ირაკლი კაკულია
ირაკლი კაკულია (დ. 28 ნოემბერი, 1911, ფოთი — გ. 1992) — ქართველი ინჟინერი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1929 წელს დაამთავრა ფოთის ინდუსტრიული ტექნიკუმი. 1932 წელს ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.
1929-1931 წლებში მუშაობდა თბილისის იარაღის შემკეთებელ ქარხანაში საამქროს უფროსის მოადგილედ. 1936-1938 წლებში ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომში კომუნალური მეურნეობის განყოფილების ინჟინრად, ფოთის ინდუსტრიულ ტექნიკუმში პედაგოგად. 1938 წლიდან მუშაობდა სამშენებლო ტრესტ „საქქარხმშენის“ სისტემაში. ხელმძღვანელობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის და „ხიდმშენის“ მთავარი სამმართველოს ქარელის სამშენებლო სამმართველოებს. 1944-1945 წლებში მობილიზებული იყო თბილისის საავიაციო ქარხნის მშენებლობაზე უბნის უფროსად. II მსოფლიო ომის შემდგომ მუშაობდა საქართველოს შრომითი რეზერვების სამინისტროს სისტემაში. იყო სამშენებლო-სამონტაჟო კანტორის მთავარი ინჟინერი, უფროსი, სანტექნიკურ სამუშაოთა სამონტაჟო ტრესტის უფროსი. 1956 წლიდან ხელმძღვანელობდა საკავშირო დაქვემდებარების საპროექტო ინსტიტუტ „ჰიდროპროექტის“ თბილისის განყოფილებას, იყო სსრკ სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ „ორგენენერგომშენის“ თბილისის ფილიალის მთავარი სპეციალისტი და განყოფილების უფროსი. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის №23 კათედრაზე ლექტორად, 1973 წლიდან ამავე კათედრის დოცენტად. ხელმძღვანელობდა ფოთის ცენტრში 12 და 20-ბინიანი საცხოვრებელი სახლების, საზაფხულო კინოთეატრის, სასტუმრო „კოლხეთის“, ნავსადგურის თანამშრომელთა საცხოვრებელი სახლისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობას. ვალე-ახალციხის მაღაროთა თბომეურნეობისა და წყალსადენ-კანალიზაციის სამონტაჟო სამუშაოებს. ავტორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა „ლაჯანურჰესის“, „ხრამჰეს II“-ის, „სიონჰესის“, „ენგურჰესის“ წარმოებისა და ორგანიზაციის პროექტების დაგეგმარებაში, მისი ავტორობით, „ენგურჰესის“ მშენებლობაზე დაბა ჯვარზენში, საქართველოში პირველად, აშენდა საცხოვრებელი სახლები უცემენტო ბლოკების გამოყენებით. გამოცემული ჰქონდა 15-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. არის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფოთის ფილიალისა და ფაზისის სახალხო აკადემიის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორთაგანი და საპატიო წევრი. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ფოთის პერსპექტიული განვითარებისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფონდის აღორძინების საქმეში.
ჯილდოები
რედაქტირება- საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 272-273