კვებითი აშლილობა
კვებითი აშლილობა — წონის კონტროლისა და მკაცრი დიეტების გამო კვების გაუკუღმართება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კვებითი აშლილობის ტიპებს შორისაა ნერვული ანორექსია, ნერვული ბულიმია, უკონტროლო კვების აშლილობა, შერჩევითი კვების აშლილობა, პიკა, რუმინაციის დარღვევა, სხვა სპეციფიკური კვებითი აშლილობა და სხვა. კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებში ასევე ხშირია შფოთვითი აშლილობები, დეპრესია და ადიქცია.
კვებითი აშლილობა | |
---|---|
დარგი | ფსიქიატრია, clinical psychology |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
ICD-10 | F50 |
ICD-9 | 307.5 |
MeSH | D001068 |
ნერვული ანორექსია კვების მოთხოვნილების არქონაა. ამ დროს ადამიანი არანორმალურად ზრუნავს სიგამხდრის მიღწევისთვის, ახასიათებს საკუთარი სხეულის გამოსახულების დამახინჯებული წარმოსახვა და წონის მოსალოდნელი მატებისადმი ავადმყოფური შიში, მენსტრუალური დარღვევები, ორგანიზმის გამოფიტვა. ნერვული ანორექსიით დაავადებულთა უმრავლესობა თავის თავს აღიქვამს ჭარბწონიანად მაშინაც კი, როდესაც შიმშილობენ და საკვები ნივთიერებების საგრძნობ დეფიციტს განიცდიან. საჭმლის მიღებისას წონის მუდმივი კონტროლი მათი აკვიატებული იდეებია. ანორექსიით შეპყრობილი ხშირად იწონება და წონის საკვებს, ითვლის კალორიებს, იღებს მის მიერვე განსაზღვრულ პროდუქტს ძალიან მცირე რაოდენობით. გარდა ამისა, ავადმყოფები ზედმეტი დატვირთვით ვარჯიშობენ. აღენიშნებათ დეპრესია, მოუსვენრობა, დაბალი თვითშეფასება.
ნერვული ბულიმიის დროს აღინიშნება პათოლოგიურად მომატებული შიმშილის გრძნობა. მას თან ახლავს სიმაძღრის განცდის დაქვეითება, რასაც შედეგად საკვების დიდი რაოდენობით მოხმარება მოჰყვება. ზოგჯერ ბულიმიის მიზეზი არასწორი გახდომაა. კვების არასწორად შეზღუდვა გამუდმებული შიმშილის გრძნობას აღძრავს. რაღაც ეტაპზე ადამიანი თავს ვეღარ იკავებს და იწყებს იმაზე უფრო მეტის ჭამას (როგორც წესი მალულად), ვიდრე ამას ადრე აკეთებდა. შემდეგ ფიქრობს, როგორ მოიცილოს ათვისებული კალორიები. ამისთვის ხელოვნურად გამოწვეულ პირღებინებას მიმართავს. ზოგჯერ საფაღარათო და შარდმდენ საშუალებებსაც იყენებს. „გაწმენდის“ ციკლები, ჩვეულებრივ, მეორდება კვირაში რამდენიმეჯერ. პირნაღების მასის მჟავა რეაქცია აზიანებს კბილების გარე შრეს, იწვევს საყლაპავის ანთებას და სხვადასხვა დაზიანებებს. ხშირი ღებინებისგან ზიანდება მუცლის ღრუს ორგანოები. ბულიმიით შეპყრობილ ადამიანებს უჩნდებათ საკუთარი თავისადმი ზიზღი და სიძულვილი.
ნერვული ანორექსია და ბულიმია ორგანიზმს ფიტავს, მწყობრიდან გამოჰყავს. ზიანდება ფაქტობრივად ყველა ორგანო. განსაკუთრებით აღსანიშნავია გულსისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, ხშირია გულის უკმარისობა, დაბალი არტერიული წნევა, ანემია, კუჭის ტკივილი, კუჭის წყლულოვანი დაავადებები. პირღებინების გამო ჩნდება საყლაპავის ნახეთქები, წყლულები და რიგ შემთხვევებში იწყება სისხლის ჟონვა. ირღვევა ჰორმონალური ბალანსი, რაც მენსტრუალური ციკლის დარღვევას, უნაყოფობას იწვევს. თუ ქალი დაორსულდა, შესაძლოა მუცელი მოეშალოს ან ნაყოფის ფიზიკურ განვითარებას შეექმნას საფრთხე. აღინიშნება ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტი. გარდა ფიზიკურისა, ნერვული ანორექსია და ბულიმია იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევასაც. მას თან ახლავს თვითშეფასების ძლიერი დაქვეითება, დეპრესია, საკუთარი თავთან დაკავშირებული ეჭვები, საკუთარი შესაძლებლობებისადმი უნდობლობა,უმიზეზო სირცხვილის გრძნობა. ეს დაავადებები განსაკუთრებით მოზარდობის ასაკშია გავრცელებული - ამ დროს კი მოზარდს უყალიბდება იდენტობა.
კვებითი აშლილობების გამომწვევი მიზეზები ჯერ ბოლომდე არ არის დადგენილი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს. მკურნალობისას მიმართავენ როგორც მედიკამენტოზურ ჩარევებს, ისე ინდივიდუალურ და ოჯახურ ფსიქოთერაპიის კურსებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Краиг, „Психология развития“, 2000
- დალი ფარჯანაძე, „მეხსიერების ფსიქოლოგია“, თბილისი, 2008.