კევინ ტუიტი

კანადელი ანთროპოლოგი, ლინგვისტი, ქართველოლოგი

კევინ ჯ. ტუიტი (ინგლ. Kevin J. Tuite; დ. 3 აპრილი, 1954, საუთ-ბენდი) — ამერიკელი, კანადელი ენათმეცნიერი, ანთროპოლოგი, ქართველოლოგი, მონრეალის უნივერსიტეტის (კანადა) პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

კევინ ტუიტი დაიბადა 1954 წელს აშშ-ში, ინდიანას შტატის ქალაქ საუთ-ბენდში. 1972-1976 წლებში სწავლობდა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე. 1980 წელს ჩაირიცხა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ფაკულტეტზე. ქართულ ენას სწავლობდა ჯერ ჩიკაგოს უნივერსიტეტში პროფესორ ჰოვარდ არონსონთან, შემდეგ, 1985-1986 წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა 1988 წელს.

1991 წლიდან მონრეალის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის განყოფილების სრული პროფესორია. იგი არის კანადისა და ირლანდიის მოქალაქე. 2010-2014 წლებში იყო ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი.

კევინ ტუიტი მრავალი წელია აქტიურად მოღვაწეობს ქართველოლოგიაში. მისი ნაშრომებია: მონოგრაფია – "Kartvelian Morphosyntax. Number agreement and morphosyntactic orientation in the South Caucasian languages" (ქართველური მორფოსინტაქსი. შეთანხმება რიცხვში და მორფოსინტაქსური ორიენტაცია სამხრეთ კავკასიურ ენებში) (1998); სტატიები: „ირიბი გარდამავალი ზმნები ქართულში“ (1987), „ქართული ყე–ს გეოგრაფია“ (1989), „პრეფიქსი ს ძველ ქართულში“ (1990), „რიცხვის კატეგორია საერთო ქართველურში“ (1992), „პარადიგმების აღდგენა ქართულში“ (1996), „სვანური ენა“ (1997), „შენიშვნები სვანურ ზმნაზე“ (1998), „დეპონენსური ზმნები ქართულში“ (2002), „ქართველური სერიების ნიშნები“ (2003) და სხვ.[1]

კევინ ტუიტი დაინტერესდა ქართული ფოლკლორითაც. მან 1994 წელს გამოსცა "An Anthology of Georgian Folk Poetry" (ქართული ხალხური პოეზიის ანთოლოგია), რომელშიც შესულია 70-მდე ნიმუში ქართული ტექსტის ინგლისური ტრანსლიტერაციითურთ.

კევინ ტუიტი აქტიურად თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან. 1985 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოში ეთნოლოგიურ და ლინგვისტურ საველე კვლევებს. იგი არის კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის მოამბის – "ამირანი" – მთავარი რედაქტორი.

კევინ ტუიტი დაქორწინებული იყო ენათმეცნიერ ამბაკო ჭკადუას ქალიშვილზე, მხატვარ ეთერ ჭკადუაზე. წყვილი ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდა.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება