კავკასიის დიდი კედელი

კავკასიის დიდი კედელი — თავდაცვითი დანიშნულების ძეგლი ისტორიულ ჰერეთში. ხალხური გადმოცემით, აღნიშნული კედელი აგებულია თამარ მეფის მიერ (XII ს). მკვლევართა შორის ჯერ კიდევ არ არის მტკიცედ დადგენილი აზრი ამ ძეგლის დათარიღების შესახებ. X საუკუნის არაბი მოღვაწე იბნ-ალ ფაკიხი კედლის მშენებლობას ხოსრო I ანუშირვანს (531-578 წწ.) მიაწერს[1]. 1936 წელს ამ კედლის მიდამოებში გათხრები აწარმოა ა. პოხომოვმა, მისი აზრითაც, იგი აგებული უნდა იყოს სასანიდების მიერ (V - VII ს.).

კავკასიის დიდი კედლის ფრაგმენტი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ყველაზე კარგად კავკასიის დიდი კედლის ნაშთები შემორჩენილია ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში, მაგისტრალური გზის მარცხენა მხარეს სოფ. კატეხთან. ზოგიერთ ადგილებში კედლის სისქე 150 სმ. აღემატება, სიმაღლე - 250 სმ. აგებულია რიყისა და კაჭარის ქვისაგან კირის მოჭარბებულ ხსნარზე, ისე როგორც აფხაზეთის დიდი კედელი.

აღნიშნული ძეგლის ნაშთების არსებობა ძალზე შორს აღწევდა, (დაწყებული ლაგოდეხიდან ნუხამდე), მაგრამ თანდათანობით დანგრევამ და მოსახლეობაში სახლების მშენებლობისათვის და გზების გასაყვანად მისმა გამოყენებამ ამ კედლის კვალი ბევრგან წაშალა. კედლის სისტემაში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა ყოფილა ჩართული - კოშკები, სამლოცველოები, საცხოვრებლები და სხვ. ერთ-ერთი ასეთი ნაგებობის ნაშთი დარჩენილია დღემდე მდ. მაწის წყლიდან ოცდამეშვიდე კილომეტრზე. ამ ნაგებობას გეგმაზე წესიერი წრეხაზის მოხაზულობა აქვს, რომლის შიგა დიამეტრი 36 მ-ია. კედლის სიმაღლე ამ ცილინდრული „კოშკისა“ 240 სმ უდრის, სისქე - 120 სმ. აღნიშნული ცილინდრული ნაგებობის შიგა სივრცე გამოყენებულია სამეურნეო დანიშნულების ეზოდ.


იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ი. ადამია, ძველი ჰერეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები, ძეგლის მეგობარი, 1969 წ. კრ.19, გვ. 47 - 59

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება