იოსებ მაჭავარიანი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსებ მაჭავარიანი.

იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი (დ. 3 ნოემბერი, 1873, ილემი, შორაპნის მაზრა — გ. 18 სექტემბერი, 1937) — ქართველი იურისტი, ნაფიცი ვექილი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

იოსებ მაჭავარიანი
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი, 1873(1873-11-03)
დაბადების ადგილი ილემი
გარდაცვალების თარიღი 18 სექტემბერი, 1937(1937-09-18) (63 წლის)
განათლება სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაასრულა პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში, თანამშრომლობდა გაზეთში „ცნობის ფურცელი“. 1909 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. მონაწილეობდა ლიტერატურულ გასამართლებებში, დ. ერისთავის პიესის „სამშობლოს“ გმირების გასამართლებაზე მის მიერ ქართულ თეატრში წარმოთქმული სიტყვა 1910 წელს დაიბეჭდა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“. რუსეთის პირველი სახალხო რევოლუციის შემდეგ დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიულ მიმდინარეობას.

1917 წლის ივნისში, ედპ-ს დამფუძნებელ ყრილობაზე, აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტისა და მისი პრეზიდიუმის წევრად, ასევე, ედპ-ს თავმჯდომარის მოადგილედ. იმავე წლის აგვისტოში როგორც ედპ-ს წარმომადგენელი, მონაწილეობდა მოსკოვის სახელმწიფო თათბირის მუშაობაში, იმავე წლის სექტემბერში დაესწრო კიევში გამართულ ერთა წარმომადგენლების ყრილობას და წარმოთქვა სიტყვა. მან ორივეგან საქართველოს პოლიტიკური უფლებების აღდგენა მოითხოვა. იოსებ მაჭავარიანი შედიოდა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს შემადგენლობაში. საბჭოს მეორე გაფართოებისას, 1918 წლის ოქტომბერში, ედპ-ს სიით გახდა ეროვნული საბჭოს წევრი, არჩეული იყო საბჭოს მუდმივმოქმედ იურიდიულ კომისიაში. 1919 წლის თებერვალში, ედპ-ს სიით, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების იურიდიული კომისიის წევრი. 1921 წლის იანვარში, ედპ-სა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, აირჩიეს გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას, 1921 წელს უცხოეთში არ გახიზნულა. სამშობლოში დარჩა და ძირითადად საადვოკატო მუშაობას ეწოდა. 1922 წელს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს. 1923 წელს სხვა ცნობილ ეროვნულ-დემოკრატებთან ერთად, აიძულეს ხელი მოეწერა დეკლარაციაზე, რომელიც პარტიის ლიკვიდაციისათვის კონფერენციის მოწვევას ითვალისწინებდა. კონფერენცია 1923 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და ედპ დაშლილად გამოაცხადა. ამის შემდეგ იოსებ მაჭავარიანი მთლიანად ჩამოშორდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 1928 წ. საიდუმლო-პოლიტიკურმა განყოფილებამ ეჭვი შეიტანა კომუნისტური ხელისუფლებისადმი იოსებ მაჭავარიანის ლოიალობაში და იგი ისევ დააპატიმრა. ძიება დიდხანს გრძელდებოდა, თუმცა არასაკმარისი ბრალდების გამო, 1934 წლის სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და გაანთავისუფლეს. 1937 წელს ხელახლა დააპატიმრეს. საქმე სსრკ სამხედრო კოლეგიამ განიხილა. ძიების საქმის შენიშვნაში აღნიშნულია: „გადის საქართველოს სახელმწიფო პოლიტსამმართველოს საიდუმლო განყოფილებაში, როგორც საგანგებო რაზმელი“. რეპრესირებულთა სია, რომელშიც შეტანილია იოსებ მაჭავარიანის გვარი და რომელთა სიკვდილით დასჯის თაობაზე თანხმობას ხელს ი. სტალინი, ვ. მოლოტოვი და ლ. კაგანოვიჩი აწერენ, 1937 წლის 10 აგვისტოთი თარიღდება. სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით, იოსებ მაჭავარიანი 1937 წლის 18 სექტემბერს დახვრიტეს. საფლავი უცნობია, არ მოიპოვება ცნობა არც მისი რებილიტირების შესახებ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება