კავთისხევის აკლდამა
კავთისხევის აკლდამა — აკლდამა საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მონასელიანთ უბანში, მდინარე კავთურის მარჯვენა ნაპირზე, თამარ დედოფლის გორაზე. თარიღდება XVI-XVIII საუკუნეებით. აღმოაჩინეს 1963 წელს მიწის სამუშაოების დროს.
აკლდამა შედგება კლდის ქვითა და ბრტყელი აგურით ნაგები საკნისა და დრომოსისაგან. დრომოსი საკანს უკავშირდება აღმოსავლეთიდან ისრულ-თაღიანი შესასვლელითა და ოთხსაფეხურიანი კიბით. საკნის (2,85 X 2,27 მ, სიმაღლე 3 მ) კუთხეებში 1,4 მ სიმაღლეზე აგურით გადაყვანილია ისრული ტრომპები; აქედან იწყება აგურის წრიულგუმბათოვანი, სფერული გადახურვა. გუმბათს ზემოდან ადევს ფილაქვები, შემდეგ ქვის გროვა და მიწაყრილი. საკნისა და დრომოსის კედლები დუღებზეა ამოყვანილი. კედლებიც და იატაკიც კირითაა შელესილი. საკნის სამხრეთ და დასავლეთ კედლების ზედა ნაწილებში დაყოლებულია შიგნით დაქანებული თიხის მილები. მათი გარე ნაწილი დახშულია. მილების დანიშნულება გაურკვეველია. აკლდამაში არეულად ეყარა ადამიანის ძვლები, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი ადრევე გაუძარცვიათ. აკლდამის არქიტექტურაში შეინიშნება XVI-XVIII საუკუნეების ქართლ-კახეთის უმრავლეს ნაგებობებისათვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
- ჯორბენაძე ბ., აკლდამა სოფ. კავთურაში, ძეგლის მეგობარი, 1970, გვ. 68-71