კავკასიის საექიმო საზოგადოება

კავკასიის საექიმო საზოგადოება ჩამოყალიბდა 1864 წლის აპრილში მოწინავე ქართველ და რუს ექიმთა (ივანე სობოლშჩიკოვი, გიორგი დავრიშვილი, ივანე მინკევიჩი, ი. დეპნერი, ზაქარია ზუბალაშვილი, ს. ბასტაბაშვილი, ი. პრიბილი, ე. გომბალტი, ი. ჩიგიანი, ი. სააკაშვილი და სხვა) თაოსნობით. კავკასიის საექიმო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო საქართველოსა და კავკსიის კლიმატურ-ბალნეოლოგიური რესურსების, სამხარეო პათოლოგიის, მოსახლეობის ანთროპოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხალხური მედიცინის შესწავლა. კავკასიის საექიმო საზოგადოება ოქმებისა და შრომათა კრებულების სახით აქვეყნებდა საზოგადოების სხდომებზე მოსმენილ მოხსენებებს. საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ რუდოლფ ვირხოვი, ნიკოლოზ პიროგოვი, ივანე თარხნიშვილი, რომლებიც ხშირად აქვეყნებდნენ წერილებს მის კრებულებში. კავკასიის საექიმო საზოგადოება ორჯერ დააჯილდოვეს მედლებით მოსკოვისა და ვენის საერთაშორისო გამოფენებზე. საზოგადოებამ 1928 წლამდე იარსება და მოაწყო ექიმთა 2 ყრილობა (1893, 1901).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შენგელია მ., ქართული მედიცინის ისტორია, თბ., 1970;