ირინა ასათიანი
ბიოგრაფია
რედაქტირებაირინა ასათიანი დაიბადა თბილისში. 1982 წლიდან ცხოვრობს პარიზსა და მაიამიში. იგი სუნამოს შემოქმედია, როგორც საფრანგეთში უწოდებენ - créatrice de parfum - და ამიტომაც სუნამოს დიზაინერთა და პარფიუმერთა მიკროსამყაროში ტრიალებს. საფრანგეთში შემთხვევით აღმოჩნდა. თბილისში გაიცნო ფრანგი ქართველი, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ, დაძლიეს ყველა ბიუროკრატიული წინააღმდეგობა და დაქორწინდნენ. ასე აღმოჩნდა 22 წლის ასაკში პარიზში, ქართველ ემიგრანტთა ოჯახში. პირველი შვილის დაბადების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქართულის მასწავლებლად სორბონის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე გოგი შარაშიძესთან. ირინა ასათიანი იგონებს, რომ სტუდენტების საშუალო ასაკი 50–დან 60 წლამდე იყო, თუმცა რამდენიმე ახალგაზრდაც სწავლობდა და მათ ძალიან შეიყვარეს საქართველო და ქართული ენა. მეორე ბავშვის შეძენის შემდეგ სორბონის უნივერსიტეტში სადოქტორო დაიცვა ხელოვნების ისტორიაში. ამავე პერიოდში ჩაერთო ბიზნესში. ქართული კინოს ექსპორტისათვის ფრანგ თანადამფუძნებლებთან ერთად შექმნა ფირმა.
ბიზნესში პირველი წარმატების შემდეგ გადაწყვიტა, გაეღრმავებინა თავისი ცოდნა. გაიარა მარკეტინგისა და მენეჯმენტის კურსები და მუშაობა დაიწყო პარფიუმერულ ფირმაში. ერთ-ერთ ძველებურ ლაბორატორიაში ისწავლა სუნამოს წარმოება და ისე შეიყვარა ეს საქმე, რომ სუნამოს დიზაინერი გახდა. უკვე ოც წელზე მეტია ირინა ასათიანი ამ პროფესიას ემსახურება. 1993 წელს პარიზის მერვე უბანში ფრანგ დიზაინერთან ერთად დააარსა პარფიუმერული კომპანია, რომელიც ქმნის, აწარმოებს და დისტრიბუციას უკეთებს საკუთარ ბრენდებს მსოფლიო მასშტაბით. მისი პირველი კომპანიის პროდუქტი „Creative Parfum“ 90–იან წლებში თბილისშიც იყო ცნობილი. 2000 წლის პირველ ნახევარში ევროპამ, საუდის არაბეთმა და ამერიკამ გამოიჩინა დიდი ინტერესი და მოთხოვნა მათ პროდუქციაზე გაიზარდა. შემდეგ ჩინეთის პატენტების კონკურენციამ შეუძლებელი გახადა საფრანგეთში მუშაობა და 2007 წლიდან ამერიკაში, მაიამიში გადაიტანეს წარმოება. სუნამოს შექმნის პროცესზე ირინა დიდი აღტაცებით საუბრობს:
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ირინა ასათიანი მიხვდა, რომ ქართულად მეტყველება და აზროვნება უჭირდა. ეს მისთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. გადაწყვიტა აღედგინა მშობლიური ქართული. ყოველდღიური მეცადინეობით ეს შეძლო და დაიბადა მისი პირველი წიგნი „ფლირტი... ელექსირი“ . შემდგომ წლებში კიდევ ორი რომანი გამოსცა: „Bye, Bye, Baby...“ და „ზაფხული პარიზში“. მას ეამაყება, რომ დღეს აზროვნებს, წერს და მეტყველებს, როგორც ნამდვილი ქართველი. კიდევ ერთი სანუკვარი მიზანი აქვს — აპირებს დააარსოს პირველი ქართულ-ფრანგული პარფიუმერული კომპანია, რომელიც სუნამოებს ძველი, ნამდვილი, ტრადიციული მეთოდით დაამზადებს. ირინა ასათიანს პირველ მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს. უფროსი ვაჟი ამერიკელ ცოლსა და პატარა ქალიშვილთან ერთად მაიამიში ცხოვრობს, ცნობილი ფარმაცეფტული ლაბორატორიის დიზაინერ-პუბლიცისტია. ქალიშვილი მამასთან არის პარიზში და ბაგაში აღმზრდელად მუშაობს. მეორე მეუღლესთან ჰყავს ოცი წლის ვაჟი, რომელმაც ისე კარგად იცის საქართველოს ისტორია, რომ სკოლის პერიოდში ვიკიპედიაში დაწერილმა მისმა სტატიამ „დავით IV” ოქროს ვარსკვლავი აიღო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლილუაშვილი, სალომე. აკრძალული ჯინსებიდან ოცნების სურნელებამდე... : ირინა ასათიანი - ქართულ-ამერიკული ექსკლუზივი - "და ქალისთვის" // ...და ქალი. 2011 გვ. 54-57.
- გიორგი მაჩაბლის ფონდი // ქართული ემიგრაცია. კრ. I. / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი; გიორგი მაჩაბლის ფონდი. თბ., 2010 გვ.87
- ასათიანი, ირინა. გიორგი მაჩაბელი - პარფიუმერული წარმოების პიონერი ამერიკის შეერთებულ შტატებში // ქართული ემიგრაცია. კრ. II / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი; გიორგი მაჩაბლის ფონდი. თბ., 2011 გვ. 78-87.