კალაპანი (ოფიციალურად ქალაქი კალაპანი; ტაგ: Lungsod ng Calapan) — მესამე კლასის შემადგენელი ქალაქი და აღმოსავლეთ მინდოროს პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 133 893 ადამიანს შეადგენს.

კალაპანი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 13°24′50″ ჩ. გ. 121°10′48″ ა. გ. / 13.41389° ჩ. გ. 121.18000° ა. გ. / 13.41389; 121.18000
დაარსდა 2 იანვარი, 1917
ფართობი 250.06 კმ²
ცენტრის სიმაღლე 87 მეტრი
მოსახლეობა 145 786 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 43
საფოსტო ინდექსი 5200
ოფიციალური საიტი http://www.cityofcalapan.gov.ph/
კალაპანი — ფილიპინები
კალაპანი

კალაპანის ნავსადგური კუნძულ მინდოროს უდიდესი და ყველაზე დატვირთული ნავსადგურია. ბატანგასის საერთაშორისო ნავსადგურიდან კალაპანის პორტამდე მანძილის დაფარვა ბორნებით 45 წთ-ში შეიძლება. კალაპანი მიმაროპის რეგიონის ორი ქალაქიდან ერთ-ერთია (მეორე პუერტო-პრინსესაა, რომელიც პალავანზე მდებარეობს). კალაპანი რეგიონის ადმინისტრაიცული ცენტრის ფუნქციას ასრულებს. ქალაქი აღმოსავლეთ მინდოროს პროვინციის კომერციული, ინდუსტრიული, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, რელიგიური და საგანმანათლებლო ცენტრია.

კალაპანი თავდაპირველად პატარა სოფელი იყო. პირველი რელიგიური რაიონი ბაკოში შეიქმნა, რომელიც 1733 წელს კალაპანს მიეკუთვნა და მისი იურისდიქცია ჩრდილოეთ მინდოროს საეკლესიო ტერიტორიებზე გავრცელდა.[2]

1837 წელს პროვინციის დედაქალაქი პუერტო-გალერიდან კალაპანში გადავიდა. 1902 წლის 13 ივნისს მინდორო მარინდუკეს ნაწილი გახდა, რის შემდეგაც პროვინციული დედაქალაქი კიდევ ერთხელ პუერტო-გალერაში გადავიდა. იმავე წლის 10 ნეომბერს მინდორო მარინდუკეს გამოეყო და 1903 წელს კალაპანი კიდევ ერთხელ პროვინციულ დედაქალაქად გამოცხადდა.[2]

გეოგრაფია

რედაქტირება

კალაპანს ჩრდილოეთიდან კალაპანის ყურე ესაზღვრება, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ნაუჯანი, დასავლეთიდან — ბაკო. ქალაქი ჩრდილოეთ განედის 13°12.6 და 13°27’ და აღმოსავლეთ გრძედის 121°17’ სარტყელში მდებარეობს. ქალაქი ბატანგასის პროვინციის უახლოესი წერტილიდან 28 საზღვაო მილით (52 კმ) არის დაშორებული, ქალაქ ბატანგასიდან — 45 კმ-ით სამხრეთით, ხოლო მანილიდან — 130 კმ-ით სამხრეთით.

ქალაქის ფართობი 25.06 კმ²-ია და 62 ბარანგაისგან შედგება. 22 ბარანგაის ურბანული სტატუსი აქვს, ხოლო 40 არაურბანულია. ქალაქის იურისდიქცია ვრცელდება ბაკოს კუნძულებზე და კალაპანის ყურეში მდებარე სილონაის ორ პატარა კუნძულზე.

ქალაქი ვრცელ ვაკეზეა გაშენებული, რომელსაც მდინარეები კვეთს, ხოლო სანაპიროს პერიფერიაზე ჭარბტენიანი ტერიტორიები მდებარეობს. უმაღლესი წერტილი, ბულუსანის ბორცვი ზღვის დონიდან 187 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ქალაქი 62 ბარანგაიდ იყოფა. 2015 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი მოსახლეობა ლუმანგ-ბაიანის ბარანგაის ჰყავდა, ხოლო ყველაზე ცოტა — ცენტრალური სან-ვისენტეს ბარანგაის.

 
ბრინჯის უხვმოსავლიანი მინდვრები, კალაპანი, ბარანგაი ბაიანანი II

კალაპანში რბილი კლიმატია. მშრალი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი წელიწადის დანარჩენ დროს მოიცავს. თებერვალსა და მარტში ყველაზე მცირე ნალექი მოდის, ყველაზე ნალექიანი თვეები ოქტომბერი და ნოემბერია. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 2 500 მმ-დან 4 500 მმ-დეა (ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში). საშუალო დღიური ტემპერატურა 22.9-დან 28.3 °C-მდეა (73.2-82.9 °F)

ქარის მიმართულება ცვალებადია. ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონები აგვისტოში,ნოემბერში, დეკემბერში და იანვრიდან მარტამდე ქრის. აღმოსავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით — აპრილში; სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთით — მაისსა და ივნისში; ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთით — ივნისსა და სექტემბერში, ხოლო აღმოსავლეთის — ოქტომბერში.

კალაპანის ტენიანობის მაჩვენებელი 81%-ს უდრის. ფილიპინების ამინდის ბიუროს კლასიფიკაციით, კალაპანში III ტიპის კლიმატია, რაც მთელი წლის მანძილზე მცენარეთა მოშენებას უწყობს ხელს.

ეკონომიკა

რედაქტირება
 
კალაპანის პორტი

კალაპანი პროვინციის ინდუსტრიული კერაა. კალაპანის ეკონომიკის წამყვანი დარგები სოფლის მეურნეობა და თევზჭერაა. ქალაქის წლიურ შემოსავალში დიდი ადგილი უკავია სამანქანო მრეწველობასა და ტურიზმს, რის გამოც იგი ბოლო ათწლეულში ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია.

1998 წლიდან ქალაქი სწრაფად იზრდება. სპეციალური განვითარების სივრციის დაარსების შემდეგ, განსაკუთრებით მსუბუქი მრეწველობის ეკოზონისა, რომელიც ურბანული განვითარების ტერიტორიაზეა განლაგებული, ქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდა. ამგვარი ინდუსტრიები სოფლის მეურნეობაზე, ხელოსნობაზე, ავეჯის დამზადებასა და სხვა საქმიანობებზეა დაფუძნებული.

კალაპანი ფილიპინების ეკონომიკაში წამყვან როლს ასრულებს, რადგანაც ქვეყანაში საკვების მწარმოებელი ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონსა და ლუსონის დიდი ნაწილში ბრინჯის მთავარი ექსპორტიორია, რის გამოც სასოფლო-სამეურნო-პროგრესირებად და ურბანიზებულ ქალაქად ყალიბდება. ხუთი მთავარი პროდუქტია: ბრინჯი, ციტრუსები, ბანანი, რამბუტანი და ლანგსატი (Lansium parasiticum), ხოლო ხუთი მთავარი ინდუსტრია: ვაჭრობა, ტურიზმი, მომსახურების სფერო, საზღვაო და აკვაკულტურა და საკვების დამუშავებაა.

განათლება

რედაქტირება

ქალაქში რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მდებარეობს. ქალაქისა და აღმოსავლეთ მინდოროს უდიდესი საგანმანათლებლო ინსტიტუტი კათოლიკური კალაპანის საღვთო კოლეჯია. სხვა კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აღსანიშნავია კალაპანის წმ. ანტონის კოლეჯი (საინფორმაციო ტექნოლოგიები, საექთნო საქმე და ტურიზმი), ლუნა გოკოს კოლეჯი (საექთნო საქმე), სამხრეთ-დასავლეთ ლუსონის საზღვაო ინსტიტუტი და ფილიპინების სამეცნიერო აკადემია (საზღვაო კვლევები) და სხვ. ქალაქში ორი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულა მდებარეობს: მინდოროს სახელმწიფო უნივერსიტეტი (კალაპანის კამპუსი) და კალაპანის კოლეჯი, რომელიც ქალაქის მერის, სალვადორ ლეაჩონის ინიციატივით 2008 წელს გაიხსნა.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 About the City - History. Calapan City Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 18, 2009. ციტირების თარიღი: 2009-05-17.
  3. Aksyon Agad Programs-Edukasyon Filipino. City Information Office (September 27, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 17, 2009. ციტირების თარიღი: 2009-05-17.