ივანე ივანეს ძე მინკევიჩი (პოლ. Jan Minkiewicz, რუს. Иван Иванович Минкевич; დ. 14 აპრილი, 1826, ნეველი — გ. 14 დეკემბერი, 1897, თბილისი) — პოლონური წარმოშობის რუსი ექიმი და მწერალი.

ივანე მინკევიჩი

დაიბადა ვიტებსკის გუბერნიის ქალაქ ნეველში, პოლონელი ვაჭრის ოჯახში. მედიცინას ეუფლებოდა მოსკოვის უნივერსიტეტში 1843–1848 წლებში. იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 1850 წელს. 1851–1853 წლებში ნიკოლაი პიროგოვის თანაშემწე პეტერბურგის ჰოსპიტალში. ყირიმის ომის (1853–1856) დროს სევასტოპოლის ერთ-ერთი დროებითი სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი იყო. 1856 წლიდან მსახურობდა კავკასიის არმიის მთავარ ქირურგად. 1884 წელს სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სამუდამოდ დასახლდა თბილისში, სადაც ეწეოდა პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობას. იყო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი შვიდგზის პრეზიდენტი. გამოქვეყნებული ჰქონდა ნაშრომები მედიცინის აქტუალური საკითხების, კავკასიის ხალხური მედიცინის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Д-р мед. Змеев Лев Фёдорович. Словарь врачей, получивших степень доктора медицины (и хирургии) в Императорском Московском университете до 1863 года. — Санкт-Петербург: Типо-лит. В. Г. Апостолова, 1885. — გვ. 36—37, 65.
  • T. Ostrowska. Minkiewicz, Jan (1826—1897). «Polski Słownik Biograficzny» გვ. 294—295.