იჯისი
საბრძოლო სისტემა იჯისი (ინგლ. Aegis Combat System, „Aegis“ – „ეგიდა“, ზევსის და ათენას მითური ფარი) — საზღვაო ბაზირების ამერიკული მრავალფუნქციური საბრძოლო ინფორმაციულ-მმართველი სისტემა (სიმს). სიმს „იჯისი“ წარმოადგენს აღმოჩენის, დამიზნების და ცეცხლის მართვის ინტეგრირებულ სისტემას, რომელიც ქსელში აერთიანებს საზღვაო ხომალდის საცეცხლე სისტემებს, ვითარების გაშუქების, ანალიზის და მართვის საშუალებებს. სისტემა უზრუნველყოფს შენაერთის სხვა გემებისა და საფრენი აპარატების სენსორებიდან ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას, და მათი გამშვები დანადგარების დამიზნებას.[1]
ამჟამად სიმს „იჯისი“ ხუთი ქვეყნის, აშშ-ის, ესპანეთის, ნორვეგიის, კორეის რესპუბლიკის საზღვაო ძალების და იაპონიის საზღვაო თავდაცვითი ძალების შეიარაღებაზეა. საერთო ჯამში „იჯისის“ სისტემით 100-ზე მეტი გემია აღჭურვილი. ახლო მომავალში იგეგმება ავსტრალიის საზღვაო ძალების ახალი ჰსთ-ის საესკადრო ნაღმოსნების „იჯისის“ სისტემით აღჭურვა. ამ სისტემით აღჭურვილი აშშ-ის გემები გამოყენებულ იქნება ნატოს ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საზღვაო კომპონენტად.[2]
მიმოხილვა
რედაქტირებასაბრძოლო სისტემა „იჯისი“ ესაა გაფართოებული მართვისა და კონტროლის და შეიარაღების კონტროლის სისტემა, რომელიც მძლავრი კომპიუტერებისა და რადარების დახმარებით აკვირდება და მიმართავს შეიარაღებას მტრული სამიზნეების გასანადგურებლად.
„იჯისის“ საბრძოლო სისტემა შედგება „იჯისის“ შეიარაღების სისტემისგან, რომელიც არის „იჯისის“ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სწრაფი რეაგირების კომპონენტი, Phalanx CIWS-სა და Mark 41-თან ერთად.[3] Mark 41 VLS-ს აქვს მოდულური აგებულება, ამიტომ მისი წონა და ზომები მერყეობს სხვადასხვა ვარიანტების მიხედვით. სიგრძის მიხედვით განასხვავებენ სამ ზომას 5.3 მ თავდაცვითი ვარიანტისთვის, 6.8 მ ტაქტიკური ვარიანტისთვის და 7.7 მ შემტევი ვერიანტისას. რვა სექციური მოდულის ცარიელი წონა ტაქტიკური ვარიანტისთვის 12,200 კგ-ს შეადგენს, შემტევისთვის — 15,000 კგ და ამგვარად აერთიანებს ასევე წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს და ტომაჰავკის სახმელეთო შეტევის ფრთოსან რაკეტებს. საგემბანო სატორპედო და საარტილერიო სისტემები ასევე ჩართულია „იჯისში“.
იჯისის გული, იჯისის შეიარაღების სისტემა შედგება AN/SPY-1 ფაზირებულ ცხაურიანი რადარისგან, MK 99 ცეცხლის მართვის სისტემისგან, შეიარაღების მართვის სისტემისგან, მართვის და გადაწყვეტილების მიღების კომპლექტისგან და SM-2 „სტანდარტ“ ტიპის რაკეტების ოჯახისგან; „სტანდარტის“ ოჯახი შეიცავს RIM-66 საბაზო რაკეტებს, RIM-67 გაზრდილი მანძილის რაკეტებს და უახლეს RIM-161 ანტიბალისტიკური რაკეტა. მომავალში იგეგმება SM-2-ზე დაფუძნებული RIM-174 ERAM-ების მიღება სისტემის შეიარაღებაზე, რომელიც ამჟამად გამოცდების პროცესშია. ცალკეულ გემებს არ შეუძლიათ ერთდროულად ამ ყველა ტიპის რაკეტის ზიდვა; მათგან ერთ-ერთზე ჩერდება არჩევანი დასახული ამოცანიდან გამომდინარე. იჯისის საბრძოლო სისტემა იმართება ავტომატური აღმოჩენის და დევნის მულტიფუნქციური, სამკოორდინატული, პასიური ფაზირებულცხაურიანი ანტენით AN/SPY-1. „ფლოტის ფარად“ ცნობილი მძლავრი (6 მეგავატი) SPY რადარი უზრუნველყოფს ძებნის, დევნის და რაკეტის მართვის ფუნქციების შესრულებას ერთდროულად 100-მდე მიზანზე 100 საზღავო მილის (190 კმ)მანძილზე.[4] AN/SPY-1 რადარი განლაგებულია AN/SPS-49 რადარზე დაბლა, ამიტომ მისი რადიოლოკაციური ჰორიზონტი შემცირებულია.[5]
იჯისის სისტემა „სტანდარტ“ ტიპის რაკეტებთან ურთიერთობს რადიო სისხშირეებით (RF) AN/SPY-1 რადარის მეშვეობით რაკეტის შუა-კურსობრივი მართვისთვის, ხოლო ტრაექტორიის ბოლო მონაკვეთზე რაკეტის მართვა ხორციელდება AN/SPG-62 რადარით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გადაჭერების სწორი განაწილების პირობებში, ერთდროულად შესაძლებელია მიზნების დიდ რაოდენობაზე მუშაობა.
საბრძოლო სისტემა იჯისის ბირთვია კომპიუტერიზებული მართვის და გადაწყვეტილების მიღების ელემენტი. ეს ინტერფეისი საბრძოლო სისტემას ხდის ბრძოლისუნარიანს ერთდროულად მრავალ საფრთხესთან. იჯისის რაკეტსაწინაღმდეგო თავდაცვის სისტემა განკუთვნილია საზღვაო ბაზირების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფუნქციების შესასრულებლად, სხვადასხვა სახის მოკლე და საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენება პოტენციური მოწინააღმდეგეების მიერ. 2014 წლის იანვრის მდგომარეობით, იჯისის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მხოლოდ აშშ-ის და იაპონიის შეიარაღებაზეა.[6][7]
შემუშავება და განვითარება
რედაქტირება„იჯისი“ თავდაპირველად შემუშავებულ იქნა RCA-ის სარაკეტო და სახმელეთო რადარების ქვედანაყოფის მიერ. მოგვიანებით General Electric-მა RCA შეისყიდა და მაგვარად „იჯისის“ შემმუშავებელი ქვედანაყოფი გახდა Government Electronic Systems-ად. ეს და General Electric Aerospace-ის სხვა ბიზნესები გაიყიდა 1992 წელს Martin Marietta-ზე. შემდგომში, 1995 წელს Lockheed Martin-მა შეისყიდა Martin Marietta.
მე-20 საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს აშშ-ის საზღვაო ძალებმა თავის გემებზე ქვემეხები მართვადი რაკეტებით ჩაანაცვლა. 60-იანი წლების ბოლოს აშშ-ის საზღვაო ძალებმა აღიარეს, რომ რეაქციის დრო, საცეცხლე ძალა და საექსპლუატაციო მზადყოფნა ყველა გარემოში არ პასუხობს გემსაწინაღმდეგო რაკეტებისგან მომდინარე საფრთხეს. საბჭოთა გემსაწინააღმდეგო რაკეტებმა არსებული საზღვაო რადარების სისუსტეები გამოამჟღავნეს. რაკეტების დევნის და დამიზნების მოთხოვნები შეზღუდული იყო რამდენიმე, როგორც წესი 2-4 რადარითი თითოეულ გემზე. 1958 წელს საზღვაო ძალებმა დაიწყეს „საბრძოლო სისტემა ტაიფუნის“ (Typhon Combat System) შემუშავება. პროგრამის საბოლოო წერტილი იყო ფუტურისტული მაგრამ არასაიმედო ფაზირებულ ცხაურიანი რადარი AN/SPG-59. ამ რადარის მუშა პროტოტიპი არ შექმნილა და „ტაიფუნის“ პროექტიც დაიხურა 1963 წელს. იგი ჩაანაცვლა „გაუმჯობესებულმა ზედაპირულმა სარაკეტო სისტემამ“ (Advanced Surface Missile System).[8]
ამგვარად, აშშ-ის საზღვაო ძალებში გადაწყვიტეს შეემუშავებინათ პროგრამა რომელიც უზრუნველყოფდა გემების დაცვას გემსაწინააღმდეგო რაკეტების საფრთხისგან. ამ პროგრამისთვის არჩეულ იქნა „გაუმჯობესებული ზედაპირული სარაკეტო სისტემის“ პროგრამა. საინჟინრო სამუშაოები 1964 დაიწყო.[9] სამუშაოების კვალდაკვალ გადაწყდა პროგრამის გადარქმევა. პროგრამისთვის ახალი სახელის შესარჩევად საზღვაო ძალებში შიდა კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც 1969 წელს სისტემა „ტარტარის“ ყოფილი მენეჯერის, კაპიტან ლ. ჯ. სტეკერის ვარიანტმა - „იჯისმა“ (AEGIS) გაიმარჯვა, რომელიც ძველბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის, ღმერთ ზევსის ფარის ინგლისურენოვანი სახელია. სტეკერმა ასევე წარმოადგინა AEGIS-ის აკრონიმის შესაძლო მნიშვნელობაც "Advanced Electronic Guided Interceptor System" (გაუმჯიბესებული ელექტრონული მართვადი გზაგადმჭრელი სისტემა), თუმცა ეს უკანასკნელი ხმარებაში არ შევიდა.[10] ამასთან, არც სისტემის მწარმოებელი კომპანია Lockheed Martin-ი და არც აშშ-ის საზღვაო ძალები არ მიუთითებენ სახელწოდების შესაძლო აკრონიმობაზე.
ვინაიდან და რადგან „იჯისის“ საბრძოლო სისტემა სხვადასხვა ნაღმოსანი და კრეისერის კლასის გემების საკვანძო ნაწილია, ამ გემებს ხშირად მცდარად „იჯისის კლასის ნაღმოსნებს“ ან იჯისის კლასის კრეისერებს“ უწუდებენ. სინამდვილეში, გემის კლასსა და მასზე დაყენებულ სისტემას შორის კავშირი არ არსებობს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ John Gourley. Arleigh Burke-class guided missile destroyers / cover paintings by Don Greer ; illustrations by Ike Anderson. — Carrollton, TX: Squadron/Signal Publications, 2007. — 51 p. — (Warships in action, no. 31). — ISBN 978-0-89747-544-0.
- ↑ Implementation of the European Phased Adaptive Approach.Frank A. Rose Deputy Assistant Secretary, Bureau of Arms Control, Verification and Compliance Polish National Defense University Warsaw, Poland. US Department of State website. April 18, 2013
- ↑ თავდაპირველად აშშ-ის საზღვაო ძალების ტიკონდეროგას კლასის პირველი ხუთი გემი, რომელზეც იჯისის სისტემა იყო დაყენებული, აღჭურვილი იყო Mk 26 ტიპის ორმკლავიანი სარაკეტო გამშვებით. მაგრამ დღეს დღეისობით ეს გემები ამ სისტემით ჩამოწერილია და მწყობრში არ იმყოფება.
- ↑ AEGIS WEAPON SYSTEM დაარქივებული 2016-02-04 საიტზე Wayback Machine. United States Navy Fact File. 22.11.2013
- ↑ AN/SPY-1 Radar Federation of American Scientists - Military Analysis Network
- ↑ Missile Defense Agency. Aegis Ballistic Missile Defense დაარქივებული 2014-01-25 საიტზე Wayback Machine. US Dept. of Defense. 8 January 2014. Retrieved 30 January 2014
- ↑ AEGIS BALLISTIC MISSILE DEFENSE - Foreign Military Sales დაარქივებული 2013-10-13 საიტზე Wayback Machine. The Missile Defense Agency. US Dept. of Defence. Retrieved 30 January 2014.
- ↑ Harpoon Community. Waypoint magazine. Command: Modern Air / Naval Operations დაარქივებული 2017-11-18 საიტზე Wayback Machine. 3.02.2003
- ↑ Aegis Cruisers დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. usmilitary.about.com/
- ↑ Lockheed Martin. "Aegis Heritage". პრეზენტაცია. 20 ნოემბერი, 2002.