იოანე ჩორდვანელი
ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას იოანე მთაწმიდელი (განხილვა). |
იოანე ჩორდვანელი (დ. 920 ) — ქართველი მართლმადიდებელი წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 ივლისი, ახალი სტილით — 25 ივლისი. საქართველოს სამოციქულო ეკლესია მასთან ერთად იხსენებს წმინდა ათონის მთაზე ქართველ სასულიერო მოღვაწეს გაბრიელ ქართველს.
ცხოვრება
რედაქტირებანეტარი მამა იოანე (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი) დაიბადა სამცხეში დაახ. 920 წელს. წმინდანის მამა, საქართველოს მეფის დავით კურაპალატის კარზე დაახლოებული დიდებული იყო. იოანეს ბავშვობიდანვე საუკეთესო განათლება მიაღებინეს: „სიყრმითგან თვისით განსწავლულ იყო თავისუფლისა ხელოვნებათა და გონიერ გონებითა და გულისხმისყოფითა, მეცნიერი ენისა ელინთასა და სხვათაცა ენათა ზედმიწევნულობით სწავლული და აღსავსე სიბრძნითა და შიშითა ღვთისათა“.
წმინდა იოანე მამის მაგივრად საერო სამსახურში ჩადგა. ყველა ამქვეყნიური პატივი და ბედნიერება უხვად მომადლა ღმერთმა ნეტარს: ჰყავდა ცოლ-შვილი, ჰქონდა სიმდიდრე და გარშემორტყმული იყო მოსიყვარულე და ერთგული მეგობრებითა და მეფის სიყვარულით, მაგრამ მან ქრისტეს სიყვარულის გამო დატოვა ამქვეყნიური დიდება, პატივი, ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები და ფარულად მიაშურა ლავრას დიდებულთა ოთხთა ეკლესიათა.
მამა იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. როდესაც მეფის კარზე გაიგეს იოანეს მონაზვნად აღკვეცის ამბავი, ის მამების კურთხევით საბერძნეთში გაემგზავრა და ულუმბოს მთის ერთ-ერთ მონასტერში შეუდგა მოღვაწეობას.
ამასობაში საბერძნეთის იმპერატორმა ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სანაცვლოდ, ერთგულების ნიშნად, ამ ქვეყნებიდან აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მამა იოანეს ნათესავებმა სხვებთან ერთად იოანეს ძე — ექვთიმეც მიჰგვარეს ბერძენთა მეფეს. იოანემ ეს რომ გაიგო, კონსტანტინოპოლს წავიდა და იმპერატორს გამოსთხოვა თავისი შვილი, სიმამრსაც უსაყვედურა:
„„რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილი არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ხცად არს, რომელი მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ!““
|
მამა იოანემ თავისი ძე, ყრმა ექვთიმე (ხს. 26 მაისს) წაიყვანა და რამდენიმე სხვა მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა (დაახ. 965 წელს); აქ წმინდა ათანასეს ლავრაში დაემკვიდრა და ორი წელი მორჩილებაში გაატარა.
ამ დროს წმინდა იოანესთან მივიდა ცნობილი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი (ხს. 25 ივნისს), ბერად აღიკვეცა იოანეს სახელით და წმინდა ათანასეს კურთხევით ლავრაში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.
ათანასეს ლავრას იმდენმა ქართველმა მიაშურა, რომ იოანე იძულებული გახდა, ლავრისგან მოშორებით საკუთრად ქართველებისათვის აეშენებინა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ივერიელებმა სენაკებიც ააგეს საცხოვრებლად.
ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, როცა საბერძნეთის მეფეებს, ბასილისა და კონსტანტინეს ბარდა სკლიაროსი განუდგა და ძლიერ შეავიწროვა. იმპერატორების დედამ, თეოფანიამ, წერილი გაუგზავნა ათონელ მამებს და სთხოვა, თორნიკე სასახლეში მისულიყო. თორნიკეს საერო საქმეში ჩარევა არ უნდოდა, მაგრამ, იოანესა და ათანასეს რჩევით, გამოცხადდა საბერძნეთის სამეფო კარზე და დედოფლის თხოვნით დავით კურაპალატს ეახლა საქართველოში.
დავით კურაპალატმა გაიხარა საყვარელი სპასალარის ხილვით, დედოფლის თხოვნაც შეასრულა და დამხმარე ლაშქარს თორნიკე დაუნიშნა სარდლად. ცხოვრებისაგან გადგომილ ბერს შეეშინდა ურჩობით უფალი არ გაენაწყენებინა და კვლავ სპასალარის უფლებით სათავეში ჩაუდგა ქართველთა მხედრიონს.
ღვთის შეწევნით, აჯანყებული ბარდა სკლიაროსი დამარცხდა. გამარჯვებაში ლომის წილი ქართველთა ლაშქარმა შეიტანა. ბრძოლის ველიდან წამოღებული ნადავლი, დავით კურაპალატის სურვილით, იოანე-თორნიკემ ათონის წმიდა მთაზე წაიღო. „მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი ჰყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვალად მოაქცია მშვიდობით“.
ორი ღირსეული მამის მოღვაწეობამ ისე მოამრავლა მთაწმინდაზე ქართველები, რომ წმიდა იოანემ და თორნიკემ თავს იდვეს ახალი ეკლესია-მონასტრების აშენება. სულ მალე ათონზე ორი ეკლესია აშენდა: ერთი - ღვთისმშობლისა, მეორე კი — იოანე ნათლისმცემლის სახელზე. ღირსმა მამებმა მთაწმინდის სხვა ეკლესია-მონასტრებსაც გაუწოდეს დახმარების ხელი.
ბრძოლის ველზე დაუმარცხებელმა სარდალმა და უხილავ მტერზე გამარჯვებულმა იოანე-თორნიკყოფილმა მშვიდად ჩააბარა სინანულით განწმენდილი სული უფალს.
თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ მამა იოანეს წმინდა მთაზე ჩამოვარდნილი შუღლის გამო იქ ცხოვრება გაუძნელდა და გადაწყვიტა, რამდენიმე მოწაფესთან ერთად სხვაგან წასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ბერძენთა მეფის თხოვნით ისევ ათონზე დარჩა.
მამა იოანე ნეკრესის ქარებით დაავადდა და „მრავალთა წელთა ცხედართა ზედა დავრდომილი მდებარე იყო და ფრიადთა ტკივილთა მოითმენდა“. სიკვდილის წინ მან იხმო თავისი შვილი წმიდა ექვთიმე და მონასტრის წინამძღვრობა გადააბარა. შემდეგ, როგორც უკვე წინამძღვარს, სთხოვა, შეენდო მისთვის ადამიანური სისუსტეები და დაუბარა, თავის შემდგომ გიორგისთვის (სხ. 31ივლისს) გადაეცა წინამძღვრობა, დალოცა მამები და ძმები, ნეტარი ექვთიმეც „აკურთხა... ზეგარდამოჲთა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა და მშჳდობით მას ზედა დაწვა და დაიძინა“.
ღირსმა ექვთიმემ ჯეროვანი პატივით შემოსა მამის წმინდა ცხედარი, შემდეგ კი მის საფლავზე წმინდა მთავარანგელოზთა ეკლესია ააშენა.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.