 წელს ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა და დაფიქსირდა 969 შემთხვევა. 2002-2008 წლებში მსხვერპლთა 71,18% ქალი იყო. 2004-2009 წლებში შემთხვევების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და მსხვერპლთა 80% ქალი იყო, ხოლო 8,6% მამაკაცი. ამ შემთხვევებიდან 79% ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა, 18,5% ფსიქოლოგიურ, ხოლო 2,4% სექსუალურ ძალადობას. ოჯახური ძალადობის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლის ასოციაციის წლიური ანგარიში აჩვენებს, რომ 1051 ინციდენტიდან 815 მსხვერპლი იყო 41-დან 50 წლამდე ასაკის ქალი. უფრო მეტიც, ამ ინციდენტების 96.1% ფსიქოლოგიურ ძალადობას უკავშირდება, ხოლო 78% ცხოვრობს მოძალადესთან.[7]

1994 წელს კვიპროსმა ცოლ-ქმრული გაუპატიურება უკანონო გახადა.[8]

  1. Cyprus Population 2014 - World Population Review. ციტირების თარიღი: 2015-04-21
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 Источник. ISBN 0-8444-0752-6. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-08. ციტირების თარიღი: 2023-11-25.
  3. Cypriot People & Culture - Cyprus.com. ციტირების თარიღი: 2015-04-21
  4. Theopisti Stylianou-Lambert, Alexandra Bounia: The Political Museum: Power, Conflict, and Identity in Cyprus დაარქივებული 2023-07-17 საიტზე Wayback Machine.
  5. 5.0 5.1 Women in Cyprus. ციტირების თარიღი: 2015-04-21
  6. 6.0 6.1 The Struggle for Female Suffrage in Europe: Voting to Become Citizens.
  7. ISSN 0362-3319 issue=v51i0002 article=295
  8. Intercultural Dialogue on Violence against Women. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-07-16