თბილისის ილია ვეკუას სახელობის სკოლა

(გადამისამართდა გვერდიდან ილია ვეკუას სახელობის სკოლა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეკუა.

ილია ვეკუას სახელობის სკოლა, 42-ე სკოლა (სრული სახელწოდება — აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42–ე საჯარო სკოლა[1]) — საჯარო სკოლა თბილისში, სადაც გაძლიერებული პროგრამით ისწავლება ფიზიკა-მათემატიკური საგნები და განკუთვნილია მოსწავლეთათვის, ვინც მათ მიმართ ინტერესით და მიდრეკილებით გამოირჩევა.

სკოლა დაარსდა 1950 წელს. თავდაპირველად იგი ჩვეულებრივ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა იყო. 1962 წლიდან მათემატიკოსების — დავით კვესელავას, ფილიმონ ხარშილაძისა და ნინო ვადაჭკორიას (სკოლის მათემატიკის პედაგოგების) და ფიზიკოს აპოლონ კალატოზიშვილის (იმხანად — სკოლის დირექტორის) ინიციატივით, დაიწყო ნიადაგის მზადება ფიზიკა-მათემატიკური პროფილის კლასის გასახსნელად, რაც განხორციელდა 1963-64 სასწავლო წლებში. 1966 წელს სკოლას მიენიჭა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელი (მეცნიერის სიცოცხლეშივე). ილია ვეკუასა და მათემატიკის გამოთვლითი ცენტრის მეცადინეობით, შესაძლებელი გახდა 1982 წელს სკოლისათვის სპეციალური, ფიზიკა-მათემატიკური სკოლის სტატუსის მინიჭება[2].

სკოლაში ჩარიცხვა ხორციელდება გამოცდების საფუძველზე. მიღება თავდაპირველად წარმოებდა მე-8 , 1992 წლიდან კი — უკვე მე-7 კლასიდან [3]. სწავლება თავდაპირველად იყო ორენოვანი და მიმდინარეობდა როგორც ქართულ- ისე რუსულენოვან სექტორებზე. სკოლაში მოქმედებდა უცხო ენის საგნის დიფერენცირებული სწავლება (ინგლისურ- გერმანულ- და ფრანგულენოვანი ჯგუფები).

90-იან წლებში სკოლაში სწავლა გახდა ფასიანი და ცალკე გამოიყო გაძლიერებული ქიმია-ბიოლოგიური, ჰუმანიტარული, ეკონომიკური პროფილის ჯგუფები, სადაც სწავლება სპეციფიკური პროგრამით მიმდინარეობდა და სასწავლო გადასახადიც უფრო მაღალი იყო. ამგვარმა სისტემამ რამდენიმე წლის განმავლობაში იმოქმედა. 2000-იანი წლებიდან სკოლაში სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაც მოხდა: გაუქმდა რუსულენოვანი სექტორი, 2007 წელს სკოლას გაუუქმდა სპეციალური, "ფიზიკა-მათემატიკური" სკოლის სტატუსიც და ეწოდა "42-ე საჯარო სკოლა" [4]. 2010 წელს, განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განკარგულებით, სკოლას დაუბრუნდა ძველი სახელწოდება და სწავლების მიმართულება [5], რაც განმეორებით იურიდიულად დაამტკიცა 2016 წელს მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, როდესაც სკოლას მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსიც [4].

სკოლა მდებარეობს ჩაიკოვსკის ქუჩაზე და ითვლის 800-ზე მეტ მდე მოსწავლესა და 50–მდე მასწავლებელს[6][7]. 2016 წლის ინფორმაციით, სკოლის მასწავლებლებიდან 6-ს ჰქონდა წამყვანის სტატუსი [8]. სწავლება მიმდინარეობს მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით. მოქმედებს "საშაბათო სკოლა" მათემატიკით დაინტერესებული უმცროსკლასელებისათვის.

სკოლის მოსწავლეები წლების განმავლობაში წარმატებით ასპარეზობენ სასკოლო საერთაშორისო ოლიმპიადებზე ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში, როგორც პირად, ისე - გუნდურ დონეზე და გამოირჩევიან მაღალი მოსწრებით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე [5]. მოქმედებს მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომელიც ორგანიზებას უწევს მოსწავლეთა სხვადასხვა აქტივობას. ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო კონფერენციები სხვადასხვა საგანში.

”შენ ამ სკოლაში მასპინძელი ხარ და არა სტუმარი. გაუფრთხილდი მშობლიური სკოლის ღირსებას."