კარლო უჩანეიშვილი

კარლო უჩანეიშვილი (დ. 26 იანვარი, 1926, ხობის რაიონი — გ. 17 თებერვალი, 1962) — ქართველი გეოლოგი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1932 წელს მშობლებმა ფოთის საშუალო სკოლაში მიაბარეს. სწავლის პერიოდში თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა მოსწავლემ. აქ მან დაამზადა ფოთის ნავსადგურის მოქმედი მაკეტი, რომელიც ექსპონირებული იყო ქ. თბილისის მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასწავლო-შემოქმედებით ოლიმპიადაზე. 1942 წელს კარლო უჩანეიშვილი ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე. უმაღლესი სასწავლებელი 1948 წელს დაამთავრა ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით და სამუშაოდ განაწილებულ იქნა მინერალური ნედლეულის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალში უმცროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. 1950 წელს კარლო უჩანეიშვილი მიიღეს მოსკოვის მინერალური ნედლეულის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1954 წელს, წარმატებით დაიცვა დისერტაცია გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. იმავე წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდება.

1956 წელს კარლო უჩანეიშვილი, სამეცნიერო-ტექნიკური დახმარების მიზნით, მივლენილი იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საძიებო-გეოლოგიურ სამუშაოებს ურანის მადნის მოსაპოვებლად. მიღწეული წარმატებებისთვის იგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს. 1959 წელს კარლო უჩანეიშვილი კონკურსით არჩეულ იქნა ყაზახეთის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მიმართულების ერთ-ერთი ლაბორატორიის ხელმძღვანელად. მას მინდობილი ჰქონდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამეცნიერო პრობლემის გადაჭრა. ამ სამუშაოს შესრულებისას ნათლად გამოჩნდა მისი, როგორც სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების ჭეშმარიტი სპეციალისტის ნიჭი და უნარი. კარლო უჩანეიშვილი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, ყაზახეთში, 1962 წლის 17 თებერვალს. ის მხოლოდ 36 წლის იყო, მაგრამ როგორც მეცნიერი და მკვლევარი, უკვე, მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა ინჟინერ-გეოლოგთა ფართო წრეებში. კარლო უჩანეიშვილს დარჩა მეუღლე, ტურფა დოლიძე და ორი მცირეწლოვანი ვაჟი - ლევანი და ირაკლი. ლევან უჩანეიშვილი საქათველოში ცნობილი მსახიობია. ძმები ამჟამად ამერიკაში ცხოვრობენ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კარლო უჩანეიშვილი // გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები : კრებული. თბ., 2012 გვ. 137-138

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება