კახეთ-ხევსურეთის აჯანყება |
---|
თარიღი |
1921 წლის მაისი — 1921 წლის დეკემბერი |
---|
მდებარეობა |
აღმოსავლეთ საქართველო |
---|
მიზეზი |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ |
---|
შედეგი |
საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
კახეთ-ხევსურეთის აჯანყება — ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყება საქართველოში, რომელიც მოჰყვა საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას. აჯანყების უშუალო მესვეური იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი, დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ოფიცერი, რომელიც ემიგრაციაში არ წასულა. 1921 წლის გაზაფხულიდანვე მან ძლიერი პარტიზანული რაზმი ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა გამოსვლებს კახეთსა და ხევსურეთში, ამ რაზმმა გადაკეტა მისასვლელი გზები თუშეთ-ფშავ-ხევსურეთისაკენ. მისივე წაქეზებით პარტიზანული რაზმები შეიქმნა კახეთსა და ქართლში. ამ რაზმებს ხელმძღვანელობდნენ მ. ლაშქარაშვილი, ს. ბაგრატიონ-მუხრანელი, ლ. ლეკვინაძე, ს. ანდრონიკაშვილი, ა. სუმბათაშვილი, შ. ვაჩნაძე და სხვები. აჯანყებულებს კავშირი ჰქონდათ საქართველოს კათალიკოს ამბროსისთან. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმმა დუშეთის რაიონში განახორციელა წარმატებული ოპერაციები. „შეფიცულებმა“ ჟინვალთან მოიგეს დიდი ბრძოლა რუსეთის ჯართან, შემდეგ გამაგრდნენ ხევსურეთში. ქაქუცას რაზმების წინააღმდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ გაგზავნა დიდი რაოდენობის შეიარაღებული რაზმები. დააპატიმრეს და დახვრიტეს პარტიზანული რაზმების მესვეურები ქართლსა და კახეთში. აჯანყების წარუმატებლობის მთავარი მიზეზი პარტიული კონფლიქტი იყო. შინა პარტიული კინკლაობის გამო დაიშალა ფავლენიშვილის პარტიზანული რაზმი ზემო დუშეთში. ამის შემდეგ მოძრაობა შენელდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმიც იძულებული გახდა თავი დროებით ხევსურეთისთვის შეეფარებინა.
- სურგულაძე ა., სურგულაძე პ., საქართველოს ისტორია, თბ., 1991, გვ. 252
- Jones, Stephen F. (October 1988), „The Establishment of Soviet Power in Transcaucasia: The Case of Georgia 1921-1928“. Soviet Studies 40, No. 4: 616–639