ირქა
ირქა — ნასოფლარი საქართველოში, ახლანდ. ქალაქ ვალეს დასავლეთით, მდინარე ფოცხოვისწყლის მარცხენა სანაპიროზე (ახალციხის მუნიციპალიტეტი). შემორჩენილია XIII საუკუნის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი — წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია.
ირქა | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°36′49″ ჩ. გ. 42°50′40″ ა. გ. / 41.613694° ჩ. გ. 42.844583° ა. გ. |
ქვეყანა | საქართველო |
ადგილმდებარეობა | ვალე |
დეტალები
|
ირქა, როგორც სოფელი, იხსენიება ოსმალთა მიერ შედგენილ ფინანსურ დოკუმენტში — „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარში“ (1595). ის ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში (რაიონში) შედიოდა. სოფელში ცხოვრობდნენ: ენუქა კაკალასძე, ბატატა პაპუნასძე, მაცაცა პეტუნას ძე, ვარძელ შამირანისძე, გოგატა. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, ცერცვი, სელის თესლი; ჰქონდათ ხილი, კაკალი, ბოსტნები, ვენახი; ჰყავდათ ღორი, ცხვარი, ფუტკარი. სოფლის მოსახლეობა წლიურად 6 ათას ახჩას იხდიდა.[1] გადმოცემის თანახმად, აქ ირმები მოდიოდნენ და ეწირებოდნენ წმინდა გიორგის. ამიტომ ჰქვია „ირმის რქის“ ანუ „ირქის წმინდა გიორგი“.[2]
ნასოფლარის ტერიტორიაზე, მაღალი ბორცვის ბაქანზე დგას დარბაზული ეკლესია (8,3 × 5,67 მ) ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც სტილისტური ნიშნებით XIII საუკუნით თარიღდება. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ნაგებია რუხი ფერის კარგად დამუშავებული ქვით. შესასვლელი დასავლეთის კედელშია. სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში თითო ვიწრო, თაღოვანი სარკმელია. ეკლესიას საპერანგე წყობა თითქმის სრულიად შემოძარცვული აქვს. ფასადებზე შემორჩენილია პროფილირებული, ორნამენტით შემკული კარნიზის ქვა და აღმოსავლეთით ორნამენტირებული ჯვრის ფრაგმენტი. ინტერიერის კედლები კედლის თაღებით არის დამუშავებული. შემორჩენილია გაშლილი მოყვანილობის საკურთხეველი, რომლის სარკმელი ფლანკირებულია განიერი, ღრმა, მაღალი თაღოვანი ნიშებით. ჩრდილოეთ ნიშაში სამალავია მოწყობილი. კამარა 1953 წელს აღდგენილია ცემენტით. ტაძარი 2004 წელს დაუდევრადაა გადახურული თუნუქით. 2017 წელს ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11010
- გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. დიგიტალური გამოცემა. 2019. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ადგილის ID 638.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გამოსცა ს. ჯიქიამ), წგნ. II, თბ., 1941. — გვ. 59-60.
- ↑ ბერძენიშვილი დ., ჯაოშვილი ვ., ვალე // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.