თვითშეფასება
თვითშეფასება — ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ, რომელიც ასახავს თვითპატივისცემისა და თვითმიღების ხარისხსაც. თვითშეფასება წარმოადგენს მე-კონცეფციის პირადი ღირებულების, კომპეტენტურობის განცდიდან გამომდინარე შეფასებას. მასლოუს თანახმად, შეფასების მოთხოვნილება დაკავშირებულია თვითაქტუალიზებული პიროვნების ჩამოყალიბების პროცესთან. მისი აზრით, ყველა ადამიანს აქვს მოთხოვნილება თუ სწრაფვა ჰქონდეს საკუთარი ღირებულების, თვითპატივისცემის მყარი, სტაბილური განცდა და შეფასება არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფთა მხრიდანაც.
ადლერი საკუთარ პიროვნების თეორიაში ძირითადად იმ აზრს ეყრდნობოდა, რომ პირველადი არასრულყოფილების დაძლევისა და კომპენსაციის მოთხოვნილება ინდივიდისთვის მამოტივირებელ ძალად იქცევა. ის ამტკიცებდა, რომ ყოველი ადამიანი უნიკალურ პიროვნებას რეალობისა და აღქმული შეუსაბამობის დაძლევისაკენ სწრაფვაში ავითარებს.
ჰორნი თვლიდა, რომ მშობლის სიყვარულს მოკლებული ბავშვები მიდრეკილი არიან დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების განვითარებისკენ (რომელსაც ის განიხილავდა, როგორც ნევროტულ მოთხოვნილებას).
დამტკიცებულია, რომ სიყვარული, სითბო და მიმღებლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია მაღალი თვითშეფასების გასავითარებლად. გარემოსადმი ნდობის ჩამოყალიბება ბავშვს თავიდან ააცილებს გარე სამყაროს წინაშე შფოთვასა და დაძაბულობას. თავის გამოკვლევებში კუპერსმიტმა აღმოაჩინა, რომ მაღალი თვითშეფასება წარმოადგენს მშობლების მიერ მიმღებლობის, რეალისტურ საზღვრებში მოქმედების თავისუფლების არსებობის შედეგს.
საბოლოო ჯამში, თვითშეფასების ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მშობლების ყურადღების ხარისხსა და რაოდენობას, მათი მხრიდან ბავშვის უპირობო მიმღებლობას.
თვითშეფასება მრავალგანზომილებიანი ცნებაა. მაგალითად, ინდივიდს შეიძლება ჰქონდეს მაღალი თვითშეფასება პიროვნებათშორის ურთიერთობებში და ამავდროულად დაბალ შეფასებას აძლევდეს საკუთარ წარმატებებს სწავლის სფეროში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Психологическая энциклопедия - Раймонд Корсини, Алан Ауэрбах. Питер, 2006