ინდური ფილოსოფია
ინდური ფილოსოფიის უძველესი პერიოდი მოიცავს საკულტო ტექსტების – ვედების განმარტების ცდას. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში ქურუმ-ბრაჰმანებმა შექმნეს ვედების სისტემური კომენტირების სკოლები, სადაც ყურადღებას იქცევდა შემდეგი ძირითადი პრობლემები: ყოფიერების ბუნება (ყოფიერება ესმოდათ, როგორც ერთიანი სულიერი არსი, რომლითაც გამსჭვალულია მთელი სამყარო), ჭეშმარიტების ბუნება და შემეცნების შესაძლებლობა, ზნეობრივი ქცევა, თავისუფლების არსი და განთავისუფლების შესაძლებლობა, ენის ფილოსოფია. ამ პრობლემატიკამ შექმნა ბრაჰმანიზმის იდეოლოგიის საფუძველი, რომელსაც შემდგომ გადმოსცემდნენ სანსკრიტულ ენაზე. ზეპირი ტექსტების სახით (ბრაჰმანები, არანიაკები და უპანიშადები). უპანიშადებში ასახულია ინდოეთის მთელი შემდგომი ფილოსოფიისათვის დამახასიათებელი შინაარსი: ყოფიერება, ჭეშმარიტება და სიკეთე, როგორც უმაღლესი მიზნები და სულიერი არსებობის ფორმები, ერთიანდება ბრაჰმანის ცნებაში, ხოლო ინდივიდუალური აზრები, სიტყვები და მოქმედებანი — ატმანის ცნებაში. იოგების პრაქტიკა განიხილება როგორც ფსიქიკური აქტივობა, რომელიც ქმნის ბრაჰმან-ატმანას შემეცნების შესაძლებლობას.
VII–IV საუკუნეებში განვითარდა ბრაჰმანურ-ვედური იდეოლოგიის საპირისპირო მიმდინარეობები, ლოკაიატა, ჯაინიზმი, ბუდიზმი და სხვ. ადრინდელ კლასობრივ პერიოდში (ძვ. წ. IV–I საუკუნეები) წარმოიშვა ორთოდოქსული ფილოსოფიური სისტემები, რომლებიც მთლიანობაში სავსებით ახასიათებდნენ ინდუიზმის იდეოლოგიის ფილოოფიურ ასპექტს. დასმულ პრობლემათაგან ყველაზე ნათლადაა წარმოდგენილი რეალიზმის პრობლემა. ყველა ეს სისტემა მეტნაკლებად აღიარებდა სულიერი ან მატერიალურ საწყისის უპირობო რეალურ არსებობას.
ფილოსოფიური განვითარების გვიანდელ, კლასობრივ პერიოდში (ახ. წ. I–VIII საუკუნეები) გამოიკვეთა ორთოდოქსულ სისტემათა ძირითადი დებულებები და განვითარდა ბუდიზმის ფილოსოფიური გვიანდელი ფორმები. შუა საუკუნეების (VIII–XVII საუკუნეები) კოლორიტული ფიგურაა შანკარა, რომელმაც სინთეზურად განავითარა ორთოდოქსული ფილოსოფიური ტრადიციები, სრულყო იგი ბუდისტური დიალექტიკის გამოყენებით. შუა საუკუნეების დასასრულს (XV–XVI საუკუნეები) ძლიერდება სინთეზური რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემების შექმნის ტენდენცია. XVIII–XIX საუკუნეებში ფილოსოფიაში ჭარბობდა რელიგიურ-იდეალისტურ ტრადიციებთან დაკავშირებული განმანათლებლური იდეები, თუმცა საზოგადოებაბა „ახალგაზრდა ბენგალი“ ცდილობდა რელიგიური რეფორმაციის იდეები შეერწყა მატერერიალურ იდეებთან. მატერიალურ იდეებს ქადაგებდა აგრეთვე აქშაი კუმარ დატი. XIX საუკუნის II ნახევარში ფილოსოფიური განვითარება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინდოეთის ეროვნული განთავისუფლების გზების ძიებასთან. ლოზუნგი „უკან, ვედებისაკენ“ უკავშირდებოდა რაციონალიზმისა და მონოთეიზმის, პიროვნების აქტიურობისა და სოციალურ პროგრესის იდეების პროპაგანდას. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში ინდურ ფილოსოფიაში ძირითად როლს თამაშობდა ს. ვივეკანანდას განმათავისუფლებლური იდეები, რომლებიც, მიუხედავად რელიგიასთან კავშირისა, ხელს უწყობდა მასების გააქტიურებას. XX საუკუნეში გავრცელდა აგრეთვე მ. განდის რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძღვრება, რომელიც იქცა ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიად (იხ. განდიზმი).
XIX საუკუნიდან დასავლეთევროპული გავლენით ჩნდება ისეთი სწავლებები, როგორიცაა მოდერნიზებული თეიზმი და პანთეიზმი (ბრაჰმო-სამაჯი, არია სამაჯი, რ. თაგორის სწავლებები, მ. განდი, არიბინდო ღოში). ინდოელმა ფილოსოფოსსმა, დევ ატმამ (1850–1929) შექმნა ფილოსოფიური ნატურალიზმის სისტემა. თანამედროვე ინდური ფილოსოფოსები (მაგ., სარვეპალი რადჰაკრიშნანი) ცდილობდნენ დაეკავშირებინათ ინდური და დასავლური ცნებები. ინდურ ლიტერატურაში საფუძველი ჩაეყარა ელენა ბლავატსკაიას სულიერ ჰიბრიდებს — თეოსოფიას (თეოლოგიური საზოგადოება 1875 წელს დაარსდა, ადგილმდებარეობა — ადიარი, მადრასის მახლობლად) და მისგან მიღებული გზებს (ანთროპოსოფია და ა. შ.), რომლებიც ეფუძნება ინდოეთის ფილოსოფიას.
1925 წელს რაბინდრანათ თაგორისა და სარვეპალი რადჰაკრიშნანის ინიციატივით შეიქმნა ინდური ფილოსოფიური კონგრესი, რომლის ყოველწლიურ სესიებზე განიხილავენ ინდური ფილოსოფიის განვითარების უმნიშვნელოვანეს პრობლემებს.
მარქსისტულ-ლენინური მსოფლმხედველობის მატარებელია ინდოეთის კომუნისტური პარტია, მარქსისტი ფილოსოფოსები იკვლევენ ინდური მატერიალიზმის, ბუდისტური ფილოსოფიის, ძველი ინდური ფილოსოფიის სისტემების, ახალი და უახლესი ინდური ფილოსოფიის, განდიზმის იდეოლოგიის არსსა და განვითარებას, აგრეთვე ინდოეთის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარების კარდინალურ პრობლემებს.
XX საუკუნის ინდური ფილოსოფიის წარმომადგენლები არიან: პულა ტირუპატი რაჯუ (1904–1992), დაია კრიშნუ (დ. 1924), პრავასა ჯივანა ჩაუდხური (1916–1961), აბდულ რაჰმანი (დ. 1923), კ. სატჩიდავანდა მურტი (დ. 1924) მარ გრეგორიოსა (1922–1996). უნდა აღინიშნოს, რომ ბევრია ისეთი თანამედროვე ინდოელი ფილოსოფოსი, რომლებიც ინდოეთის გარეთ ცხოვრობენ და მუშაობენ, მაგრამ მათ შეინარჩუნეს თავიანთი ფილოსოფიურ ტრადიციებთან მჭიდრო კავშირი. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჯიტენდრა ნათჰ მოჰანტი (დ. 1928). იგი ცნობილია, როგორც ფილოსოფო-ფენომენოლოგი და ინდური ფილოსოფიის ისტორიკოსი. დებიპრასად ჩატოპადჰიაია (1918–1993), რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უძველესი ინდური ფილოსოფიის შესწავლაში. იგი ფართოდ ცნობილია ფილოსოფოსებს შორის, რომლებიც იცავდნენ მარქსისტულ ტრადიციებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Пятигорский A. M., Maтериалы по истории индийской философии, M., 1962;
- Радхакришнан С., Индийская философия, т. 1–2, М., 1956–57.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 144.
- Литман А. Д. Современная индийская философия. — М.: Мысль, 1985.
- Шохин В. К. Древнеиндийский рационализм как предмет историко-философской науки (проблемы периодизации истории древнеиндийской мысли) // Рационалистическая традиция и современность. Индия. — М., 1988. — С. 11-45.