კეხაციხეკოშკი, არქიტექტრული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში, ბაღიანების უბნის ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე, ნამოსახლარის ტერიტორიაზე. განეკუთვნება განვით შუა საუკუნეებს. კოშკი ზურგიანია (6,6 x 5,1 მეტრი; სიმაღლე 7 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია ორი სართული და III სართულის კედლების მცირე ნაწილი (დაახლოებით 0,2 მეტრ სიმაღლეზე). I სართულზე სამი მცირე ზომის სარკმელია: თითო-თითო გრძივ კედლებშია (აღმოსავლეთით და დასავლეთით), ხოლო ერთი — ზურგის (სამხრეთით) კედელში. სართულის ჩრდილოეთ კედლის ზედა ნახევარი თითქმის მთელ სიგრძეზე განგრეულია. სართული გადახურულია სხმული კამარით, რომელსაც განივკვეთში ბრტყელი თაღის ფორმა აქვს. კოშკის II სართულის მნიშვნელოვამი ნაწილი მოგვიანებითაა განახლებული. სართულის გრძივ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელი და მათ ქვემოთ, ერთ დონეზე, განლაგებული პატარა კვადრატული ფორმის ნიშებია (აღმოსავლეთით — ექვსი, დასავლეთით — ხუთი). თითო მსგავსი ნიშაა მოწყობილი ორივე სარკმელთან ახლოს, გადახურვის დონეზე. ექვსი ანალოგიური, მაგრამ სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებული ნიშაა სართულის ზურგის კედელშიც, შესასვლელი, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კედელში იყო მოწყობილი. ამჟამად კედლის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. სართულის ხის ბრტყელი გადახურვა ჰქონია. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ძელების ბუდეები.

ლიტერატურა რედაქტირება