კარენ კარპენტერი

ამერიკელი მომღერალი და მუსიკოსი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კარენ ენ კარპენტერი (ინგლ. Karen Anne Carpenter; დ. 2 მარტი, 1950 — გ. 4 თებერვალი, 1983) — ამერიკელი მომღერალი და დრამერი, რომელიც ძმასთან, რიჩარდ კარპენტერთან, ერთად იყო მუსიკალური დუეტი The Carpenters-ის წევრი. 2010 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნმა იგი ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერალს შორის დაასახელა.[1]

კარენ კარპენტერი

კარპენტერი თეთრ სახლში 1972 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კარენ ენ კარპენტერი
დაბ. თარიღი 2 მარტი, 1950
დაბ. ადგილი ნიუ-ჰეივენი, კონექტიკუტი, აშშ
გარდ. თარიღი 4 თებერვალი, 1983 (32 წლის)
გარდ. ადგილი დაუნი, კალიფორნია, აშშ
დასაფლავებულია ველი ოუკსის მემორიალური პარკი
საქმიანობა მომღერალი, მუსიკოსი
აქტიური 1968–1983
საიტი richardandkarencarpenter.com
კარენ კარპენტერი ვიკისაწყობში

კარპენტერი კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ჰეივენში დაიბადა, ხოლო 1963 წელს ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა. მან დრამზე დაკვრა საშუალო სკოლის პერიოდში დაიწყო. კარპენტერმა ქალაქ ლონგ-ბიჩში კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც გუნდის წევრი გახდა, ხოლო 1965 წლიდან ძმის ბენდს შეუერთდა. რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემდეგ The Carpenters-მა 1969 წელს A&M Records-თან კონტრაქტი გააფორმა. 1970-იან წლებში მათმა დუეტმა როგორც კრიტიკულ, ისე კომერციულ წარმატებას მიაღწია. კარენი თავდაპირველად მხოლოდ დრამერი იყო, თუმცა თანდათან წამყვანი მომღერლის პოზიციაზე გადაინაცვლა. 1970-იანი წლების დასასრულს, როცა The Carpenters-მა პაუზა გამოაცხადა, მან სოლო ალბომი ჩაწერა, რომელიც მისი სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ გამოვიდა.

კარპენტერი ანორექსიით იტანჯებოდა, რაც იმ პერიოდში ნაკლებად ცნობილი პრობლემა იყო. იგი 32 წლის ასაკში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა, რაც მისი ჯანმრთელობის გართულებულმა მდგომარეობამ გამოიწვია. კარპენტერის კვებითმა აშლილობამ მოგვიანებით გაზარდა ცნობადობა ანორექსიისა და სხეულის დისმორფიის შესახებ.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კარენ კარპენტერი 1950 წლის 2 მარტს კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ჰეივენში აგნეს და ჰაროლდ კარპენტერების ოჯახში დაიბადა.[2] ჰაროლდ კარპენტერი ჩინეთში იყო დაბადებული, სადაც მისი მშობლები მისიონერულ საქმიანობას ეწეოდნენ. მან ინგლისის სკოლა-ინტერნატებში მიიღო განათლება, რის შემდეგაც ბეჭდვით ბიზნესში დასაქმდა.[3]

კარენის ძმამ, რიჩარდმა, რომელიც მასზე სამი წლით იყო უმცროსი, ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა მუსიკისადმი ინტერესი და ფორტეპიანოზე დაკვრის ნიჭი. კარენმა ცეკვისადმი გამოავლინა მისწრაფება და ოთხი წლის ასაკში სტეპისა და ბალეტის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული.[4]

1963 წელს კარპენტერების ოჯახი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესის გარეუბან დაუნიში გადავიდა. 14 წლის კარენმა დაუნის საშუალო სკოლაში დაიწყო სწავლა.[5] იგი სკოლის ბენდს შეუერთდა, რომლის ხელმძღვანელმაც მას გლოკსპენსელზე დაკვრა დაავალა. კარენს არ მოსწონდა ეს საკრავი და მას შემდეგ, რაც დრამერი მეგობრისა და კლასელის, ფრენკი შავეზის, შესრულებით მოიხიბლა, თავადაც დრამზე დაკვრა გადაწყვიტა.[6] მას Ludwig-ის დრამის ნაკრები სურდა, რომელსაც მისი საყვარელი დრამერები, ჯო მორელო და რინგო სტარი, იყენებდნენ. შავეზმა კარპენტერის მშობლები დაარწმუნა, შვილისთვის სასურველი დრამის ნაკრები ეყიდათ, რის შემდეგაც მისთვის დაკვრის სწავლება დაიწყო.[7] კარენმა განსაკუთრებული ენთუზიაზმი გამოავლინა და მალევე დაკვრის სხვადასხვა ტექნიკას დაეუფლა.

1967 წელს კარპენტერი კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. იგი რიჩარდთან ერთად კოლეჯის გუნდის წევრი გახდა. გუნდის ხელმძღვანელმა, ფრენკ პულერმა შეამჩნია, რომ კარენს კარგი ხმა ჰქონდა, რომელიც პოპ-მუსიკას შეეფერებოდა და მას სამოქტავიანი ვოკალური დიაპაზონის განვითარებაში დახმარების მიზნით გაკვეთილებს უტარებდა.[8]

კარპენტერისთვის პირველი ბენდი იყო Two Plus Two, გოგონათა ტრიო, რომელიც მან დაუნის საშუალო სკოლის მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბდა. ბენდი მას შემდეგ დაიშალა, რაც კარენს რიჩარდმა თავის ჯგუფში გაწევრიანება შესთავაზა.[9] 1965 წელს კარენმა, რიჩარდმა და მისმა კოლეჯის მეგობარბა უეს იაკობსმა, რომელიც ბასისტი და ტუბისტი იყო, Richard Carpenter Trio ჩამოაყალიბეს.[10] ისინი ყოველდღიურად ვარჯიშობდნენ და ღამის კლუბებში ჯაზს ასრულებდნენ. ჯგუფი აგრეთვე გამოჩნდა შოუში Your All-American College Show.[6] ამ პერიოდში კარენი მხოლოდ დრამერი იყო და ვოკალური ნომრებისთვის ბენდი მომღერალ მარგარეტ შენორს იწვევდა.[10] ტრიომ კონტრაქტი გააფორმა RCA Records-თან.

 
კარპენტერი სცენაზე დრამერობისას 1970-იანი წლების დასაწყისში

1966 წელს კარპენტერები მოსმენაზე მიიწვია ბასისტმა ჯო ოსბორნმა, რომელიც მუსიკალური კოლექტივი The Wrecking Crew-ის წევრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კარენი მხოლოდ დრამერობას აპირებდა, მოსმენაზე მან სიმღერა სცადა და თავისი გამორჩეული ხმით ყველა მოხიბლა.[11] ოსბორნმა მას კონტრაქტი გააფორმებინა თავის ლეიბლთან Magic Lamp Records, რიჩარდის ჩართულობით კი არ დაინტერესებულა.[12]

1967 წელს იაკობსმა ტრიო ჯულიარდის სკოლაში სასწავლებლად დატოვა, რის შემდეგაც კარპენტერები სხვადასხვა სტილში ცდილობდნენ შესრულებას.[7] მუსიკოსებთან, გერი სიმსთან და ჯონ ბეტისთან, ერთად მათ ჯგუფი Spectrum ჩამოაყალიბეს. მათ ოსბორნის სტუდიაში მრავალი დემო ლენტი ჩაწერეს, თუმცა ხმისჩამწერმა კომპანიებმა მათი უმრავლესობა დაიწუნეს.[13][14] ჯგუფს უჭირდა საზოგადოებაში ცდობადობის მოპოვება, რადგან მათი ჟღერადობა არ ჰგავდა ჰარდ-როკისა და ფსიქოდელიური როკის ჟღერადობას, რომელიც იმ პერიოდში კლუბებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.[15][16]

1969 წელს კარპენტერებმა A&M Records-თან გააფორმეს კონტრაქტი.[17][18] კარენი როგორც ჯგუფის დრამერი, ასევე ვოკალისტიც იყო. მან The Carpenters-ის პირველი ალბომისთვის Ticket to Ride სიმღერათა უმრავლესობა შეასრულა, ხოლო რიჩარდმა ცამეტიდან ათი სიმღერა დაწერა და ხუთი მათგანი შეასრულა. მათ უნისონში შეასრულეს ალბომის გამხსნელი და დასკვნითი სიმღერები. დრამზე დაკვრის გარდა, კარენმა ბასგიტარის აკომპანიმენტი შეასრულა სიმღერებისთვის: „All of My Life“ და „Eve“.[19][19][20] ჯგუფმა ჩაწერა ლენონი–მაკ-კარტნი-ის სიმღერის „Ticket to Ride“ ქავერ ვერსია, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით დაასათაურეს ალბომი. „Ticket to Ride“, როგორც The Carpenters-ის პირველი სინგლი, გამოვიდა. სიმღერამ ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში 54-ე ადგილს მიაღწია.[21] 1970 წელს ჯგუფმა გამოუშვა მომდევნო ალბომი Close to You. ალბომიდან ჰიტებად იქცა სინგლები: „Close to You“ და „We've Only Just Begun“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 100 Greatest Singers of All Time. როლინგ სტოუნი (2010).
  2. Coleman 1994, pp. 29–33.
  3. Schmidt 2010, pp. 11, 26.
  4. Schmidt 2010, pp. 15–17.
  5. Schmidt 2010, p. 24.
  6. 6.0 6.1 Schmidt 2012, p. 21.
  7. 7.0 7.1 Schmidt 2010, p. 42.
  8. Schmidt 2012, p. 22.
  9. Schmidt 2010, pp. 43–44.
  10. 10.0 10.1 Schmidt 2010, p. 45.
  11. Schmidt 2010, p. 49.
  12. Schmidt 2010, p. 50.
  13. Schmidt 2012, pp. 1902–1903.
  14. Schmidt 2010, p. 62.
  15. Schmidt 2010, p. 47.
  16. „The Carpenters – 10 of the best“. The Guardian. 2017.
  17. Made in America (Media notes). A&M Records. 1981. SP-3723.
  18. Schmidt 2012, p. 1903.
  19. 19.0 19.1 Schmidt 2010, pp. 75–76.
  20. Coleman 1994, p. 80.
  21. Schmidt 2010, p. 78.