იოანის ფაშალიდისი

იოანის ფაშალიდისი (დ. 25 ოქტომბერი, 1885, სანტა-პონტოსი, ოსმალეთი — გ. 14 მარტი, 1968, სალონიკი) — ექიმი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

იოანის ფაშალიდისი
ბერძ. Ιωάννης Πασαλίδης
რუს. Иван Георгиевич Пашалидис
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი, 1885(1885-10-25)
დაბადების ადგილი სანტა-პონტოსი
გარდაცვალების თარიღი 15 მარტი, 1968(1968-03-15) (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი სალონიკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 საბერძნეთი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იოანის (ივანე) გეორგიოს (გიორგის ძე) ფაშალიდისი (ფაშალიდი) დაიბადა 1885 წლის 25 ოქტომბერს, ოსმალეთში, სოფელ სანტა პონტოსში. 1910 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

1906 წლიდან სწავლობდა ტფილისის რუსულ გიმნაზიაში. 1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1909 წელს ცხოვრობდა და სწავლობდა ბერლინში. 1910-იანი წლებიდან ოჯახთან ერთად გადასახლდა სოხუმში, სადაც მუშაობდა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში და ეწეოდა სამედიცინო პრაქტიკას; როგორც ექიმი, მთელ დასავლეთ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1917 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. არჩეული იყო აფხაზეთის ეროვნულ საბჭოში. აქტიურად მუშაობდა საბჭოში ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკითხების გადაჭრისათვის. აფხაზეთის ეროვნული საბჭოს მიერ აღჭურვილი იყო "საგარეო ურთიერთობებში" წარმომადგენლის მანდატით. იყო ბერძნული გაზეთის (ახალი ცხოვრება) რედაქციის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში გაემგზავრა სტამბოლში. 1922 წელს მცირე ხნით ცხოვრობდა ბერლინში, სადაც განაგრძობდა სამედიცინო ცოდნის მიღებას. 1931 წელს საბერძნეთის სოციალისტური პარტიების ლიდერებთან ერთად გახდა "საბერძნეთის სოციალისტური პარტიის" დამფუძნებელი. 1951 წელს, როგორც "საბერძნეთის სოციალისტური პარტიის" წარმომადგენელი, EDA-ს "გაერთიანებული მემარცხენე დემოკრატების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე გახდა. 1952 წლიდან 1964 წლამდე ამავე პარტიის სიით იყო საბერძნეთის პარლამენტის რიგი მოწვევების წევრი. 1967 წლის 21 აპრილს საბერძნეთში სამხედრო გადატრიალებისა და "შავი პოლკოვნიკების" შვიდწლიანი დიქტატორული რეჟიმის დამყარების შემდეგ შინაპატიმრობაში ცხოვრობდა თესალონიკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 391-392.