კვერცხისებრი ყვითელი
კვერცხისებრი ყვითელი, დამ ბერი — ქლიავის ჯიში. მისი წარმოშობა გამოურკვეველია. ცნობილია მხოლოდ, რომ კვერცხისებრი ყვითელი ინგლისში კულტურაში იყო შემოტანილი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში. ძველი კულტურის გამო კვერცხისებრი ყვითელის ფარგლებში ცნობილია რამდენიმე ფორმა, როგორც საგვიანო, ისე ადრეულა და სხვა. საქართველოს რაიონებში ეს ჯიში დიდიხანია რაც შემოტანილია, მაგრამ ფართოდ არ არის გავრცელებული. გვხვდება ცალკე მდგომი ხეების სახით ქლიავის ნარგავებში.
ამ ჯიშის დადებით მხარეებს შეადგენს: მსხვილი ლამაზი ნაყოფი, უხვი მოსავლიანობა, გვიანი ყვავილობა. ნაყოფი იხმარება უმთავრესად საკონსერვო საქმეში, საკომპოტედ და ხილფაფის დასამზადებლად. უარყოფით მხარედ უნდა ჩაითვალოს ძლიერი დაზიანება სიდამპლით (Monilia cinerea Pers), რომელიც ხშირად ტოტებსაც აზიანებს, და დიდი მოთხოვნილება გარემო პირობებისადმი.
ხე ძლიერი ზრდისაა, ინვითარებს მომრგვალო ვარჯს; დატოტვა თხელი ახასიათებს. ფოთოლი ოვალური ფორმისაა, სქელი; ფირფიტის ზედაპირი ოდნავ შებუსვილია, ქვედაპირი ძლიერ შებუსვილია. ყვავილობს გვიან. მწიფდება აგვისტოს ბოლო რიცხვებში. ნაყოფი ძალიან მსხვილია (5,3🞩4,1 სმ), საშუალო მასა 54 გრამს უდრის. ნაყოფის ფორმა კვერცხისებრია. კანი ყვითელია, მრგვალი კანქვეშა მსხვილი თეთრი წერტილებით. რბილობი ღია ყვითელი ფერისაა თეთრი ძარღვებით, ნაზი, წვნიანი, კარგად გამოხატული სიმჟავით. კურკა ნახევრად ან მთლიანად თავისუფალია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.