დები იშხნელები

(გადამისამართდა გვერდიდან იშხნელები)

დები იშხნელები — ქართული ქალაქური ფოლკლორის (ფოლკის) სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი; ვოკალურ კვარტეტს შეადგენდნენ დები: ნინო (1898–1967), თამარი (1900–1994), ზინაიდა (1902–1968) და ალექსანდრა (1904–1955) იშხნელები. 1955 წლიდან ალექსანდრა შეცვალა მისმა დამ მარიამმა (1889–1973). ანსამბლი ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1941 წელს. იმავე წელს საქართველოს ფილარმონიამ ანსამბლი კონცერტებში მონაწილეობისათვის მიიწვია. დიდია იშხნელების როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში.

ანსამბლს ხელმძღვანელობდა თამარ იშხნელი. იგი რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორიცაა („არც ჰოს ამბობს, არც არას“, „შენ აყვავდი, ქართლო მეტად“, „ახალი წელი“, „არ დაიჯერებ“ და სხვა). მეორე მსოფლიო ომის წლებში იშხნელების კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. 1949 წელს იშხნელებს მიენიჭათ საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა წოდება. 1965 წელს მარიამ იშხნელს — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1976 წელს თამარ იშხნელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. კვარტეტმა იარსება 1967 წლამდე. თამარ იშხნელი 1972 წლიდან გამოდის როგორც ქართული და ძველი რუსული რომანსების შემსრულებელი.

ისტორია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

დები იშხნელები ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან ახლოს ისტორიულ უბანში დაიბადნენ, გიორგი იშხნელის ოჯახში. თავდაპირველად, სამოყვარულო დონეზე, ოჯახის 7 წევრი უკრავდა და მღეროდა სხვადასხვა ქართულ ქალაქურ სიმღერებს. ოჯახური ანსამბლი ფართოდ იყო ცნობილი იმდროინდელ ქუთაისურ ინტელიგენციაში და საზოგადოების დიდი სიყვარულითაც სარგებლობდნენ.

კვარტეტად ჩამოყალიბება რედაქტირება

1941 წელს, ფილარმონიაში კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, ვოკალური კვარტეტად ჩამოყალიბდნენ. კვარტეტის შემადგენლობაში შევიდნენ დები: ნინო (1898–1967), თამარი (1900–199?), ზინაიდა (1902–1968) და ალექსანდრა (1904–1955) იშხნელები. 1955 წლიდან ალექსანდრა შეცვალა მისმა დამ მარიამმა (1889–1973). ანსამბლს ხელმძღვანელობდა თამარ იშხნელი. იგი რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორიცაა („არც ჰოს ამბობს, არც არას“, „შენ აყვავდი, ქართლო მეტად“, „ახალი წელი“, „არ დაიჯერებ“ და სხვა).

მეორე მსოფლიო ომის და შემდგომი პერიოდი რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის წლებში იშხნელების კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. გადმოცემით, სტალინი მათ სიმღერების ჩანაწერებს, თითქმის ყოველდღე უსმენდა. 1949 წელს იშხნელებს მიენიჭათ საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა წოდება. 1965 წელს მარიამ იშხნელს — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1976 წელს თამარ იშხნელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. კვარტეტმა იარსება 1967 წლამდე. თამარ იშხნელი 1972 წლიდან გამოდიოდა როგორც ქართული და ძველი რუსული რომანსების შემსრულებელი.

პატივგება და არქივში დაცული მასალები რედაქტირება

იმ ქუჩას ქუთაისში, სადაც მათი სახლი დგას და სადაც ისინი გაიზარდნენ, 2006 წლიდან „დები იშხნელების“ ქუჩა ჰქვია. ასევე 2006 წელს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში დაიდგა მათი ქანდაკება, სადაც მომღერალი გოგონები არიან გამოქანდაკებულნი, ხალხური საკრავებით ხელში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონოგანყოფილებაში დაცულია დები იშხნელების ვოკალური კვარტეტის სიმღერების ფონოჩანაწერები. ამ კოლექციის შესახებ ინფორმაცია ეროვნული საარქივო ფონდის ფონდებისა და კოლექციების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება.

ეროვნულ არქივის კოლექცია მოიცავს დები იშხნელების თითქმის მთელ რეპერტუარს - „სულიკო“, „ტურფავ, ტურფავ“, „მხოლოდ შენ ერთს“, „ჩემო ციცინათელა“, „ყოველ სნეულებაზე“ და სხვები. ჩანაწერები წარმოდგენილია გრამფირფიტების (1950-1979 წლები), ასევე, მაგნიტური ფირის სახით.

ფონოჩანაწერების გარდა, ეროვნული არქივში კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივში ინახება კინოდოკუმენტები: კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“ (1949 წელი); 1950 და 1964 წლებში გადაღებული კინოსიუჟეტები; 6-ნაწილი ფილმ-კონცერტი „სულიკო“ (1984 წელი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება