ინდური ლიტერატურა
ინდური ლიტერატურა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ლიტერატურაა. პირველი ლიტერატურული ძეგლი — ვედა — რელიგიური (ინდუისტური) ხასიათისაა. ძვ. წ. დაახლ. VI—V საუკუნეში დაიწყო და ახ. წ. დასაწყისში დასრულდა პოემის „მაჰაბჰარატას“ (ქართულად თარგმნილია ნაწყვეტი 1910 წელს; „ბჰაგავაგიტა“, 1963) რედაქცია სანსკრიტზე. ძვ. წ. დაახლ. IV საუკუნეში შეიქმნა პოემა „რამაიანა (ქართული თარგმანი 1897 წელს). ეს ორი პოემა მომდევნო ხანის ინდოელ მწერალთა შთაგონების წყაროდ იქცა. ძვ. წ. დაახლ. V საუკუნეში შეიქმნა ბუდისტური ლიტერატურა პრაკრიტებსა და პალიზე (შემდეგ ხანებში — სანსკრიტზე). მნიშვნელოვანი ბუდისტური თხზულებებია ჯატაკები. სანსკრიტულენოვანი ბუდისტური ლიტერატურის წარმომადგენელია აშვაგჰოშა. ძვ. წ. V საუკუნიდან იწყება ტამილური ლიტერატურის ისტორია. ახ. წ. დასაწყისიდან განვითარდა პროზა. სანსკრიტზე შეიქმნა ფოლკლორული იგავარაკების, ზღაპრებისა და მოთხრობების კრებულები: „პანჩატანტრა“, „ჰიტოპადეშა“, „ვეწალაპანჩავინშატი“ („ვეტალას ოცდახუთი მოთხრობა“, დაახლ. XI საუკუნე) და სხვ. განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ამ პერიოდში ძველმა ინდურმა დრამამ. აშვაგჰოშას, ბჰასას, კალიდასას, შუდრაკასა და სხვათა დრამებში გამოყენებულია მითოლოგიური და თანამედროვე თემატიკა. აღსანიშნავია კალიდასას „შაკუნტალა“ (ქართული თარგმანი 1966 წელს) და „მალაზიკა და აგნიმიტრა“ (ქართული თარგმანი 1973 წელს). შეიქმნა სათავგადასავლო რომანები და ლიტერატურულ-თეორიული ნაშრომები.
დაახლოებით VII საუკუნიდან იქმნება ლიტერატურა ახალ ინდურ ენებსა (იხ. ასამური ლიტერატურა, ბენგალური ლიტერატურა, გუჯარათული ლიტერატურა, ქაშმირული ლიტერატურა, მარათული ლიტერატურა, ორიას ლიტერატურა, პენჯაბური ლიტერატურა, სინდჰური ლიტერატურა. ურდა ლიტერატურა, ჰინდური ლიტერატურა) და დრავიდულ ენებზე (იხ. კანადა ლიტერატურა, მალაიალამური ლიტერატურა, ტელუგუს ლიტერატურა) ამავე დროს წარმოიშვა ავღანური (პუშტუ) და მაჰმადიანური სახელმწიფოების შექმნა და მაჰმადიანობის გავრცელებასთან ერთად, სპარსულენოვანი ლიტერატურა. აღსანიშნავია ამირ ხოსროვ დეჰლევის, ამირ ჰასან დეჰლევის (XIV საუკუნე), აბულა შაიზის (XVI საუკუნე), მირზა აბდ ალ-კადირ ბიდილის შემოქმედება.
ადრინდელ შუა საუკუნეებში ძლიერ დაქვეითდა კლასიკური სანსკრიტული ლიტერატურა. გავითარდა სახოტბო (აპაბჰრანშაზე) და რელიგიურ,-მისტიკური პოეზია. შუა საუკუნეების ინდურ ლიტერატურაში მკაფიოდ გამოიხატა ხალხურობის ტენდენციები. სანსკრიტულენოვანი ლიტერატურა არსებობას განაგრძობდა XIX საუკუნემდე. ლიტერატუის ძირითადი სახეობა იყო პოეზია, სანსკრიტზე დაწერილი რელიგიურ-ფილოსოფიური და სამეცნიერო ხასიათის პროზა გაუგებარი იყო ხალხის ფართო მასებისთვის. ლიტერატურაში დემოკრატიული იდეების დამკვიდრებას ხელს უწყობდა XII საუკუნეში წარმოქმნილი მოძღვრება ბჰაქტი (ერთგულება), რომლისის მიხედვით ყველა ადამიანი თანასწორია ღმერთის წინაშე. ამ იდეებს ქადაგებდნენ იმდროინდელი პოეტები: მარათელი ნამდევი, ბენგალელი ჩანდიდასი, ჰინდიენოვანი ქაბირი და სხვ.
შუა საუკუნეებში განვითარდა საგმირო-ეპიკური პოეზია („რასო“). XVII საუკუნის ლიტერატურა მხარს უჭერდა მოგოლთა იმპერიაში შემავალი ხალხების განმათავისუფლებელ მოძრაობას. მაჰარაშტრელი ტუკარამი (1609–1650) თავის აბჰანგებში (ჰიმნები) აგვიწერს მშრომელთა უუფლებობასა და სიღატაკეს. მარათელთა განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეური სულისჩამდგმელი იყო რამდასი (1608–1681). პენჯაბელი ხალხის ბრძოლა მოგოლების წინააღმდეგ ასახულია გოგინდ სინგჰის (1666–1708) პოეზიაში და ა. შ.
XVIII საუკუნეში ინდოეთში ინგლისელღა კოლონიზაციამ დიდი ხნით შეაჩერა ინდური ლიტერატურის განვითარება. ამ დროის პოეტების შემოქმედება შემოიზღუდა ძველი სიუჟეტების გადამღერებით.
ინდური ლიტერატურის ახალი აღორძინების ხანა დაიწყო XIX საუკუნის II ნახევრიდან. ამ დროის პროგრესული ლიტერატურარა ასახავდა ინგლისური კოლონიზაციის პოლიტიკას, მოუწოდებდა ხალხს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისაკენ. კოლონიზატორები დევნიდნენ პროგრესულად მოაზროვნე მწერლებს. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია სალიტერატურო ენის დაახლოება სასაუბრო ენასთან. ახალი ბენგალური ლიტერატურის ფუძემდებელი და ეროვნული რომანის შემქმნელი ბონკიმჩონდრო ჩოტოპადჰაი სალიტერატურო ბენგალური ენის რეფორმატორია. ბენგალური და მთელი ინდოეთის ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენე ლია რაბინდრანათ თაგორი.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ინდურ ლიტერატურაში მომხდარი მნიშვნელოვანი ძვრები ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამოძახილია. ინდურ ენებზე ითარგმნა საბჭოთა მწერლების ნაწარმოებები. მ. გორკის ზეგავლენა საგრძნობია მრავალი პროგრესული ინდოელი მწერლის შემოქმედებაში (პრემჩანდი, კრიშან ჩანდარი, მულქ რაჯ ანანდი, იაშპალი და სხვ.).
თითქმის ორი საუკუნეა, რაც არსებობს ინგლისურენოვანი ინდური ლიტერატურა. ინგლისურენოვან პუბლიცისტიკას საფუძველი ჩაუყარა რამოჰან რაიმ. პირველი ინგლისურენოვანი პოეტი იყო ჰენრი დეროზიო (1809–1831). XIX საუკუნის ინგლისურენოვანი ინდური ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ: მაიკლ მადჰუშუდონ დატი (1827–1873), რომეშ ჩანდრა დატი (1848–1909) და სხვ. XX საუკუნის მწერალთაგან გამოირჩევიან: საროჯინი ნადუ (1879–1949), კ. ს. ვენკატარამანი (1891–1952). ბჰაბანი ბჰატაჩარია (დ. 1906) და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხენკელი თ., რაბინდრანათ თაგორი, თბ., 1961;
- История индийских литератур, пер. с англ., М., 1964;
- Калиникова В. Я., Англоязычная литература Индии, M., 1974;
- ნახუცრიშვილი გრ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 144–145.