კახამარკილია – არქეოლოგიური ძეგლი პერუში, დედაქალაქ ლიმადან 25 კილომეტრით აღმოსავლეთით, ხიკამარკას ხეობაში, მდინარე რიმაკიდან 6 კილომეტრით ჩრდილოეთით. იგი იკავებს 167 ჰექტარ ტერიტორიას და წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს არქეოლოგიურ კომპლექსს. ტერიტორია შემოფარგლულია პატარ-პატარა სოფლებით, რომლებიც უფრო მიიწევენ კომპლექსის შიგნით და მას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან, მიუხედავად იმისა, რომ იგი პერუს მთავრობის მიერ დაცულადაა გამოცხადებული.

პერუს კულტურის ეროვნული ინსტიტუტის წარწერა კახამარკილიას კომპლექსთან

კახამარკილია წარმოადგენს „აგურის ქალაქს“ (ალიზის), რომელიც ლიმის კულტურის პერიოდში მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. ასე გრძლედებოდა ჩვ.წ. მთელი პირველი ათასწლეულის მანძილზე, მაგრამ დროის დინებასთან ერთად, იცვლებოდა კლიმატი. ბუნებრივი კატასტროფების (მიწისძვრა) გახშირებამ აიძულა ადგილობრივი მოსახლეობა, მიეტოვებინა ქალაქი. ეს მოხდა ესპანელების შემოჭრამდე რამდენიმე ასეული წლით ადრე. იმის გამო, რომ კახამარკილია ძალზედ ნაყოფიერ ხეობასა და მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე მდებარეობდა, სულ მალე იგი იქცა ლიმის კულტურის მთავარ სავაჭრო, კულტურულ და რელიგიურ ცენტრად.

კომპლექსში ფართოდაა წარმოდგენილი პირამიდა-ტაძრების ნანგრევები, ფართო ქუჩები, საცერემონიო მოედნები, სასაფლაოები, მარცვლეულის მიწისქვეშა სათავსოები და სხვა უამრავი ძეგლი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება