იმპერიის ტრანსანტარქტიკული ექსპედიცია
იმპერიის 1914-1917 წლების ტრანსანტარქტიკული ექსპედიცია — ანტარქტიკული აღმოჩენების გმირული ხანის უკანასკნელი დიდი ექსპედიცია. მას ერნესტ შეკლტონი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მიზნად მთლიანი ანტარქტიკული კონტინენტის გადაკვეთა დაისახა. რუალდ ამუნდსენის ექსპედიციის შემდეგ, შეკლტონის სიტყვებით, კონტინენტის გადაკვეთა „ანტარქტიკული მოგზაურობების ერთი დიდი მიზანი“ იყო.[1] ექსპედიციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა ის ცნობილი გახდა, როგორც ეპიკური ამბავი გმირობასა და გამძლეობაზე.
იმპერიის ტრანსარქტიკული ექსპედიცია | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საექსპედიციო ხომალდი — „ენდიურანსი“ | |||||||||||
| |||||||||||
შემადგენლობა | |||||||||||
56 ადამიანი, ამათგან 28 უედელის ზღვის გუნდში, ხოლო დანარჩენი - როსის ზღვის | |||||||||||
მარშრუტი | |||||||||||
„ენდიურანსის“ მოგზაურობა „ენდიურანსის“ დრეიფი დრეიფი „ენდიურანსის“ ჩაძირვის შემდეგ „ჯეიმზ კერდის“ მოგზაურობა დაგეგმილი ტრანსანტარქტიკული მარშრუტი „ავრორას“ მოგზაურობა ანტარქტიკისკენ „ავრორას“ უკან დახევა მომარაგების დეპოს მარშრუტი
| |||||||||||
დანაკარგები | |||||||||||
დაიღუპა 3 ადამიანი „ავრორას“ გუნდიდან, რომლების როსის კუნძულზე დარჩნენ, მათ შორის მეთაური ენეას მაკინტოში. |
შეკლტონს უკვე მიუღია მონაწილეობა „დისკავერის“ ექსპედიციაში და „ნიმროდის“ ექსპედიციის ხელმძღვანელიც ყოფილა. ამჯერად ის უედელის ზღვის გაცურვასა და ვასელის ყურესთან დაბანაკებას აპირებდა, სადაც გუნდი სამხრეთი პოლუსის გავლით, როსის ზღვამდე მიღწევისთვის მოეზადებოდა. ამასობაში დამხმარე როსის ზღვის რაზმი მაკმერდოს სრუტესთან დაბანაკდებოდა და როსის შელფური მყინვრების შემოვლით, ბირდმორის მყინვარისკენ გააგზავნიდა მომარაგების დეპოებს, რომლებიც უმნიშვლენოვანესები იყვნენ გუნდის გადასარჩენად, რადგანაც რაზმს გადაკვეთისთვის საჭირო რაოდენობის პროვიზიების გადაზიდვა არ შეეძლო. ექსპედიცია საჭიროებდა 2 ხომალდს: უედელის ზღვის გუნდის „ენდიურანსსა“ და როსის ზღვის გუნდის „ავრორას“.
„ენდიურანსი“ ვასელის ყურემდე მიღწევამდე უედელის ზღვის მცურავი ყინულების ტყვეობაში მოექცა. 1915 წლის ანტარქტიკული ზამთრის დროს ის ჩრდილოეთის მიმართულებით დრეიფობდა. შემდგომში გემი დაილეწა და ჩაიძირა, რის შემდეგაც რაზმს ჩრდილოეთით მოდრეიფე ყინულებზე გადასვლა, იმპროვიზირებული ბანაკების აგება და თვეების განმავლობაში იქ დარჩენა მოუწია. შემდეგ მისმა წევრებმა სამაშველო ნავებით დაუსახლებელ და არასტუმართმოყვარე სპილოს კუნძულისკენ გაცურეს. შემდგომში შეკლტონმა და მისი გუნდის კიდევ 5-მა წევრმა ნავ „ჯეიმზ კერდით“ სამხრეთ გეორგიის კუნძულს მიაღწია, რის შემდეგაც შეკლტონმა სპილოს კუნძულზე დარჩენილი გუნდის წევრების გადარჩენა შეძლო. ჩაძირულ „ენდიურანსს“ 2022 წელს მიაგნეს.
კონტინენტის მეორე მხარეს, როსის ზღვის რაზმს მიზნის მისაღწევად უამრავი სირთულის გამოვლა მოუწია. ძლიერი შტორმის შედეგად, „ავრორა“ წყალმა წაიღო, რის გამოც გუნდი მომარაგებისა და აღრუჭვილობის გარეშე დარჩა. მომარაგების დეპოების გაგზავნა მაინც მოხერხდა, თუმცა გუნდის გადარჩენამდე მისი 3 წევრი დაიღუპა.
მომზადება
რედაქტირებამიუხედავად საყოველთაო მოწონებისა, რომელიც ნიმროდის ექსპედიციის დროს შეკლტონის მიღწევებმა დაიმსახურა, მკვლევარს ეს არ ეყო. 1912 წლისთვის, მისი ანტარქტიკასთან დაკავშირებული გეგმები რობერტ სკოტის ტერა-ნოვას ექსპედიციასა და მის კონკურენტ ნორვეგიულ ექსპედიციაზე იყო დამოკიდებული. ამუნდსენის მიერ სამხრეთ პოლუსის დაპყრობაზე მან 1912 წლის 11 მარტს შეიტყო, რის შემდეგაც განაცხადა:
„სამხრეთ პოლუსის აღმოჩენა ანტარქტიკული კვლევების დასასრული არ იქნება“.[2]
ერნესტ შეკლტონი
მისი სიტყვებით, შემდეგი მიზანი „პოლუსის გადაკვეთით ტრანსკონტინეტალური მოგზაურობა“ იყო.[3] მან იცოდა, რომ ამ მიზნის მიღწევას სხვა მკვლევრებიც ცდილობდნენ.
1911 წლის 11 დეკემბერს, გერმანულმა ექსპედიციამ ვილჰელმ ფილჰნერის მეთაურობით სამხრეთ გეორგიის კუნძულიდან გაცურა, რათა უედელის ზღვაში შესულიყო და ბაზა დაეარსებინა, რომლიდანაც ის კონტინენტის გადაკვეთას შეძლებდა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, და 1912 წლის ბოლოს ფილხნერი სამხრეთ გეორგიაში დაბრუნდა.[4] თუმცა, მის მიერ ვასელის ყურეში შესაძლო გაჩერების მოხსენება შეკლტონმა შენიშნა და თავისი ექსპედიციის გეგმის მომზადებისთვის გამოიყენა.[5]
სკოტისა და მისი ექსპედიციის დაღუპვის ამბავი ლონდონმა 1913 წლის თებერვალს შეიტყო. მიუხედავად ამისა, შეკლტონმა მის მიერ შემოთავაზებული მოგზაურობისთვის მომზადების ინიციირება დაიწყო.[6] მან დახმარება მოსთხოვა გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ არჩიბალდ პრიმროუზსა და სკოტის ექსპედიციის წევრ ტრიუგვე გრანს, მაგრამ უარი მიიღო.[7]
შეკლტონმა დახმარება 1902-1904 წლების შოტლანდიური ეროვნული ანტარქტიკული ექსპედიციის ლიდერისგან, უილიამ სპირს ბრიუსისგან მიიღო, რომელიც 1908 წლიდან ანტარქტიკის გადაკვეთის გეგმას ამზადებდა, მაგრამ ფინანსირების ნაკლებობის გამო პროექტის მიტოვება მოუწია. ბრიუსმა შეკლტონს თავისი გეგმების გამოყენების უფლება მისცა,[8] თუმცა ექსპედიციის საბოლოო გეგმა ბრიუსის იდეებს დიდად არ მოიცავდა. 1913 წლის 29 დეკემბერს, შეკლტონმა ინგლისურ გაზეთ The Times-თვის განკუთვნილ წერილში ექსპედიციის გეგმა საზოგადოებას წარუდგინა.[9]
შეკლტონის გეგმა
რედაქტირებაშეკლტონმა ახალ ექსპედიციას „იმპერიის ტრანსანტარქტიკული ექსპედიცია“ უწოდა.[10] 1914 წლის დასაწყისში მან პროგრამის დეტალური ვერსია გამოსცა. ექსპედიცია 2 გუნდად იქნებოდა დაყოფილი და 2 ხომალდს გამოიყენებდა. უედელის ზღვის გუნდი ჰასელის ყურემდე ხომალდ „ენდიურანსით“ იმოგზაურებდა. ყურეზე 14 ადამიანი გადმოვიდოდა, ამათგან 6 (შეკლტონის ჩათვლით) ტრანსკონტინენტალურ გუნდს ჩამოაყალიბებდა, რომელიც 69 ძალით, 2 ციგითა და სხვა აღრუჭვილობით 2 900 კმ-ს გაივლიდა როსის ზღამდე მისაღწევად. დანარჩენი 8 წევრი სამეცნიერო სამუშაოს განახორციელებდა. 3 მათგანი გრეიამის მიწაზე, 3 ენდერბის მიწაზე, ხოლო 2 ბანაკში დარჩებოდა.[11]
კონტინენტის მეორე მხარეს განლაგებული როსის ზღვის გუნდი მაკმერდოს სრუტეში დაბანაკდებოდა. აქედან ისინი ტრანსკონტინენტალური ჯგუფის მარშრუტზე, ბირდმორის მყინვარამდე მომარაგების დეპოებს გააგზავნიდნენ. ისინი ასევე ჩაატარებდნენ გეოლოგიურ და სხვა დაკვირვებებს.[11]
დაფინანსება
რედაქტირებაშეკლტონმა დაასკვნა, რომ ექსპედიციის გეგმის უმარტივესი ვერსიის განსახორციელებლად მას 50 000 ფუნტი დასჭირდებოდა.[12] მან გადაწყვიტა, დახმარება მოეთხოვა მდიდრებისთვის, რაც 1913 წელს დაიწყო, თუმცა ამით შეკლტონმა ბევრს ვერ მიაღწია.[7] ამ მეთოდით მან წარმატებას პირველად 1913 წლის დეკემბერში მიაღწია, როდესაც ბრიტანეთის მთავრობამ მას 10 000 ფუნტი შესთავაზა, იმ პირობით, რომ შემდგომში შეკლტონი იმავე რაოდენობის თანხას კერძო წყაროებიდან შეაგროვებდა.[12] სამეფო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ, რომლისგანაც შეკლტონი არაფერს მოელოდა, მას 1 000 ფუნტი მისცა. ჰანტფორდის მიხედვით, შეკლტონმა მათ შეუთვალა, რომ ამ რაოდენობის მხოლოდ ნახევარი სჭირდებოდა.[13] ლორდ როუზბერიმ შეკლტონს 50 ფუნტი მისცა.[12]
1914 წლის თებერვალში The New York Times-მა განაცხადა, რომ სკოტის ახლო მეგობარმა და შეკლტონის მეტოქე ჯეიმზ მეთიუ ბერიმ შეკლტონს დაახლოებით 50 000 დოლარი (10 000 ფუნტი) მისცა. დადლი დოკერმა და მისმა კომპანიამ 10 000 ფუნტი გამოყო. ჯეინეტ სტენკომბპ-უილსმა ასევე გადასცა ფული შეკლტონს (რაოდენობა არ განაცხადა).[14] ივლისში შოტლანდიელმა ინდუსტრიალისტმა სერ ჯეიმზ კერდმა 24 000 ფუნტი გამოყო. შეკლტონმა შემდგომში Morning Post-ს განუცხადა:
„ეს ჩინებული საჩუქარი ყოველგვარი წუხილისგან მათავისუფლებს“.[14]
ერნესტ შეკლტონი
შეკლტონს უკვე საჭირო რაოდენობის ფული გააჩნდა. მან 14 000 ფუნტად 300 ტ-იანი ბარკენტინა „პოლარისი“ იყიდა, რომელიც ბელგიელმა მკვლევარმა ადრიენ დე ჟელაშმა შპიცბერგენის ექსპედიციისთვის ააგო. ექსპედიცია ჩაიშალა და გემი გაიყიდა.[15] შეკლტონმა მას სახელი „ენდიურანსზე“ შეუცვალა, რაც მისი ოჯახის დევიზს უკავშირდებოდა.[12] კიდევ 2 300 ფუნტად შეკლტონმა დაგლას მოუსონის საექსპედიციო ხომალდი „ავრორა“ შეიძინა, რომელიც ჰობარტში, ტასმანიაში იმყოფებოდა. შემდგომში ის როსის ზღვის გუნდის ხომალდი გახდა.[11]
შეკლტონის მიერ შეგროვებული ფულის ზუსტი რაოდენობა (Daily Mail-ს შეფასებით, რაოდენობა დაახლოებით 80 000 ფუნტს შეადგენდა)[16] უცნობია, რადგანაც ასევე უცნობია სტენკომპ-უილსის მიერ გამოყოფილი ფულის ოდენობა. ფული შეკლტონისთვის მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც მან ეკონომიის მიზნით როსის ზღვის გუნდისთვის განკუთვნილი ფულის ოდენობა შეამცირა, რაც გუნდის მეთაურმა ენეას მაკინტოშმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ავსტრალიაში ჩავიდა და მუშაობა დაიწყო.[17] მაკინტოშს ფულისა და მომარაგეობის დამატების თხოვნა მოუწია, რათა ექსპედიციის მისი ნაწილის განხორციელება შესაძლებელი გამხდარიყო.[18] თუმცა, შეკლტონმა ექსპედიციის შემოსავლიანობის პოტენციალი გაიაზრა. მან Daily Chronicle-ს ექსპედიციაზე გაზეთების სტატიების წერის ექსკლუზიური უფლება მისცა და იმპერიის ტრანსანტარქტიკული ფილმების სინდიკატი ჩამოაყალიბა, რომელსაც გადაღების უფლება მისცა.[19]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Shackleton 1919, p. xi.
- ↑ Huntford 1975, p. 50.
- ↑ Huntford 1975, p. 350.
- ↑ Murphy pp. 87–102.
- ↑ Shackleton 1919, p. 2.
- ↑ Smith 2015, p. 252.
- ↑ 7.0 7.1 Huntford 1975, pp. 355–358.
- ↑ Huntford 1975, p. 367.
- ↑ Huntford 1975, pp. 362–363.
- ↑ Fisher 1957, p. 298.
- ↑ 11.0 11.1 11.2 Shackleton 1919, pp. xii–xv.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 Fisher 1957, pp. 306–307.
- ↑ Huntford 1975, p. 369.
- ↑ 14.0 14.1 Huntford 1975, pp. 375–377.
- ↑ Huntford 1975, p. 370.
- ↑ Fisher 1957, p. 306.
- ↑ Tyler-Lewis 2006, pp. 34–35.
- ↑ Tyler-Lewis 2006, pp. 41–48.
- ↑ Alexander 1998, p. 10.