კანონიკა
კანონიკა, კანონიკური ლიტერატურა, სასულიერო მწერლობის დარგი; მოიცავს საეკლესიო იურიდიულ ლიტერატურას, რომელიც უმაღლესი საეკლესიო ორგანოების მიერ ნებადართული იყო იურიდიულ საკითხებში პრაქტიკული ხელმძღვანელობისათვის. კანონიკის პირველი ძეგლების აღმოცენება ბიზანტიური საეკლესიო მწელობის საწყისებს უკავშირდება; კრებულებში მათი გაერთიანება ბიზანტიაში ქრისტიანობის ადრეული პერიოდიდან დაიწყო და 883 წელს ჩამოყალიბებული სახე მიიღო „ნომოკანონის“ სახით.
ქართული კანონიკური მწერლობა ექვთიმე მთაწმიდლის (X ს.) მიერ ბერძნულიდან თარგმნილი "მცირე სჯულისკანონით" იწყება. კრებულში გაერთიანებულ სხვადასხვა დროის თხზულებათაგან ცრნტრალური ადგილი უჭირავს VI მსოფლიო კრების კანონებს, რომელნიც საფუძვლიანად განსხვავდებიან დედნისაგან. როგორც ჩანს, ექვთიმე მთაწმიდელს შეუდგენია ნახევრად ორიგინალური კოდექსი, რომელშიც გაუერთიანებია იმდროინდელი მოქმედი საეკლესიო კანონები. XI საუკუნის მიწურულს ან XII საუკუნის დამდეგს არსენ იყალთოელმა ბერძნულიდან თარგმნა "ნომაკანონი" (883) "დიდი სჯულისკანონის" სახელწოდებით. XII საუკუნეში უნდა იყოს ნათარგმნი ბერძნულიდან "კითხვანი მონაზონისა ვიცნიმე, რ~თა აჴსნა გამოსცა პეტრე პატრიარქმან ხარტოფილაქსმან". კანონიკურ ძეგლად უნდა ჩაითვალის XV ს. ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქის მიხაილის მიერ იოაკიმე ბედიელის აფხაზეთის კათალიკოსად დადგინებასთან დაკავშირებით გამოგზავნილი ეპისტოლე, ე. წ. "მცნებაჲ სასჯულოჲ". ანტონ I-მა სომხურიდან თარგმნა III მსოფლიო კრების (ეფესოს) აქტები (1776). ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში სხვა მასალასთან ერთად შეტანილია "სამართალი ბერძული", რომელიც ერთ-ერთი ბიზანტიური "ნომოკანონის" (XIII-XIV სს.) თარგმანია.
ქართული ორიგინალური კანონიკის სათავედ უნდა მივიჩნიოთ ექვთიმე მთაწმინდლის პასუხები გიორგი ჭყონდიდლის შეკითხვებზე, რომლებშიც საეკლესიო სამართლის საკიტხებიც არის განმარტებული. ქართული კანონიკის უმნიშვნელოვანესი ძეგლია რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებანი, ე. წ. „ძეგლისწერა“ . სხვა ძეგლთაგან აღსანიშნავია "კათალიკოსთა სამართალი", 1543-1549 წლებში იმერეთში მოწვეული საეკლესიო კრების კანონთა კრებული, 1762 წელს ერეკლე II-ისა და იოსებ კათოლიკოსის ინიციატივით მოწვეული საეკლესიო კრების კანონთა კრებული, ანტონ I-ის მიერ 1767 წელს შედგენილი კანონიკური ეპისტოლე და სხვა საეკლესიო სამართლის საკითხებს ხშირად ეხება დოკუმენტები, რომლებიც სიგელებისა და გუჯრების სახელწოდებითაა ცნობილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 1, ნაკვ. 1, ტფ., 1928;
- გაბიძაშვილი ე., ქსე, ტ. 5, გვ. 370, თბ., 1980