კახისა და ქურმუხის ეპარქია

კახისა და ქურმუხის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია, მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში (საინგილო). 2009 წლის 30 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით (VI პუნქტი), ჰერეთის მხარე გამოეყო ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიას და ჰერეთისთვის დაინიშნა ტიტულოვანი ეპისკოპოსი ადგილსამყოფელით ქ. თბილისში. ამავე სხდომაზე წმინდა სინოდმა გამოარჩია სამღვდელმთავრო კანდიდატად არქიმანდრიტი მელქისედეკ ხაჩიძე (IX პუნქტი), რომელიც 2009 წლის 3 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეკურთხა ჰერეთის ეპისკოპოსად.

2009 წლის აგვისტოში ეპარქია უკვე დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიად მოიხსენიებოდა, 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის მიხედვით ეპარქიას დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახელი და ეწოდა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია.

2014 წლის 3 ივნისის სინოდის სხდომის განჩინებით (VII პუნქტი) ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას გამოეყო ჰერეთის სამრევლოები და შეიქმნა:

  1. ხორნაბუჯის ეპარქია
  2. კახისა და ქურმუხის ეპარქია

ამავე სხდომაზე წმინდა სინოდმა გამოარჩია სამღვდელმთავრო კანდიდატად არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი), რომლის ეპისკოპოსად კურთხევა გაურკვეველი მიზეზების გამო არ მომხდარა.

2015 წლის 25 მაისის ხსდომაზე წმინდა სინოდმა განიხილა არქიმანდრიტ დემეტრეს (თეთრუაშვილი) წერილი და დაადგინა (V პუნქტი):

1. არქიმანდრიტ დემეტრეს (თეთრუაშვილი) საკითხის შესწავლა დაევალოს სინოდალურ კომისიას, შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანანია (ჯაფარიძე) – მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი;
ბ) მაღალყოვლადუსამღვდელოესი თეოდორე (ჭუაძე) – ახალციხისა და ტაოკლარჯეთის ეპისკოპოსი;
გ) ყოვლადუსამღვდელოესი მელქისედეკი (ხაჩიძე) – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი;
დ) ყოვლადუსამღვდელოესი იაკობი (იაკობაშვილი) – ბოდბელი ეპისკოპოსი.
კომისიამ მუშაობის შედეგები მომავალ სინოდამდე უნდა წარუდგინოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
2. ჰერეთის ეპარქიის დროებითი მმართველობა დაევალა ხორნაბუჯელ ეპისკოპოს დიმიტრის (კაპანაძე).

მიუხედავად სინოდის ამ დადგენილებისა საკითხი შესწავლილი და სინოდისთვის განსახილველად გადაცემული არ არის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება