იულიანა საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი

იულიანა საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი (გერმ. Juliane von Sachsen-Coburg-Saalfeld), აგრეთვე ცნობილია როგორც ანა თედორეს ასული (რუს. Анна Фёдоровна; დ. 23 ივლისი, 1781, კობურგი, გერმანია — გ. 15 აგვისტო, 1860, ბერნი, შვეიცარია) — გერმანელი პრინცესა და ვეტინთა დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ პავლე I-ის უმცროსი ვაჟის, დიდ მთავარ კონსტანტინეს მეუღლე 1796-1820 წლებში.

იულიანა საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი
წოდებები
რუსეთის დიდი მთავარი
დაიბადა 23 ივლისი, 1781
კობურგი, გერმანია
გარდაიცვალა 15 აგვისტო, 1860, (79 წლის)
ბერნი, შვეიცარია
საგვარეულო ვეტინები
მეუღლე(ები) დიდი მთავარი კონსტანტინ პავლოვიჩ რომანოვი
(ქ. 1796 - განქ. 1820)
შვილ(ებ)ი ორი უკანონო შვილი
მამა ფრანცი, საქსენ-კობურგ-ზაალფელდის ჰერცოგი
დედა ავგუსტა როის-ებერსდორფელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იულიანა დაიბადა 1781 წლის 23 ივლისს კობურგში. იგი იყო საქსენ-კობურგ-ზაალფელდის ჰერცოგ ფრანცისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია ავგუსტა როის-ებერსდორფელის შუათანა ქალიშვილი. მისი მრავალი და-ძმიდან აღსანიშნავნი არიან: ბელგიის მეფე ლეოპოლდ I და კენტის ჰერცოგინია ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი, რომელთა ხაზითაც იგი დეიდად და მამიდად ერგებოდა: ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ს, მექსიკის იმპერატრიცა შარლოტ ბელგიელსა და დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას.

1793 წელს, დიდ მთავარ ალექსანდრესა და ლუიზა ბადენელის დაქორწინების შემდეგ, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-მ თავისი მეორე შვილიშვილის, დიდ მთავარ კონსტანტინესათვის დაიწყო საცოლის ძიება, რაღა თქმა უნდა ისევ გერმანიაში. ის იყო, რომ რუსეთის ელჩობა გერმანულ სამთავროებში უნდა გაეგზავნათ, რომ ნეაპოლისა და სიცილიის მეფე-დედოფალმა, ფერდინანდ I-მა და მარია კაროლინა ავსტრიელმა ეკატერინეს თავისი რომელიმე ქალიშვილი შესთავაზეს დიდი მთავრის საცოლედ. ეკატერინე მათმა შეთავაზებამ დააფიქრა, მაგრამ იტალიელი რძალი არ სურდა, რის გამოც გერმანიაში ელჩობა მაინც გააგზავნა.

 
ანა 1800 წელს.

1795 წელს, რუსი გენერალი ანდრეი ბუდბერგი გერმანულ სამთავროებში იმყოფებოდა საიდუმლო მისიით, რა დროსაც იულიანა ძალიან მოეწონა და ამის შესახებ სასწრაფოდ ამცნო ეკატერინეს. იმპერატრიცას იგი როგორც გარეგნულად, ასევე წარმომავლობით, ნათესაური კავშირებითა და განათლებით ერთობ მოეწონა, რის გამოც კობურგში რუსული ელჩობა ჩავიდა და ოფიციალურად ითხოვა მისი ხელი, რაზეც მამამისი სიხარულით დასთანხმდა.

1796 წლის იანვარში 14 წლის იულიანა დედასა და დებთან: სოფიასა და ანტუანეტასთან ერთად ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში, რათა დიდ მთავარ კონსტანტინეზე დაქორწინებულიყო, თუმცა მანამდე, იმავე წლის 2 თებერვალს იგი მართლმადიდებლად მონათლეს და ანა თედორეს ასული უწოდეს. მალევე, 1796 წლის 26 თებერვალს ანა და კონსტანტინე დაქორწინდნენ, რითაც იგი რუსეთის დიდი მთავარი გახდა.

 
ანა ფეოდოროვნა 1848 წელს.

მისი ქორწინება საშინლად უიღბლო აღმოჩნდა და ძალიან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა როგორც ქმართან, ისე მის ნათესავებთან. ამის გამო იგი მალევე დაბრუნდა გერმანიაში, თუმცა მამამთილის, იმპერატორ პავლე I-ის ბრძანებით იგი რუსეთში იძულებით დააბრუნეს. იგი ასევე იძულებით დაასწრეს თავისი მულების, ჯერ ალექსანდრას, ხოლო შემდეგ ელენას ქორწილებს. 1801 წელს, მას შემდეგ რაც იმპერატორი პავლე მოკლეს და ტახტზე ანას მაზლი, ალექსანდრე I ავიდა, ანამ მისი ნებართვით დატოვა რუსეთი და მშობლიურ გერმანიაში დაბრუნდა, საიდანაც რუსეთში აღარასოდეს ჩასულა.

მიუხედავად იმისა, რომ ანასაც და კონსტანტინესაც განქორწინება უნდოდათ, ანას დედამთილი, დედა-დედოფალი მარია ფეოდოროვნა ამის ნებას არ რთავდათ. ვინაიდან სხვა გზა არ დარჩათ, ორივე მათგანმა გააბა რომანი. 1808 წელს ანამ საყვარლისგან პირველი უკანონო ვაჟი, ედუარდ ედგარ შმიდტ-ლოივი გააჩინა. ბავშვის დაბადებამ ბზარი გააჩინა ანასა და მისი ოჯახის წევრებს შორისაც, რის გამოც იგი მისმა ძმამ, ჰერცოგმა ერნესტ I-მა კობურგიდან გააძევა.

ამის შემდეგ ანა ბერნში, შვეიცარიაში დასახლდა, სადაც ახალ მამაკაცთან გააბა რომანი და 1812 წელს მისგან მეორე უკანონო ქალიშვილი გააჩინა, სახელად ლუიზა ჰილდა აგნეს დობერი. ამ ამბიდან ორ წელიწადში, 1814 წელს ფრანგებმა ნაპოლეონის მეთაურობით მოახდინეს შვეიცარიის ანექსია, რა დროსაც ანა იძულებული გახდა გაქცეულიყო. ამ დროს მისმა ძმამ, ლეოპოლდმა, რომელიც მთელი ცხოვრება კობურგების ნათესაური კავშირების გამყარებაზე ზრუნავდა, შეეცადა, რომ ანა ქმართან, რუსეთში დაებრუნებინა, მაგრამ ამაოდ.

1820 წლის 20 მარტს, 19 წლიანი განშორების შემდეგ ანა და კონსტანტინე განქორწინდნენ, რაც იმპერატორ ალექსანდრე I-ის დახმარებით მოხდა. ამის შემდეგ კონსტანტინემ იქორწინა თავის საყვარელ იოანა გრუძინსკაზე, თუმცა დიდი მთავარი კონსტანტინე 1831 წელს, უშვილოდ გარდაიცვალა, რის შემდეგაც ანამ კიდევ 29 წელი იცოცხლა.

1835 წელს იულიანას უკანონო ვაჟი, ედუარდ ედგარი დაქორწინდა თავისი ბიძის, ჰერცოგ ერნესტ I-ის უკანონო ქალიშვილ ბერთა ფონ შოინშტაინზე. ამ დროს ანა თავის ცხოვრებაში უკანასკნელად შეხვდა თავის საყვარელ ოჯახის წევრებს. იგი 1860 წლის 15 აგვისტოს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერნში, შვეიცარიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alville (Alix von Wattenwyl), Elfenau. Die Geschichte eines bernischen Landsitzes und seiner Bewohner, Bern 1959.
  • Alville, Des cours princières aux demeures helvétiques, Lausanne 1962
  • Erika Bestenreiner: Die Frauen aus dem Hause Coburg. München: Piper 2008, ISBN 3-492-04905-2
  • Therese Bichsel: Grossfürstin Anna, Flucht vom Zarenhof in die Berner Elfenau, Bern 2012, ISBN 978-3-7296-0851-1.
  • Lucienne Hubler: Anna Feodorowna. In: Historisches Lexikon der Schweiz.