ზურაბ კაპანაძე

(გადამისამართდა გვერდიდან კაპანაძე, ზურაბ)

ზურაბ რაჟდენის ძე კაპანაძე (დ. 15 ნოემბერი, 1924, თბილისი — გ. 20 ოქტომბერი, 1989, იქვე) — ქართველი მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967).

ზურაბ კაპანაძე

ზურაბ კაპანაძე
სრული სახელი ზურაბ რაჟდენის ძე კაპანაძე
დაიბადა 15 ნოემბერი, 1924
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 20 ოქტომბერი, 1989 (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1925 წლის 15 ნოემბერს თბილისში, რაჟდენ და სოფიო კაპანაძეების ოჯახში. მხატვრის მამა ასოთამწყობი იყო, დედა — დიასახლისი. სტამბაში მუშაობისას მამას ფილტვები დაუავადდა და სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. მაშინ ზურა ექვსი წლის იყო. ოცდაათი წლის ასაკში დაქვრივებულმა სოფიომ სამი შვილი აღზარდა. ზურაზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ უფროსი დები — რუსუდანი და ქეთევანი.

1953 წელს ზურაბ კაპანაძემ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც მას ასწავლიდნენ ბრწყინვალე პედაგოგები იოსებ შარლემანი, სერგო ქობულაძე, ვ. შერპოლოვი, სოსო და დუდა გაბაშვილები. 1953 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. ის იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი გრაფიკის კათედრის პროფესორი, თეატრის მოღვაწეთა კავშირის სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების მთავარი მხატვარი, გამომცემლობა „ხელოვნების“ მთავარი მხატვრული რედაქტორი, წლების მანძილზე მუშაობდა მხატვრად საბავშვო ჟურნალ „დილაში“, სადაც ხალისიან, ბავშვებისთვის გასაგებ ილუსტრაციებს ქმნიდა.

ზურაბ კაპანაძე იყო ქართული წიგნის მხატვრული გაფორმებისა და მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ღვაწლმოსილი ოსტატი, რომელმაც საკმაოდ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით იცხოვრა და შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა: 200-მდე გრაფიკულად გაფორმებული წიგნი, მონუმენტურ-დეკორატიული ფორმები, პლაკატები, აფიშები, ბუკლეტები და კალენდრები.

გარდაიცვალა 1989 წლის 20 ოქტომბერს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

შემოქმედება

რედაქტირება

ზურაბ კაპანაძე ძირითადად წიგნის გაფორმების დარგში მუშაობდა. მისი მთავარი ნამუშევრებია ილუსტრაციები წიგნებისათვის: ი. აბაშიძის „რას გადაურჩა თბილისი“ (1963), ინგლისური „ვეფხისტყაოსანი“, თარგმნა ვ. ურუშაძემ, შესავალი დაურთო დ. ლანგმა, ეძღვნება მარჯორი უორდროპის ხსოვნას (1966), მინიატიურული „ვეფხისტყაოსანი“ (1967), „ქართული ხელნაწერები“ (1970). ქართული წიგნის ოქროს ფონდში დარჩა ზურაბ კაპანაძის მიერ გაფორმებული და დამაკეტებული „ხახულის კარედი“ (1972), „ვარდანანქი“ (ისტ. რომანი 2 წიგნად, 1962), ისიკავა ტაკიბოკუს მინიატურული გამოცემის ილუსტრაციები (ასი ტანკა, 1970), რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა ბრატისლავისა და ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენებზე.

ზურაბ კაპანაძეს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ნაწარმოებების გაფორმებისას მათ მიმართ განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. ჩანს, ის უზარმაზარ მოსამზადებელ სამუშაოს ატარებდა, რათა უზუსტესად მონახული მხატვრული ხერხებით, ეპოქისა თუ ჟანრის გათვალისწინებით გაეფორმებინა ჟან ანუის „ანტიგონე“ თუ სტენდალის „წითელი და შავი“, ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ თუ „მატიანური“, „უბისის მხატვრობა“ თუ ქართული ხალხური ზღაპრები, იაპონური პოეზიის კრებული თუ „ვეფხისტყაოსანი“...

გამოუქვეყნებელი დარჩა ზურაბ კაპანაძის მიერ შესრულებული „შუშანიკის წამების“ ილუსტრაციები, რომლის შესახებ ხელოვნებათმცოდნე ანა კლდიაშვილი წერდა: „უზადო აკადემიური ნახატი, მცირეოდენი სტილიზაციის ელემენტები, კლასიკური პრინციპების მიხედვით აგებული კომპოზიციები, შესანიშნავი მხატვრული სახეები გმირებისა ნებისმიერ გამოცემას დაამშვენებდა.“ თუმცა მხატვარმა ჩათვალა, რომ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, რის გამოც მისი ილუსტრაციები „შუშანიკის წამების“ საიუბილეო კრებულში ვერ მოხვდა.

აღსანიშნავია კაპანაძის წვლილი ჩვენი ეროვნული კულტურის პროპაგანდისათვის განკუთვნილი ფართოფორმატიანი კალენდრებისა და მსხვილი შრიფტით გამოცემული თვალსაჩინო ქართული ანბანების გაფორმების საქმეში. მას ეკუთვნის ერთ-ერთი პირველი საეკლესიო კალენდრის გაფორმება. მის მიერ შექმნილმა ფარნავაზის წარმოსახვითმა პორტრეტმა საზოგადოებაში პოპულარობა მოიპოვა და ქრესტომათიულ ნიმუშად იქცა.

ზურაბ კაპანაძე დაზგური გრაფიკის შესანიშნავი ოსტატი იყო. მის დაზგურ ნაწარმოებთა შორის გამოირჩევა „ბერიკაობა“. აქ ეროვნული ფოლკლორული მოტივებია გარდაქმნილი გრაფიკის პირობით ენაზე. ზურაბ კაპანაძის დაზგურ გრაფიკაში მონუმენტალისტის მიდგომა ჩანს. მის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს გამოარჩევს მკვეთრი რელიეფურობა, შინაგანი სისავსე. საგანი მასთან ყოველთვის მოცულობითია. ეს თვისება გამოჩნდა ერთ-ერთ შესანიშნავ აფიშაშიც, რომელიც მხატვარმა ჰერმან ვედეკინდის მიერ დადგმულ რიხარდ ვაგნერის ოპერის „მფრინავი ჰოლანდიელის“ თბილისურ პრემიერას მიუძღვნა.

ზურაბ კაპანაძე ნაყოფიერად მოღვაწეობდა მონუმენტური ხელოვნების დარგში. მან მხატვართა და არქიტექტორთა ჯგუფთან ერთად (რომელშიც გიორგი ჩახავა შედიოდა) დიდი წვლილი შეიტანა ე.წ. „ფუნქციური სკულპტურის“ დამკვიდრების საქმეში. ჯგუფმა შეიმუშავა თხევადი მინის ახალი ტექნოლოგია, რომელშიც პატენტიც აქვს აღებული. მისი ხსოვნის ძეგლად იქცა კაფე „ფანტაზია“ ქ. ბათუმში (ფუნქციონირებდა 2000 წ-მდე). ეს არის რვაფეხა, რომლის მხატვრული გაფორმებისას ზურაბ კაპანაძემ იშვიათი მახვილგონივრულობა და გამომგონებლობა გამოიჩინა.

ზურაბ კაპანაძე მიეკუთვნება 1950-იანი წლების თაობას, რომელმაც წმინდა მხატვრული და ფორმალური სიახლეები მოიტანა. მხატვარი არასოდეს წასულა კომპრომისზე, არ უხატია პროლეტარიატის ბელადთა პორტრეტები. თუმცა პლაკატების ხატვისას ზოგჯერ დამკვეთთა სურვილის დაკმაყოფილება უხდებოდა. სავარაუდოა, რომ საბჭოთა ეპოქაში მოღვაწე მხატვარს გარკვეული შეზღუდვები ექნებოდა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ზურაბ კაპანაძე 1952 წელს დაქორწინდა თამარ პაპკოვაზე. ჰყავს ორი შვილი — დიანა ტარიელაშვილი და სოფიო კაპანაძე, შვილიშვილები — ბიჭი ობოლაძე და ირინა ასათიანი.

მოგონებები

რედაქტირება

„ქართული ზმნის ერთი ფორმა არსებობს, რომელიც, ჩემის აზრით, ვერც ერთ სხვა ენაზე ვერ ითარგმნება: „უკვდება“. ამ სიტყვის მოშველიებით მინდა გამოვეთხოვო ჩემს უახლოეს მეგობარს, დიდებულ მოქალაქეს და მხატვარს. მე მადლიერი ვარ ბედისა, რომ მასთან შეხვედრა და მეგობრობა მარგუნა ამ ქვეყანაზე. „ასე ყოფილა და ასე ხდება:/ ადამიანი კი არა კვდება,/ იგი უკვდება მახლობელს თვისას, / მეგობარს, მამულს, დასახულ მიზანს,/ ყველაფერს, რაც ამ მიწაზე რჩება.“ მ. ქვლივიძე

„ზურაბ კაპანაძე ტიპური თბილისელი გახლდათ, — სალმიანი, დარბაისელი, უშუალო და მოსიყვარულე. ახლა, როდესაც ზურაბი აღარ არის, უკეთ ვაცნობიერებ, რომ სწორედ ასეთი ადამიანების არსებობა ანიჭებს აზრს ჩვენს ცხოვრებას, რადგანაც გვეიმედება მათი.“ ზ.ლეჟავა

„რაზედაც არ უნდა გვესაუბრა — ფრანგ იმპრესიონისტებზე, ფიროსმანსა თუ გალაკტიონის პოეზიაზე, მის ხასიათში, ტემპერამენტსა და საუბრის კილოში მუდამ თავისთავადი, უკომპრომისო და მაძიებელი კაცი შეიცნობიდა.“ გ.ხუხაშვილი

„დღეს ცოტა ვინმე თუ იცნობს ზურაბ კაპანაძის შემოქმედებას. ამის მიზეზი მხატვრის უაღრეს მოკრძალებულობასა და თავმდაბლობაში უნდა ვეძიოთ. შემოქმედებითი მოღვაწეობის ორმოცი წლის მანძილზე მას არასოდეს გაუმართავს პერსონალური გამოფენა. თვლიდა, რომ მხატვრისთვის გამოფენა საზოგადოების წინაშე გაშიშვლების ტოლფასია. სიშიშვლე კი ყველა ნაკლს აჩენს. ზურაბ კაპანაძე იყო შემოქმედი, რომელმაც ყოველგვარი გადაჭაბების გარეშე იცოდა საკუთარი შემოქმედების ფასი.“ ა.კლდიაშვილი

ჯილდოები

რედაქტირება
  • ი. ფეოდოროვის სახელობის დიპლომი („ქართული ხელნაწერები“ 1970) ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საკავშირო კონკურსზე.
  • ოქროს მედალი სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენაზე (მინიატიურული ვეფხისტყაოსანი, 1967).
  • ბრინჯაოს მედალი სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენაზე (მუსიკალური სახელმძღვანელოები I და II კლასებისათვის 1964)
  • II ხარისხის დიპლომი 1960-1967 წწ. საუკეთესო გამოცემების საკავშირო კონკურსზე (ვეფხისტყაოსანი, თარგმანი ინგლისურად ვენერა ურუშაძის 1966).
  • II ხარისხის დიპლომი რუსული წიგნის 400 წლისადმი მიძღვნილ კონკურსზე (ი. აბაშიძის „ რას გადაურჩა თბილისი“ 1963)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 375-376.
  • კლდიაშვილი ა., განუხორციელებელი შემოქმედების დრამა, „ლიტერატურული საქართველო“, #10, 8-15 მარტი, 1996, 15
  • ხუხაშვილი გ., ზურაბ კაპანაძე, ჟ. „თეატრალური მოამბე“, ნოემბერი-დეკემბერი, 1989, 102-103
  • ქვლივიძე მ., ჩემი მეგობარი ზურაბ კაპანაძე, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“, #3, 1990, 76-79
  • ლეჟავა ზ., ვალმოხდილი ხელოვანი, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“, #3, 1990, 80-82
  • გურაბანიძე ნ., ზურაბ კაპანაძე, „ქართული თეატრის დღე“, 14 იანვარი, 1990, 13
  • ნ. მალაზონია, თბილისელი კაპულეტი, „კავკასიონი“, 201, 15 ნოემბერი, 1995, 3

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება