კაკალათხევი — ნასოფლარი ხაშურის მუნიციპალიტეტში ლიხის ქედის აღმოსავლეთ მთისწინეთზე, ხაშურის ჩრდილოეთით. მდებარეობს სურამის თემის ტერიტორიაზე.

ვახუშტი ბატონიშვილი იცნობს კაკალათხევს და რუკაზეც აღუნიშნავს. იოანე ბატონიშვილი სურამის წყალზე არსებული სოფლების აღწერის დროს აფიქსირებს კაკალათხევს. ამ დროს აქ მოსახლეობა არ ჩანს. კაკალათხევი ცნობილია მლაშე, მარილიანი წყლებით აქედან იღებს სათავეს მდინარე ღარიბაღელე და ცენიკაშვილების ღელე. არის კაკალათხევის სახელწოდების სერიც. 1865 წელს კაკალათხევში 6 კომლი სახელმწიფო გლეხი სახლობდა.

1886 წელს კი აქ ცხოვრობს 16 კომლი (65 კაცი და 44 ქალი, სულ 109 კაცი). მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მთლიანად ქართულია. სახელწოდება კაკალათხევი მომდინარეობს კაკალაშვილების გვარიდან, რომლებიც სურამში ცხოვრობდნენ. კაკალაშვილების გვარის წარმომადგენლები სურამში არიან მამასახლისები, სურამის ციხისთავები და სხვა. 1797 წელის 22 დეკემბრის იულონ ბატონიშვილის წერილში ნათქვამია, რომ:

ვიკიციტატა
„...ერთი სურამელი, კაკალაშვილი ბერი... სურამის ციხეში იყო ციხის თავად დაყენებული მისის უმაღლესობის მეფისაგან.“

ლუარსაბ მურვანიშვილის ასულის, მაიას თხოვნიდან ჩანს (თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით), რომ კაკალათხევში მურვანიშვილებს „საღალო მამულები“ ჰქონიათ კაკალათხევში სახლობდნენ გვარები: ლაბაძე, აბრამაშვილი, ღარიბაშვილი, ხაჩიძე, ციცვიძე და სხვა.

კაკალათხევი ანთროპონიმური წარმოშობის ტოპონიმია და სიტყვათ შეერთებითაა მიღებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., ხაშურის მოამბე, № 17, 28 აპრილი, 2019, გვ. 4