კარლოს სლიმ ელუ

(გადამისამართდა გვერდიდან კარლოს სლიმი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კარლოს სლიმ ელუ (Carlos Slim Helú; დ. 28 იანვარი, 1940) — მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი, რომელიც უმთავრესად ჩართულია სატელეკომუნიკაციო ბიზნესში. ამჟამად იგი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, რომელმაც გადაასწრო ბილ გეიტსა და უორენ ედვარდ ბაფეტს 2010 წლის ფორბსის მონაცემებით. მისი ქონება შეადგენს 53.5 მილიარდ დოლარს.

კარლოს სლიმ ელუ

სლიმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მექსიკისა და მთლიანად ლათინური ამერიკის სატელეკომუნიკაციო ბიზნესში. მის მფლობელობაშია Telmex, Telcel, Amerika Movil და სხვა შვილობილი კომპანიები. მიუხედავად მისი აქტიური ჩარევისა კომპანიების მართვაში, მის კომპანიებს საკუთარი შვილები მართავენ. 2004 წლის ნოემბერში მან სინდიკატ Grupo Carso-ს, კორპორაცია Carso Global Telecom-ის და მათთან ასოცირებული კომპანიების ხელმძღვანელობაზე უარი თქვა და სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფის, სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის და მისი მთავარი კომპანია Telmex-ის და შვილობილი კომპანია America Telecom-ის თავკაცად უფროსი ვაჟი კარლოს სლიმ დომიტი დანიშნა, ხოლო უმცროს შვილებს პატრიკს და მარკო ანტონიოს, გვაროვნული იმპერიის საბაზო საფინანსო სტრუქტურები: America Movil და Grupo Financiero Inbusa გადაულოცა.

ადრეული წლები

რედაქტირება

კარლოს სლიმი დაიბადა მეხიკოში 1940 წლის 28 იანვარს. კარლოსის მამა ხულიენ სლიმ ჰადადი მექსიკაში მარტო ჩავიდა ლიბანიდან 1902 წელს 14 წლის ასაკში და ესპანური ენის ცოდნის გარეშე. მიზეზი კი იყო ის, რომ 15 წლის შესრულებისთანავე ლიბანელი ბიჭები ოსმალეთის იმპერიის ჯარში მიჰყავდათ და მშობლები ცდილობდნენ ამ ასაკის მიღწევამდე თავიანთი შვილები გაეშვათ სხვა ქვეყანაში. კარლოსის დედა ლინდა ჰელუ დაიაბადა მექსიკის შტატ ჩიხუახუას ქალაქ პარალში, მისი მშობლებიც ლიბანელი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც მექსიკაში XIX საუკუნეში ჩავიდნენ. მათ იყიდეს მექსიკის პირველი არაბული პრესა და დააარსეს მექსიკაში პირველი ჟურნალი ლიბანელი საზოგადოებისათვის. 1911 კარლოსის მამამ ხულიენმა დააარსა მზა-ტანსაცმლის მაღაზია La Estrella del Oriente (აღმოსავლეთის ვარსკვლავი) და შეიძინა უძრავი ქონება მეხიკოს ცენტრში.

1926 წლის აგვისტოში ხულიენ სლიმი და ლინდა ჰელუ დაქორწინდნენ მეხიკოში. მათ შეეძინათ ექვსი შვილი, რომელთაგან კარლოსი იყო უმცროსი ვაჟი.

სლიმი სწავლობდა საინჟინრო საქმეს Universidad Nacional Autónoma de México-ში. 26 წლის ასაკში მისი ქონება უკვე შეადგენდა 40 მილიონ დოლარს. 1967 წელს მან ცოლად შეირთო სოუმაია დომით გემეიელი, რომელიც ასევე ლიბანელი მექსიკელი იყო. მათაც ექვსი შვილი შეეძინათ და ერთად ცხოვრობდნენ 32 წელი დომითის სიკვდილამდე, რომელიც გარდაიცვალა 1999 წელს თირკმლის დაავადებით.

მიღწევები

რედაქტირება

სლიმი იყო მექსიკის საფონდო ბირჟის ვიცე პრეზიდენტი და მექსიკის საბროკერო ასოციაციის პრეზიდენტი. ის იყო ლათინური ამერიკის კომიტეტის პირველი პრეზიდენტი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE).

ის იყო დირექტორთა საბჭოს წევრი Alcatel-ისა და Altria Group-ის (ყოფილი Philip Morris... 2006 წელს დატოვა საბჭო). სლიმი დღემდე Philip Morris International-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. ის იყო SBC Communication-ის საბჭოს წევრიც 2004 წლის ივლისამდე და დატოვა საბჭო, რათა მეტი დრო დაეთმო World Education & Development Fund-ისთვის, რომელიც ორიენტირებულია საგანმანათლებლო პროექტებზე. 1997 წელს სლიმმა შეიძინა კომპანია Apple Computer-ის აქციები მას შემდეგ, რაც ამ კომპანიამ დაიწყო iMac-ის წარმოება.

მან შექმნა უდიდესი საფინანსო-სამეწარმეო გაერთიანება Grupo Carso, რომელიც მართავს მრავალ შვილობილ კომპანიას. 80-იანი წლების ბოლოს მექსიკური ბაზრის სხვადასხვა სექტორში Grupo Carso-ს ექსპანსიამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ამ ქვეყნის ყოველ მეორე მცხოვრებს და საწარმოს ყოველდღიურად სინდიკატის რომელიმე სტრუქტურასთან შეხება ჰქონდა და მისი პროდუქციის მომხმარებელი ხდებოდა.

სლიმმა განაცხადა, რომ იგი დაინტერესებულია შეიძინოს ჰონდას ფორმულა 1-ის გუნდი. მას სურს გადაასწროს Force India F1-ს მფლობელ ვიჯეი მელიას, რათა გახდეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი გუნდის მფლობელი. ის ასევე აპირებს შეიძინოს ამერიკის საფეხბურთო ლიგაში მოთამაშე ერთ-ერთი გუნდი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება