კასაბლანკის კონფერენცია

კასაბლანკის კონფერენცია (ინგლ. Casablanca Conference), (კოდური სახელწოდება — SYMBOL) ან ანფას კონფერენცია[1] — 1943 წლის 14-24 იანვარს მიმდინარე კონფერენცია, რომლის მიზანი მოკავშირეთა ევროპული სტრატეგიის დაგეგმვა იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი (მარცხნივ) და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი (მარჯვნივ), საკუთარ მრჩევლებთან (უკან) ერთად.

კონფერენცია საფრანგეთის მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში, სასტუმრო „ანფა“-ში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, ასევე მაროკოს სუვერენი, სულთანი მუჰამედ V და თავისუფალი საფრანგეთის ძალების წარმომადგენლები, გენერლები შარლ დე გოლი და ანრი ჟირო, თუმცა ისინი უმნიშვნელო როლს ასრულებდნენ და არ იყვნენ სამხედრო დაგეგმვის მონაწილეები.[1]

საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი იოსებ სტალინი კონფერენციას არ ესწრებოდა, რის მიზეზზადაც სტალინგრადის მიმდინარე ბრძოლა და საბჭოთა კავშირში მისი ყოფნის აუცილებლობა დასახელდა.

კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი თემები ომის ტაქტიკური მიმდინარეობა, რესურსების გადანაწილება და დიპლომატიური პოლიტიკის ფართო საკითხები იყო. დებატებისა და მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდა კასაბლანკას დეკლარაცია და მისი ისტორიული დოქტრინა გერმანიისა და მისი მოკოავშირეების „უპირობო კაპიტულაციის“ შესახებ. ეს დოქტრინა წარმოადგენდა მოკავშირეთა ურყევი ნების ერთიან ხმასა და გადაწყვეტილებას, რომ ღერძის ძალებთან ბრძოლა მათ დამარცხებამდე გაგრძელდებოდა.

კონფერენციაზე ძირითადი ადგილი დაიკავა მოკავშირეთა შემდგომი სტრატეგიის შემუშავებამ საბოლოო ჯამში, 10 დღიანი დებატების შემდგომ გაერთიანებული შტაბის წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას ყველა სადავო საკითხზე და 23 იანვარს რუზველტს და ჩერჩილს წარუდგინეს 8 პუნქტისაგან შედგენილი მოხსენება, რომელშიც შეტანილი იყო ყველა ის ღონისძიება, რომელთა განხორციელებაც, სამხედროთა აზრით, მიზანშეწონილი იყო 1943 წელს. მთავარ ოპერაციად 1943 წლისთვის განისაზღვრა „ჰასკი“ (სიცილიის დაკავების კოდური სახელწოდება), რომელიც უნდა განხორციელებულიყო 1943 წლის ივლისში. ფაქტობრივად ეს ნიშნავდა 1943 წელს ლა-მანშის ფორსირებაზე უარის თქმას. მართალია, მოკავშირეები განიხილავდნენ საფრანგეთში შეჭრის საკითხსაც, მაგრამ მათ მხოლოდ დაადგინეს, რომ ასეთი ოპერაციის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა აგვისტოში, უკიდურეს შემთხვევაში კი სექტემბერში. სწორედ ასე აცნობა ჩერჩილმა სტალინს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და დაუმალა, რომ საფრანგეთში შეჭრა ფაქტობრივად 1944 წლისთვის გადაიდო.

საბჭოთა ლიდერის რეაქცია მიღებულ ცნობაზე უარყოფითი გამოდგა. მან მაშინვე პროტესტებით მიმართა რუზველტს და ჩერჩილს იმის გამო, რომ ლა-მანშის ფორსირება მოხდებოდა მხოლოდ 1943 წლის აგვისტო-სექტემბერში და არა გაზაფხულზე, რასაც მას 1942 წლის აგვისტოდან ჰპირდებოდნენ. რა თქმა უნდა, სტალინის რეაქცია ბევრად უფრო მკაცრი იქნებოდა, მას რომ სრული სიმართლე სცოდნოდა, თუმცა საბჭოთა ლიდერს რაღაც წინათგრძნობა მაინც აწუხებდა. ის ეჭვობდა, რომ მოკავშირეები მას ატყუებდნენ. შესაძლოა, სტალინს ჰქონდა კიდეც რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რეალურად რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული კასაბლანკაში. ყოველ შემთხვევაში, ის არ დაკმაყოფილდა რუზველტისა და ჩერჩილის პასუხებით, რომ მეორე ფრონტის გახსნის აგვისტო-სექტემბრამდე გადავადება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით, კერძოდ: ჩრდილოეთ აფრიკაში საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურებითა და საესკორტო გემების ნაკლებობით. სტალინმა მოკავშირეებს ხელმეორედ გაუგზავნა პროტესტები, თუმცა ამას გარკვეული შედეგი არ მოჰყოლია და ამ თემის განხილვა მათ მიმოწერაში დროებით შეწყდა.

მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციას მხოლოდ სამხედრო საკითხები უნდა განეხილა, რუზველტმა და ჩერჩილმა დიდი ყურადღება დათმეს პოლიტიკური პრობლემებს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ე.წ. „ფრანგების საკითხი“, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 1942 წლის 24 დეკემბერს ალჟირში თავის ოფიციალურ რეზიდენციაში მოკლეს ადმირალი დარლანი ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაში ფრანგული ადმინისტრაციის მეთაურის პოსტი სასწრაფოდ დაიკავა ამერიკელმა გენერალმა ანრი ჟირომ, თუმცა ინგლისელები შარლ დე გოლს ანიჭებდნენ უპირატესობას.

კასაბლანკაში რუზველტმა და ჩერჩილმა სცადეს, შეეთანხმებინათ ფრანგული ადმინისტრაციის რეორგანიზების საკითხი. ამ მიზნით მაროკოში მიიწვიეს ანრი ჟირო და დე გოლი. ჟირომ უმალ მიიღო მოწვევა და 17 იანვარს უკვე კასაბლანკაში იყო. დე გოლმა კი თავდაპირველად სასტიკი უარი განაცხადა შეხვედროდა ჟიროს მოკავშირეთა ფორუმზე, რადგანაც ეს, მისი აზრით, ყველასათვის ნათელს გახდიდა, რომ ორივე ფრანგი ლიდერი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, გენერალი დე გოლი იძულებული გახდა, დათანხმებულიყო მაროკოში გამგზავრებას და 22 იანვარს ჩავიდა კასაბლანკაში. იმავე დღეს ის შეხვდა ჟიროს, მაგრამ არავითარი შედეგი მათ პირველ შეხვედრას არ მოჰყოლია. ჟირო ყოველნაირად ცდილობდა, თავი აერიდებინა პოლიტიკურ პრობლემებზე მსჯელობისათვის და აცხადებდა, რომ მას მხოლოდ სამხედრო საკითხები აინტერესებდა.

ამის შემდეგ დე გოლი შეხვდა ჩერჩილს, რომელმაც წარმოადგინა რუზველტის გეგმის მოდერნიზებული ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ორივე ფრანგი ლიდერი უნდა გამხდარიყო ახალი ადმინისტრაციის თანათავმჯდომარე, რომელთაც თანაბარი უფლებები ექნებოდათ, მაგრამ უმაღლესი სამხედრო სარდალი უნდა ყოფილიყო ჟირო. ჩერჩილის თქმით, ამის მიზეზი იყო ის, რომ ფრანგული ნაწილების შეიარაღება ამერიკელთა მოვალეობას წარმოადგენდა, მათ კი სამხედრო საკითხებზე მხოლოდ ჟიროსთან სურდათ მოლაპარაკება. ამ გეგმის მიხედვით, კომიტეტს უნდა ჰყოლოდა კიდევ ერთი თანათავმჯდომარე. დე გოლს არ მოეწონა ასეთი პერსპექტივა და უარი განაცხადა მასზე.

იმავე დღეს, ჩერჩილთან შეხვედრის შემდეგ, დე გოლი მიიღო რუზველტმაც, მაგრამ არც ამას მოჰყოლია რაიმე კონკრეტული შედეგი. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს ერთი გარემოება, კერძოდ ის, თუ რა ვითარებაში შედგა აღნიშნული შეხვედრა. მიღების ადგილი გარშემორტყმული იყო აშშ-ს საიდუმლო სამსახურის შეიარაღებული აგენტებით. ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ რუზველტსა და მის ადმინისტრაციას დე გოლის მიმართ და რამდენად ენდობოდა ამ უკანასკნელს თეთრი სახლი.

საბოლოო ჯამში, დე გოლის მტკიცე პოზიციამ აიძულა რუზველტი და ჩერჩილი უკან დაეხიათ და უარი ეთქვათ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. მიღწეულ იქნა მხოლოდ ზოგადი შეთანხმება მომავალში ერთობლივი ფრანგული კომიტეტის შექმნაზე, მაგრამ მისი ხელმძღვანელობისა და შემადგენლობის საკითხი ღიად დარჩა. ერთადერთი დათმობა, რომელზეც დე გოლი წავიდა, იყო ის, რომ დათანხმდა ფოტორეპორტიორების წინაშე ანრი ჟიროსთვის ხელის ჩამორთმევაზე. ეს მოხდა 24 იანვარს მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც ჩერჩილმა და რუზველტმა გააცნეს კორესპონდენტებს კასაბლანკის კონფერენციის შედეგები.

აღნიშნული პრესკონფერენცია კასაბლანკის სამიტის ერთგვარ კულმინაციად იქცა, ვინაიდან მასზე რუზველტის მიერ პირველად იქნა დეკლარირებული ღერძის ქვეყნების „უპირობო კაპიტულაციის“ ფორმულა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ გერმანიასთან, იტალიასთან და იაპონიასთან მოლაპარაკებები გაიმართებოდა მხოლოდ ერთი პრინციპით: ამ უკანასკნელთა მიერ უპირობო კაპიტულაციის გამოცხადების შემთხვევაში. რუზველტის ამ განცხადების გამო კასაბლანკის შეხვედრას „უპირობო კაპიტულაციის კონფერენცია“ ეწოდა. კასაბლანკის კონფერენციამ მუშაობა დაასრულა 1943 წლის 24 იანვარს, შემდეგი შეხვედრა უმაღლეს დონეზე კი შედგა მაისში, როდესაც საომარი მოქმედებები აფრიკაში უკვე სრულდებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პაპასქირი თ. ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია 1914–1945, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ., 2009, გვ. 312–314.
  1. 1.0 1.1 Miller, Susan Gilson. (2013). A history of modern Morocco. New York: Cambridge University Press. ISBN 978-1-139-62469-5. OCLC 855022840.