ისიდორე ვარაზაშვილი

ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი (დ. 14 ნოემბერი, 1882, სოფ. მუხლი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 18 აპრილი, 1945, ურალსკი) — ქართველი სარკინიგზო საქმის სპეციალისტი, მეწარმე, პოლიტიკოსი. ივანე, გიორგი და ვასილ ვარაზაშვილების ძმა.

დაამთავრა თბილისის სარკინიგზო სასწავლებელი (1897). სხვადასხვა დროს მუშაობდა ბორჯომი–ბაკურიანის, ბაქო–ჯულფის, ერზურუმი–სარიყამიშის რკინიგზის გაყვანაზე. 1901 წელს გ. ნუცუბიძესთან ერთად ჭიათურაში დააარსა სცენის მოყვარულთა წრე. 1903 წლიდან ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში; 1904 წელს გახდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის (ესერების) წევრი; აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში ჭიათურაში, მეთაურობდა ესერთა „წითელ რაზმს“. 1906 წელს დაპატიმრებული იყო. 1909 წელს იყო ჭიათურის რკინიგზის სადგურის უფროსი. ამავე წელს დანიშნეს ჭიათურის მანგანუმის მრეწველთა საბჭოში საბაგირო გზების გამგედ. იყო სინდიკალისტთა მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე, „ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერული საზოგადოების” ერთ-ერთი გავლენიანი წევრი. 1917 წელს ეროვნულ საკითხში უთანხმოების გამო დატოვა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია და შეუერთდა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას.

1922 წელს ისიდორე ვარაზაშვილი ძმასთან, ივანესთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში, სადაც, კომერციული საქმიანობის გარდა, თანამშრომლობდა „რუსთაველის საზოგადოებასთან”. 1926 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად დააარსა თბილისის საპაიო-საგამომცემლო საზოგადოება „ქართული წიგნი”, სადაც გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული, დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის ლექსთა კრებულები, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ თარგმნილი უცხოელ კლასიკოსთა ნაწარმოებები. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის (ნეპი) დასრულების შემდეგ (XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისი), საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა ჰარიმანის კომპანიისათვის ჭიათურის მანგანუმის საბადოს ჩამორთმევა. ისიდორე ვარაზაშვილი დაინიშნა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საზოგადოების სალიკვიდაციო საბჭოს კონსულტანტად. 1930 წელს ისიდორე ვარაზაშვილი საქართველოში სამონტაჟო-სამშენებლო ტრესტს ხელმძღვანელობდა. 1935 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა ალექსანდრე წერეთელსა და რამდენიმე ადამიანთან ერთად, რომელთა შორის მისი ქალიშვილი თამარიც იყო. 1937 წელს დახვრიტეს მისი ვაჟი — ინჟინერ-მშენებელი სოსო (სოფრომ) ვარაზაშვილი. ოფიციალური ცნობით ისიდორე ვარაზიშვილი გადასახლებაში გარდაიცვალა მიოკარდიუმის ინფარქტით (შესაძლოა დახვრიტეს).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • არსენაძე თ., ბაქრაძე ს., ვარაზაშვილები // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 165.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება