ია კარგარეთელი

(გადამისამართდა გვერდიდან კარგარეთელი, ია)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 26 ოქტომბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ილია (ია) კარგარეთელი (დ. 1867, სოფ. ერთაწმინდა, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 31 მარტი, 1939, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, მომღერალი (ტენორი) და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1938).[1]

ია კარგარეთელი
დაბადების თარიღი 1867
სოფ. ერთაწმინდა, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი, 1939
თბილისი
მშობლები მამა: გიორგი კარგარეთელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობაში ია კარგარეთელი მღეროდა თბილისის სიონის ეკლესიისა და ვლადიმერ აღნიაშვილის გუნდებში (1884–1885), ხოლო სიმღერაში მეცადინეობდა ქართული გუნდის ხელმძღვანელთან ი. რატილთან.

1889–1891 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიის მუსიკალურ-დრამატულ სასწავლებელში ვოკალურ და თეორიულ განყოფილებებზე. ამ წლებშივე ქართული ხალხური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით კარგარეთელმა მოსკოვში ქართული მუსიკის საღამოები დააარსა, რომლებშიც მონაწილეობდა როგორც მომღერალი და გუნდის დირიჟორი. 1891 წელს მოსკოვში წაიკითხა მოხსენება „ქართული მუსიკის რაობა და ქართული მუსიკალური საკრავები“. 1895 წელს დაბრუნდა თბილისში. ამ პერიოდში შექმნა პირველი ნაწარმოებები — რომანსები „შევიშრობ ცრემლსა“ და „ლამაზო ქალო“.

1896 წლიდან ოპერის თეატრის სოლისტია, 1905-იდან — რეჟისორი. ვალერიან გუნიასთან ერთად პირველად თარგმნა ქართულ ენაზე „სევილიელი დალაქისა“ და „დემონის“ ლიბრეტოები. ეს ოპერები კარგარეთელმა თვითონვე დადგა და ბარტოლოსა და სინოდალის პარტიებიც შეასრულა. კარგარეთელმა თარგმნა ქართულად აგრეთვე ოპერების — „პიკის ქალის“, „ფაუსტის“, „ტრავიატას“, „რიგოლეტოს“, „ბალ-მასკარადის“, „ოტელოსა“ და „ბოჰემის“ ლიბრეტოები. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების დაარსებასა (1903) და შემდგომ მუშაობაში. 1908 წელს კარგარეთელმა გამოსცა თავისი შეკრებილი ქართული პოეტური ფოლკლორის ნიმუშები. მის ფოლკლორისტულ მოღვაწეობას დიდად აფასებდნენ ა. წერეთელი, ა. ხახანაშვილი. 1910 წელს დააარსა ქართული საგუნდო საზოგადოება. 1910 წლიდან ასწავლიდა სიმღერასა და მუსიკას თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1922–1925 წლებში მუსიკის ისტორიასა და თეორიას თბილისის კონსერვატორიაში.

ია კარგარეთელმა ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ქართული რომანსის ნიმუშები. მისი ნაწარმოებების საფუძველს წარმოადგენს ქართული ქალაქური ფოლკლორი. მას ეკუთვნის მრავალი საგუნდო ნაწარმოები. გამოაქვეყნა ქართული ხალხური სიმღერების 3 კრებული (1890, 1909, 1921 — „ქართული საბავშვო სიმღერები“). კარგარეთელის ნაშრომებია: „ქართული მუსიკის შესახებ“ (მოსკოვი, 1893), „მოკლე ნარკვევი ქართულ მუსიკაზე“ (1901), „მოკლე პოპულარული მუსიკალური ენციკლოპედია“ (1933) და მრავალი სტატია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • არაყიშვილი დ., ია კარგარეთელი, „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1945, № 14;
  • გავაშელი ლ., ია კარგარეთელი, თბ., 1959;
  • ჩიქოვანი მ., ქართული ფოლკლორი, თბ., 1946

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ია კარგარეთელი (1867-1939). www.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021[მკვდარი ბმული]