ელენა პავლეს ასული

ელენა პავლეს ასული (რუს. Елена Павловна, გერმ. Helena Pavlowna; დ. 24 დეკემბერი, 1784, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი — გ. 24 სექტემბერი, 1803, ლუდვიგშლასტი, გერმანია) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ პავლე I-ისა და იმპერატრიცა სოფია დოროთეა ვიურტემბერგელის ქალიშვილი. რუსეთის ორი იმპერატორის: ალექსანდრე I-ისა და ნიკოლოზ I-ის და. მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგინია როგორც ფრიდრიხ ლუდვიგ მეკლენბურგელის მეუღლე.

ელენა პავლეს ასული
წოდებები
რუსეთის დიდი მთავარი
მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგინია
დაიბადა 24 დეკემბერი, 1784
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გარდაიცვალა 24 სექტემბერი, 1803, (18 წლის)
ლუდვიგშლასტი, გერმანია
საგვარეულო რომანოვები
მეუღლე(ები) ფრიდრიხ ლუდვიგი, მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი
შვილ(ებ)ი პაულ ფრიდრიხი, მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი
მარია ლუიზა, საქსენ-ალტენბურგის ჰერცოგინია
მამა პეტრე I, რუსეთის იმპერატორი
დედა მარია თეოდორეს ასული
რელიგია მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელენა პავლოვნა დაიბადა 1784 წლის 24 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში. იგი იყო რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ერთადერთი ვაჟის, დიდ მთავარ პავლე პეტროვიჩისა და მისი მეორე ცოლის, სოფია დოროთეა ვიურტემბერგელის შუათანა ქალიშვილი. როგორც ცნობილია, მას სახელი ბებიის გავლენით დაარქვეს ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟის, ელენე ტროელის პატივსაცემად.

 
ელენა პავლოვნა 1796 წელს

ელენა ძალიან ახლოს იყო თავის უფროს დასთან, ალექსანდრა პავლოვნასთან, რომელთან ერთადაც იღებდა განათლებას და ემზადებოდა საზღვარგარეთ გასათხოვებლად. აღსანიშნავია, რომ დების ცხოვრება შემდგომში ძალიან ჰგავდა ერთმანეთისას.

მას შემდეგ, რაც ალექსანდრა პავლოვნა 1799 წელს ცოლად ერცჰერცოგ იოზეფ ავსტრიელს შერთეს, მშობლებმა ელენას გათხოვებაზეც დაიწყეს ფიქრი.

იმავე წლის თებერვალში ელენა პავლოვნა დანიშნეს ჰერცოგ ფრიდრიხ ლუდვიგ მეკლენბურგ-შვერინელზე, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში ჩავიდა თავისი საცოლის გასაცნობად. წყვილი მალევე დაახლოვდა, რასაც 1799 წლის 23 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში ელენა პავლოვნა რომანოვასა და ფრიდრიხ ლუდვიგ მეკლენბურგელის ქორწინება მოჰყვა.

თავისი დედისა და ბებიის წარმომავლობის გამო, ელენამ ბავშვობიდანვე კარგად იცოდა გერმანული ენაცა და წეს-ჩვეულებებიც, რის გამოც გერმანიაში გადასახლება მისთვის რთული გადასატანი არ ყოფილა.

მეკლენბურგში ჩასვლიდან მალევე, ელენამ ვაჟი გააჩინა, რასაც ორ წელიწადში გოგონაც მოჰყვა.

ელენასათვის საშინელი დარტყმა იყო ოჯახის წევრების გარდაცვალება. 1801 წლის 11 მარტს შეთქმულებმა მამამისი, იმპერატორი პავლე I მოკლეს, რასაც ამავე წლის 16 მარტს მოჰყვა ელენას საყვარელი დის, ალექსანდრას მშობიარობის დროს გარდაცვალება. შესაძლოა ითქვას, რომ ამის შემდეგ მთელი დარჩენილი ცხოვრება ელენამ გლოვაში გაატარა, რამაც ერთობ დაასუსტა მისი ორგანიზმი. ამგვარ პირობებში 1803 წლის 23 სექტემბერს მან მეორე ბავშვი გააჩინა. ეს ნამდვილი დარტყმა იყო მისთვის, რადგან მშობიარობა საშინლად გართულდა. ამის გამო, 1803 წლის 24 სექტემბერს, ბავშვის გაჩენიდან მეორე დღეს, 18 წლის ელენა პავლოვნა გარდაიცვალა.

ელენას გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე კიდევ ორჯერ დაქორწინდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი შთამომავალი იყო დანიისა და ისლანდიის მეფე კრისტიან X-ის მეუღლე, დედოფალი ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელი.

  1. პაულ ფრიდრიხი (1800-1842), მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი. ცოლად შეირთო ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის ქალიშვლი ალექსანდრინა პრუსიელი, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, თუმცა ასევე ჰყავდა ოთხი უკანონო შვილიც;
  2. მარია ლუიზა (1803-1862), ცოლად გაჰყვა საქსენ-ალტენბურგის ჰერცოგ გეორგ I-ს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hans Kenzler: Kurze Lebenszeit edel ausgefüllt. Warum Ludwigslust ein Helenen-Paulownen-Mausoleum hat in: Mecklenburg-Magazin (2006), n° 37, p. 13.
  • Alan Palmer: Alexander I., ISBN 3-453-55114-1
  • Zoe Oledenburg: Katharina II., ISBN 3-453-55018-8